„ჩემმა ბებომ ასე მასწავლა“ - სააღდგომო კვერცხების შეღებვის ტრადიციული მეთოდი ჟურნალ „გემრიელიას“ რედაქტორისგან
ახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და ვაგრძელებთ ჩვენი მკითხველისთვის პასკებისა და სააღდგომო სუფრის სხვა აუცილებელი კერძების რეცეპტების გაზიარებას. დღეს კი შემოგთავაზებთ კვერცხების შეღებვის ტრადიციულ მეთოდს, რომლის წყალობითაც ერთგვაროვანი, ლამაზი და დახვეწილი ფერის სააღდგომო კვერცხები გამოგივათ.
1. ვრეცხავ კვერცხს ძალიან კარგად, ჯაგრისით, რადგან, თუ კარგად არაა გარეცხილი, ფერი შეიძლება არ დაჯდეს.
2. ენდროს ვრეცხავ, ვჩეჩქვავ კარგად. კარადიდან გამომაქვს ხახვის ნაფცქვენი, რომელიც მესამე ან მეოთხე ცდაზე შევაგროვე და არ გადამიყარეს.
3. ძველ ქვაბში ვფენ ბამბის თხელ ტილოს, რომელიც გადასაგდებად არ მენანება. რატომ? - იმიტომ, რომ კვერცხები არ მიეხეთქოს ძირს და არ დაიმტვრეს.
4. ქვაბში ვათავსებ ხახვის ნაფცქვენს, ენდროს, ვასხამ 2 კონაზე დაახლოებით 4 ლიტრ წყალს, ვუმატებ 1 ს.კ. ძმარს (ფერს ამაგრებს), მარილს (ადვილად იფცქვენა კვერცხი) და თავდახურულს ვადუღებ 20-30 წთ.
5. საღებავს ვაცივებ, შიგ ვაწყობ კვერცხებს და კვლავ ვდგამ ცეცხლზე და ვხარშავ კვერცხს 15 წუთის განმავლობაში.
6. კვერცხს ვავლებ ცივ წყალს გაგრილებამდე, შემდეგ ვამშრალებ და სურვილისამებრ, ზეთით ვაპრიალებ.
რჩევა:
თუ მეორე პარტია კვერცხის შეღებვას გადაწყვეტთ, ჯობს, რომ შეაგრილოთ სითხე, ჩააწყოთ კვერცხები და ისე მოხარშოთ, რომ არ დაიბზაროს.
ქეთევან ადეიშვილი