3 ტონა სიმინდი, 1 ტონა თხილი... - ნახეთ ცნობილი მსახიობის პანდემიისას დაწყებული მეურნეობა სამეგრელოში
მარჯანიშვილის თეატრის მსახიობ ეკა მჟავანაძის წარმატებული საქმიანობის შესახებ ბევრმა იცის. ის ტელესერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" კასტინგმენეჯერიც გახლავთ. პანდემიამ ჩვენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. უსაქმოდ აღმოჩნდნენ მსახიობები, რეჟისორები, მაგრამ მათგან ბევრმა გამოსავალი იპოვა და სხვადასხვა საქმეს მიჰყო ხელი. ქალბატონმა ეკამ სოფელს მიაშურა და სამეურნეო საქმიანობა წამოიწყო. არცთუ ცუდი შედეგების მიუხედავად, თავს დამწყებ მეურნეს უწოდებს, საუბარს კი იმ წინაპრების შესახებ თხრობით იწყებს, ვის ნაბოძებ მამულშიც ახლა ის და მისი ოჯახი საქმიანობს.
- დედა დადიანის ქალი იყო, წარმოშობით ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმედან. 1937 წლამდე იქ ბევრი დადიანი ცხოვრობდა, რომლებიც კაცია დადიანის შთამომავლებად იწოდებოდნენ. მერე ზოგი დახვრიტეს, ზოგი გაასახლეს. ჩემი დიდი ბაბუა გუჯუ დადიანი ხაბუმეში დარჩა. გლეხებს უყვარდათ. სწორედ მათ შეიფარეს და რეპრესიებსაც გადაარჩინეს. კი გადარჩა, მაგრამ გაჭირვებულად ცხოვრობდა, რადგან ყველაფერი წაართვეს. მისი ერთი ქალიშვილი იყო დედაჩემი. მე და ჩემს დებს ძალიან გვიყვარს ჩვენი წინაპრების სოფელი. მადლიანი ეზოა, სადაც შვილები, შვილიშვილები ზაფხულში ხშირად ვიკრიბებით.
- როგორც გავიგე, შარშან ამ დროს სოფელში წახვედით და სამეურნეო საქმიანობა წამოიწყეთ.
- ჩემი სამსახურის გამო სოფელში ხშირად ვერ ჩავდიოდი, პანდემიამ კი ამ ყველაფერს ბიძგი მისცა. ხაბუმეში სიმინდის მოსავალი, ყოველთვის მოდიოდა. შარშან მეც დავთესე სიმინდი და სამი ტონა ავიღე. მაქვს თხილის ბაღიც. შედარებით ახალი ნერგებია, რამდენიმე წლის წინ დავრგეთ, მაგრამ უკვე ტონამდე თხილს ვიღებთ.
- ჩანს, მიწა დიდი გაქვთ...
- ის ნაკვეთებიც დავიბრუნეთ, რომლებიც დედაჩემს 90-იან წლებში ჰქონდა. ჩემმა შვილმა სანდრომ შეისყიდა და ერთ-ერთ ნაკვეთში 2019 წელს მოცვი გავაშენეთ პროექტის - "დანერგე მომავალი"" - დახმარებით. კენკროვან კულტურებზე 100%-იანი გრანტი იყო, რომელშიც შედიოდა ნერგები, წვეთოვანი სისტემა და მულჩირება. ეს ყველაფერი ნახევარ ჰექტარზე დაგვიფინანსეს და მოცვის გასახარებლად ზრუნვაც დავიწყეთ.