„ერთადერთი პროდუქტია, რომელსაც ორგანიზმი თითქმის მთლიანად შეითვისებს“ - გაიგეთ სიმართლე გოგლი-მოგლის შესახებ - Gemrielia.ge

„ერთადერთი პროდუქტია, რომელსაც ორგანიზმი თითქმის მთლიანად შეითვისებს“ - გაიგეთ სიმართლე გოგლი-მოგლის შესახებ

როცა რაიმე გემრიელი სასმელი მოგინდებათ, გაიხსენეთ ჩვენი ბავშვობის დესერტი - გემრიელი გოგლი-მოგლი!  ის უამრავ ქვეყანაშია პოპულარული და არა მხოლოდ გემოს გამო - გოგლი - მოგლი სამკურნალო სასმელია.


როგორც ვიცით, გოგლი-მოგლი უმი კვერცხის გულით და შაქრით მზადდება, თუმცა მსოფლიოში მისი სხვა, უფრო მრავალფეროვანი რეცეპტებიც არსებობს. მას ამატებენ ვანილს, რძეს, კაკაოს, ალკოჰოლს, თაფლს, ხილის წვენებს ან პიურეს...

გოგლი-მოგლი ძალიან სასარგებლო სასმელია. უმი კვერცხი ერთადერთი პროდუქტია, რომელსაც ორგანიზმი თითქმის მთლიანად შეითვისებს. ის მდიდარია ვიტამინებით, მიკროელემენტებით, ამინომჟავებით. კლასიკური გოგლი-მოგლი სასარგებლოა გაციებისა და ყელის ტკივილის დროს. მას თვით ექიმი აიბოლიტი უმზადებდა თავის პაციენტებს :) თუ ანგინის დროს ბავშვი წამლებზე უარს ამბობს, შეგვიძლია ამ გემრიელი სასმლით ვუმკურნალოთ. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ კვერცხზე ალერგიულობა და რაც მთავარია - კვერცხი ახალი და საღი უნდა იყოს, თუ ნაჭუჭს ბზარები აქვს ან შიგთავსს შემღვრეული ფერი - ნუ გამოვიყენებთ!
ანგინისა და ყელის ტკივილის დროს უებარია ასეთი გოგლი-მოგლი: კვერცხის გული გავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავამატოთ ცხელი რძე, 1 ჩაის კოვზი კაკაო, თაფლი და ცოტა კონიაკი. თუ ბავშვისთვის  ვაკეთებთ, კონიაკს მოვაკლებთ. მისი მიღება უმჯობესია უზმოზე, ჭამამდე 20 წუთით ადრე.


პოლონელები გოგლი-მოგლს მარწყვით ან ჟოლოთი ამზადებენ, ცოტა ლიმონის წვენსაც ამატებენ, ბოლოს კი ცალკე ათქვეფილ ცილას ურევენ. არსებობს ყავიანი გოგლი მოგლიც: ჭიქაში ჯერ ცხელ რძეს ასხამენ, შემდეგ ფრთხილად ამატებენ მზა ყავას, შემდეგ გოგლი-მოგლს და ბოლოს ათქვეფილ ცილას ადებენ. ასეთი კოქტეილი მორევის გარეშე უნდა მივირთვათ.

გოგლი-მოგლის გარდაქმნაში წვლილი ბარმენებმაც შეიტანეს და მისგან სხვადასხვა კოქტეილებს ამზადებენ. მაში ამატებენ კონიაკს, ბრენდის, რომს, ღვინოს და ა.შ. ყველაზე ცნობილია ჰოლანდიური კოქტეილი "ადვოკატი".