17 აპრილიდან „ფორმულაზე“ კულინარიული პროექტი „სამზარეულოს ომები“ იწყება! - Gemrielia.ge

17 აპრილიდან „ფორმულაზე“ კულინარიული პროექტი „სამზარეულოს ომები“ იწყება!

17 აპრილიდან ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი კულინარიული პროექტი - „სამზარეულოს ომები“ - ახალი სეზონით ბრუნდება! ეს ამ პროექტის მეორე სეზონია, თუმცა ამჯერად შთამბეჭდავ კულინარიულ შერკინებას ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ვიხილავთ. როგორც პროექტის შემოქმედებითი გუნდი აღნიშნავს, ეს სეზონი ბევრი კუთხით იქნება გამორჩეული.

 

„სამზარეულოს ომების“ ახალი სეზონის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ის არის, რომ მაყურებლები მხოლოდ ქართულ კერძებს იხილავენ. პროექტის შემოქმედებითმა გუნდმა ეს გადაწყვეტილება ბევრი მიზეზის გამო მიიღო. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქართული კერძების პოპულარიზაცია და მაყურებლისთვის მათი სხვა კუთხით დანახებაა. გარდა ამისა, პროექტის მონაწილეები ქართველი მაყურებლისთვის ნაცნობ კერძებს ნაცნობი ინგრედიენტებით, მხოლოდ გამორჩეული ვარიაციებით, მოამზადებენ, რაც მოყვარულ კულინარებს მათს სახლში მომზადებას გაუმარტივებს.

 


როგორც ტელეკომპანია „ფორმულას“ ფროდაქშენ განყოფილების ხელმძღვანელი თათუკა ნარტყოშვილი აღნიშნავს, „სამზარეულოს ომების“ ეს სეზონი მასშტაბური კასტინგით დაიწყო: „სტუდიაში მოვიწვიეთ 40 წყვილი, რომლებსაც ჟიურის გულის მოსაგებად სულ რაღაც 30 წუთი ჰქონდათ. პროექტის ჟიურის ორ წევრს მაყურებელი კარგად იცნობს, ყველაზე „სახალხო შეფი“ - გურამ ბაღდოშვილი და „ბოკუზ დორ საქართველოს“ პრეზიდენტი, ბრენდ შეფი - მიშა ავსაჯანიშვილი, ხოლო ჟიურის მესამე წევრის ვინაობას მაყურებელი 17 აპრილს გაიგებს. მცირე ინფორმაციას გაგიმხელთ და გეტყვით, რომ იგი ესპანეთში მოღვაწე ძალიან წარმატებული შეფია. ვფიქრობ, პროექტში მისი გამოჩენა „სამზარეულოს ომებს“ კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს, თანაც ის აუცილებლად მოიგებს ქალბატონების გულებს,“ - აღნიშნავს თათუკა ნარტყოშვილი.

 


უკვე ცნობილია „სამზარეულოს ომების“ მონაწილეთა ვინაობა. აღსანიშნავია, რომ პროექტში ბედს არაერთი ცნობილი სახე ცდის, რაც მაყურებელმა უკვე იცის „სამზარეულოს ომების“ ფეისბუკგვერდიდან და თიზერებიდან, მაგრამ მოიპოვებენ თუ არა ისინი ადგილს საფინალო ათეულში, ამას მალე გავიგებთ.

 

შეგახსენებთ, „სამზარეულოს ომები“ ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ შექმნილი ორიგინალური ქართული კულინარიული მეგაპროექტია, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით უკვე არაერთი გულშემატკივარი და ერთგული მაყურებელი ჰყავს.

 

„სამზარეულოს ომები“ 17 აპრილიდან ყოველ შაბათს, 22:30 საათზე „ჩემი ცოლის დაქალების“ დასრულებისთანავე გავა „ფორმულას“ ეთერში.