ჯარიმა სიხარბისთვის -ახალი გადასახადი რესტორნებში - Gemrielia.ge

ჯარიმა სიხარბისთვის -ახალი გადასახადი რესტორნებში

დააკვირდით, იმაზე მეტს ხომ არ უკვეთავთ რესტორნებში, ვიდრე ჭამა შეგიძლიათ? თუ ასეა, ფრთხილად იყავით, შესაძლოა დაგაჯარიმონ!

ჯერჯერობით ეს ახალი გადასახადი ქართული რესტორნების კლიენტებს არ ემუქრებათ. თუმცა ბევრ ქვეყანაში უკვე მოქმედებს. პირველად ჰონკონგში შემოიღეს, შემდეგ ეს იდეა აშშ-ის რესტორნების ნაწილმაც გაიზიარა და მენიუშიც ჩაწერა (მართალია, წვრილი შრიფტით), რომ ყოველი შეუჭმელი კერძის ღირებულების 30%-ს ჯარიმის სახით გადაიხდიდით.

ბოლო დროს ევროპულმა რესტორნებმაც დაამკვიდრა ახალი წესი. მაგალითად, ვილნიუსის ჩინურ რესტორანში, კლიენტებს თუ ადრე ფიქსირებულ ფასად დიდი თეფში შეეძლოთ  გაევსოთ საჭმლით, ახლა ჯერ კარგად ფიქრობენ, შეძლებენ თუ არა ამდენის ჭამას. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმის გადახდა მოუწევთ. რესტორნის მეპატრონის თქმით, ეს წესი  ეკონომიის გამო კი არ შემოიღო, არამედ საჭმლისადმი პატივისცემის გამო. თუმცა კლიენტები ხშირად თავდაცვით ზომებს მიმართავენ და დარჩენილ საკვებს ხან  ხელსახოცების ქვეშ მალავენ, ხან იატაკზე ყრიან.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ  ჯარიმა მხოლოდ ყველაზე თვალხარბ კლიენტებს ეხებათ და ორიოდე დარჩენილი ლუკმისთვის არავის აჯარიმებენ.

ასეთი ჯარიმების პრაქტიკა ვილნიუსის რესტორნების ასოციაციამ უკვე განიხილა. მათ ჯერჯერობით უჭირთ თქმა, დამკვიდრდება თუ არა ეს წესი ყველა რესტორანში. მიუხედავად ყველაფრისა, კლიენტებს მოუწოდებენ, მეტი პატივისცემა გამოიჩინონ საკვების მიმართ. კვლევების თანახმად, პლანეტის მოსახლეობა საკვების 1/3 -ს ნაგავში ყრის მაშინ, როდესაც სწორედ ამდენივეს აწარმოებს აფრიკის მთლიანი კონტინენტი! გაეროს მიერ შექმნილი ორგანიზაცია save food იგივე მიზანს ისახავს - გამოუმუშავოს ადამიანებს მეტი პასუხისმგებლობა და პატივისცემა საკვების მიმართ.