როგორ მოვამზადოთ 3 კერძი ერთი ქათმისგან
ქათმის კერძი ყველა ნაციონალურ სამზარეულოშია, რადგან ქათამი - ეს არის ფრინველი, რომელსაც ყველაზე ხშირად ამზადებენ. გამოცდილმა დიასახლისმა იცის, როგორ მოამზადოს ეკონომიურად გემრიელი კერძი. ამ სტატიაში ძალიან პრაქტიკულ რჩევას გაგიზიარებთ და გასწავლით, თუ როგორ უნდა მოამზადოთ სამი სხვადასხვა კერძი ერთი ქათმით.
მაშ, ასე!
აიღეთ 1,5-1,8 კგ. ნედლი ქათამი და დაჭერით. კარკასი და ფრთის პატარა ნაწილები ცალკე გადადეთ. მათზე საკმარისი რაოდენობის ხორცია, რომ თუნდაც 1 ლიტრი რაოდენობის გემრიელი წვნიანი მოამზადოთ.
შეგიძლიათ სამივე რეცეპტი ერთ დღეს მოამზადოთ, ან შეინახოთ ზოგიერთი ნაწილები მაცივარში და სხვა დროს გამოიყენოთ. ჩვენ ქართული წარმოების „ნოსტეს“ ნედლ ქათამს გირჩევთ, რადგან ის განსაკუთრებით გემრიელია
1. ჩიხირთმა
ინგრედიენტები:
• ქათმის კარკასი, ფრთების პატარა ნაწილები.
• კვერცხი 2 ცალი
• ფქვილი 1 ს/კ
• დაფნის ფოთოლი 2 ცალი
• ხახვი 2 თავი
• ქინძი ერთი ძირი
• ძმარი (პორციაზე 1 ს/კ.)
• მარილი, წიწაკა გემოვნებით
მომზადება:
1. ჩიხირთმა ტრადიციული ქართული წვნიანია, რომელიც განსაკუთრებით ნაბახუსევზე უყვართ. მოხარშეთ ქათმის კარკასი და ფრთის ნაწილები 1,5 ლიტრ წყალში. წვენში ჩაახარშეთ 2 ცალი დაფნის ფოთოლი და პატარა თავი ხახვი. როდესაც ხორცი კარგად მოიხარშება, ამოიღეთ და გააცალკევეთ ძვლებისგან. ბულიონი ბადე-საწურში გადაწურეთ.
2. ქვაბში, კარაქში მოშუშეთ 1 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი, დააყარეთ 1 სავსე ს/კ. ფქვილი და ნელ ცეცხლზე გამუდმებით ურიეთ. როდესაც გაოქროსფერდება, დაასხით გადაწურული ბულიონი და კარგად მოურიეთ, რომ ფქვილი ბოლომდე გაიხსნას.
3. როდესაც ბულიონი წამოდუღდება, დაუწიეთ ცეცხლს. ცალკე ჯამში გათქვიფეთ 2 ცალი კვერცხი და ძალიან წვრილ ზოლად ჩაასხით ბულიონში. გამუდმებით ურიეთ, რომ კვერცხი არ აგეჭრათ. რომ წამოდუღდება, ჩაყარეთ ქათმის ხორცი, რომელიც კარკასისგან გამოარჩიეთ და გამორთეთ ცეცხლი.
4. დაუმატეთ ჩიხირთმას მარილი და დაჭრილი ქინძი. მირთმევის წინ, დაუმატეთ ცოტა ძმარი (გემოვნებით).
2. სალათი ქათმის მკერდით, კარტოფილით, კვერცხით და ყველით
ამ გემრიელი სალათის მოსამზადებლად გამოიყენეთ ქათმის მკერდი.
დაგჭირდებათ:
• ხახვი 1 ცალი
• შაქარი 2 ჩ/კ.
• ძმარი 9% 1 ს/კ.
• ქათმის ფილე 250 გრ.
• კვერცხი 4 ცალი
• კარტოფილი 2-3 ცალი
• მაიონეზი გემოვნებით
• მარილი გემოვნებით
მომზადება:
1. ხახვი დაჭერით წვრილად, დაუმატეთ შაქარი და ძმარი. დაასხით მდუღარე წყალი, აურიეთ და გააჩერეთ, სანამ ბოლომდე არ გაცივდება.
2. ქათამი, კვერცხი და კარტოფილი მოხარშეთ და გააციეთ.
3. ფილე დაჭერით პატარა ნაჭრებად. კვერცხის ცილა და გული ცალ-ცალკე გახეხეთ წვრილ სახეხზე, ხოლო კარტოფილი და ყველი - მსხვილზე.
4. სალათი ააწყვეთ შემდეგი თანმიმდევრობით: ქათამი, ხახვის მარინადი (სითხის გარეშე, კარტოფილი, კვერცხის გული, ყველი, კვერცხის ცილა. ფენებს შორის, ქათამს, კარტოფილს და ყველს გაუკეთეთ მაიონეზის ბადე. ფენებს მარილი გემოვნებით მოაყარეთ. მორთეთ მწვანილით.
გემრიელად მიირთვით!
3. ქათამი ტაფაზე - აფხაზურად
ინგრედიენტები:
• ქათმის 2 ფრთა (ძირიანად), 2 ბარკალი, 2 ბარკლის ძირი
• 1 ჩ/კ. დაფქული პაპრიკა
• 1 საშუალო ზომის ხახვი
• 1 ტკბილი ბულგარული წიწაკა
• 1 საშუალო ზომის სტაფილო
• 1 დიდი მწიფე პომიდორი
• 2-3 კბილი ნიორი
• 1 ძირი ქინძი
• მცენარეული ზეთი
• მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება:
ქათმის ფრთებს, ბარკლებს და ბარკლის ძირს წაუსვით მარილი, პილპილი, პაპრიკა და წითელი დაღერღილი წიწაკა. დაიცადეთ 10 წთ, რომ სანელებლები შეიწოვოს ხორცმა.
გააცხელეთ სქელძირიანი ტაფა, დადეთ ქათმის ნაწილები და შეწვით საშუალო ცეცხლზე, ორივე მხრიდან (ბოლომდე არ დაბრაწოთ).
გაფცქვენით ხახვი და სტაფილო. ბულგარული წიწაკა შუაზე გაჭერით, ამოუღეთ გული და თესლი. ყველაფერი წვრილ ზოლებად დაჭერით. ჩაყარეთ ტაფაში, დაახურეთ თავსახური და ჩაშუშეთ 20 წთ. დროდადრო ურიეთ. საჭიროებისამებრ, დაუმატეთ ცხიმი.
პომიდორი დაჭერით ნაჭრებად. ნიორი გაფცქვენით, დაჭყლიტეთ და შემდეგ წვრილად დაკეპეთ. წვრილად დაჭერით ქინძიც.
ტაფაში დაუმატეთ პომიდორი და ოდნავ მარილი მოაყარეთ. დაახურეთ თავსახური, რომ პომიდორმა წვენი გამოუშვას და ადუღდეს.
გამორთეთ ცეცხლი, კერძს დაუმატეთ ნიორი და მწვანილი. აურიეთ და მიირთვით.