ნახევარფაბრიკატები მხოლოდ –18C-ზე ინახება სათანადოდ – ტექნოლოგის რჩევები გაყინული პროდუქტის შენახვასა და მომზადებაზე
სწრაფი, მარტივი, გემრიელი – ეს ნახევარფაბრიკატებია, რომელიც თანამედროვე ცხოვრების სტილში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, უამრავი თავსატეხი და გამოწვევა, ცოტა დრო და ბევრი საქმე – სწორედ ასეთია თანამედროვე ადამიანის ცხოვრება და ამანაც განაპირობა ადვილად მოსამზადებელ ნახევარფაბრიკატებზე ძალიან დიდი მოთხოვნა.
თუმცა საინტერესოა ერთი ფაქტიც – ნახევრად მზა პროდუქციის შექმნა და რეალიზაცია მე–20 საუკუნეში არ დაწყებულა. მექსიკაში, ჯერ კიდევ აცტეკების ტომები ამზადებდნენ მზა პროდუქციას, რომელიც გადაადგილების დროს მიჰქონდათ და მირთმევამდე მხოლოდ წყლის დამატება იყო საჭირო.
ნახევარფაბრიკატების დამზადების ტექნოლოგია განსაკუთრებით განვითარდა და დაიხვეწა გასულ საუკუნეში. საქართველოში ნახევარფაბრიკატების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი „ნიკორას“ შვილობილი ბრენდი „მზარეულია“. ამ პროდუქტების განსაკუთრებული აქტუალობისა და პოპულარობიდან გამომდინარე, შენახვისა და მომზადების შესახებ რჩევებისთვის „ნიკორას“ მთავარ ტექნოლოგს ნანა პერტენავას მივმართეთ.
• გაყინული ნახევარფაბრიკატები მაღაზიიდან სახლამდე მიტანის პერიოდში არ უნდა გადნეს და დარბილდეს. ზაფხულში ტანსპორტირებისთვის მაქსიმალური დრო ნახევარი საათია, ზამთარში კი – 2 საათი.
• ნახევარფაბრიკატები აუცილებლად –18C-ზე უნდა ინახებოდეს. პროდუქცია შეიძლება გაყინული მოგეჩვენოთ –5C ან –15C–ზეც, მაგრამ ასე მისი შენახვის პირობები დარღვეული იქნება და პროდუქციის შენახვის ვადა საგრძნობლად შემცირდება. ამიტომ აკონტროლეთ, რომ საყინულეში ტემპერატურა –18C-ზე ნაკლები არ იყოს.
• გაყინულ ნახევარფაბრიკატებს მომზადებამდე გადნობა არ სჭირდება. თუ მას უმაცივროდ გააჩერებთ, დარბილდება და ერთმანეთს მიეწებება. მიწებებული კი შეწვის ან მოხარშვის დროს დაიხევა.
• ნახევარფაბრიკატების შეწვის ან მოხარშვისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ გაყინულ პროდუქტს მომზადებისთვის 2–3 წუთით უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე გაუყინავს.
• ადუღებულ წყალში გაყინული ნახევარფარიკატების ჩაყრის შემდეგ წყლის ტემპერატურა საგრძნობლად ეცემა. ამიტომ ცეცხლს უნდა ავუწიოთ, რომ წყალი ხელახლა სწრაფად წამოდუღდეს. ამის შემდეგ ჩაუწიეთ ცეცხლს და ადუღეთ პროდუქტი საშუალო ცეცხლზე იმდენი წუთი, რამდენიც მისი მომზადების ინსტრუქციაშია მითითებული.
• გაყინული ხორციანი ბლინი უნდა მოათავსოთ გაცხელებულ ცხიმიან ტაფაზე და შეწვათ ორივე მხრიდან საშუალო ცეცხლზე 2-3 წუთის განმავლობაში. თავზე დაფარება საჭირო არაა. ის თერმულად დამუშავებული ხორცისგანაა დამზადებული და ტაფაზე მოსამზადებლად დიდი დროც არ სჭირდება. შეცხელება და მობრაწვა საკმარისია.
• გაყინული კოტლეტი უნდა მოათავსოთ გაცხელებულ ცხიმიან ტაფაზე და შეწვათ 7–10 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე თავდახურულ მდგომარეობაში. თავსახურის დაფარება საჭიროა, რომ სითბომ შიგნით შეაღწიოს და ცივი არ დარჩეს.
• გაყინული ხინკალი უნდა ჩაყაროთ ადუღებულ მარილიან წყალში, სასურველია ხინკლის კუჭი ქვემოთ იყოს მიმართული, რაც პროდუქტს ჩაშლისგან დაიცავს. ხარშეთ ადუღებიდან 7–10 წუთის განმავლობაში. თუ დიდი ზომის ხინკალია შეიძლება 11 წუთიც დასჭირდეს. ხინკალი თავღია ქვაბში უნდა მოიხარშოს.
• პელმენი და ვარენიკიც ადუღებულ მარილიან წყალში უნდა მოათავსოთ. პელმენს ადუღებიდან 7–8 წუთი სჭირდება მოსამზადებლად, ვარენიკს კი 6–7 წუთი.