გაციების საწინააღმდეგო 3 საშემოდგომო სასმელი, რომლებიც უნდა ჩაინიშნოთ
შემოდგომის ცივ დღეებში, რა სჯობს ბუხრის წინ, მოქანავე სავარძელში მოკალათებას ცხელი, არომატული ჩაის ფინჯნით ხელში... ბუხარი, რა თქმა უნდა, შესაძლოა არც იყოს, მაგრამ ჩაიზე ხომ ყველას მიგვიწვდება ხელი?
შემოდგომა კი სწორედ ის სეზონია, ყველაზე მეტად რომ გვჭირდება სხვადასხვა მცენარეული ჩაი. ისინი არა მარტო გემრიელია, არამედ სამკურნალო-პროფილაქტიკური თვისებებითაც გამოირჩევიან.
ჯანჯაფილის (კოჭას) ჩაი გაციებასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამოცდილი საშუალებაა. ის ორგანიზმს ათბობს, აქვს მატონიზირებელი ეფექტი, გამოდევნის ტოქსინებს და აძლიერებს იმუნიტეტს. გარდა ამისა, ჯანჯაფილის ჩაი ტვინში სისხლის მიწოდებას და აქედან გამომდინარე მეხსიერებას აუმჯობესებს, უხდება სახის კანსაც.
1 ლიტრ მდუღარე წყალზე დაგჭირდებათ 3 ს.კ დაჭრილი ან გახეხილი ჯანჯაფილის ფესვი. დააყენეთ 3-5 წუთი, გადაწურეთ, დაამატეთ თაფლი, ლიმონის ან ფორთოხლის წვენი (ან ნაჭრები) . შეგიძლიათ დაამატოთ პიტნაც.
იმუნიტეტის გასაძლიერებლად კიდევ ერთი კარგი საშუალებაა ასკილის ჩაი. ის ებრძვის გაციებას და ანთებით პროცესებს. მის მოსამზადებლად, 5-6 ს.კ დანაყილ მშრალ ნაყოფს დაასხით ადუღებული 1 ლ წყალი და 10 წუთი დააყენეთ. შემდეგ გადაწურეთ, დაამატეთ 2-3 ს.კ თაფლი და ლიმონის წვენი.
არომატული ცაცხვის ჩაი გაციებისას ნამდვილი ელექსირია: ის ანთების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი ამოსახველებელი საშუალებაა. ამიტომ , მისი მიღება რეკომენდირებულია გაციებისას, რომელსაც მაღალი ტემპერატურაც ახლავს. ცაცხვის ჩაი უძილობასთან ბრძოლის კარგი საშუალებაცაა, თუმცა მისი მიღება დიდი დოზით არ ღირს, რადგან ნერვულ სისტემას აღაგზნებს.
ცაცხვის ჩაის მოსამზადებლად , 1 ლიტრ წყალზე საჭიროა მეოთხედი ჭიქა ცაცხვის ყვავილი, 2 ჩ.კ მწვანე ჩაი და თაფლი. ჩაი ფაიფურის ან კერამიკის ჭურჭელში უნდა დააყენოთ, წყალი კი 90-95 გრადუსზი უნდა იყოს და არა მდუღარე. ჭურჭელში ჯერ ცაცხვის ყვავილები ჩაყარეთ, დაასხით წყალი და 15 წუთი დააყენეთ, ჩაამატეთ მწვანე ჩაი, 10 წუთში კი გაწურეთ და დაამატეთ ლიმონი და თაფლი. თუ ჩაის ბოლომდე ვერ დალევთ, გადაღვრა არ ღირს: გაყინეთ და შემდეგ ამ ყინულით გაიწმინდეთ სახე - კანი ხავერდოვანი გახდება, ჩაქრება ანთებითი პროცესები.