სანელებლების მაგიური თვისებები - Gemrielia.ge

სანელებლების მაგიური თვისებები



როზმარინი, ბეგქონდარა, სალბი, ორეგანო, მაიორანი, ბაზილიკი და სხვა ხმელთაშუაზღვისპირეთისთვის დამახასიათებელი მცენარეები  ძლიერ ანტიოქსიდანტებს შეიცავს. ისინი ანეიტრალებენ კანცეროგენულ ნივთიერებებს, რომელიც ზეთის წვის დროს წარმოიქმნება. გარდა ამისა, თავად ზეთს და კერძს არაჩვეულებრივ გემოსა და არომატს ანიჭებს.

GEMRIELIA

ხმელთაშუაზღვისპირეთში გავრცელებული ბაზილიკი რეჰანის ერთ-ერთი ქვე-სახეობაა. მისი მონათესავეა იისფერი რეჰანი და ჩვენში გავრცელებული შაშკვლავი. ბაზილიკის ფოთლები უფრო მომრგვალებულია და შედარებით ნაზი არომატით ხასიათდება. ნედლ მცენარეში ბევრი A ვიტამინია, ასევე შეიცავს მაგნიუმს, კალიუმს, რკინას.

GEMRIELIA

მაიორანი და ორეგანო სურნელოვანი მცენარეებია, რომელიც წარმატებით გამოიყენება, როგორც ნედლი, ასევე
ხმელი სახით. ორივე მათგანი უხდება ბოსტნეულის, ქათმის, თევზის კერძებს.

ტარხუნის ხსენებაზე ბევრს ჩაქაფული გაახსენდება, ბევრს ლიმონათი. და მართლაც, ეს მცენარე ერთნაირად უხდება  სალათებს,  ხორცეულს, ფრინველს და სასმელებს.

ზაფრანა (შაფრანი) მსოფლიოში ყველაზე ძვირი  სანელებელია  და ხშირად სამეფო სანელებელსაც უწოდებენ. მას კროკუსის ყვავილებიდან აგროვებენ. ყოველ ყვავილს სამი ულვაში აქვს, რომელსაც ადრიან დილით აგროვებენ.  1 კილოგრამი შაფრანისთვის ასობით ათასი ყვავილის დამუშავებაა საჭირო. შაფრანი დადებითად მოქმედებს საჭმლისმომნელებელ სისტემაზე, გულზე და აქვეითებს ქოლესტერინის დონეს.

GEMRIELIA

ძალიან სასარგებლოა ოხრახუში - შეიცავს უამრავ ვიტამინს, მიკროელემენტებს, დადებითად მოქმედებს საჭმლისმომნელებელ სისტემაზე და ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს გამოდევნის.

ცხარე წითელი წიწაკა დიდი რაოდენობით ეთერზეთებს  და ვიტამინებს P, B1, B2, C შეიცავს. ხასიათდება ანტიბაქტერიული თვისებებით, აღვიძებს მადას. 

GEMRIELIA

დარიჩინი გამოირჩევა თბილი და ძლიერი არომატით, რაც მასში შემავალი ეთერზეთების დამსახურებაა. ეს ეთერზეთები ფარმაცევტიკაში, აგრეთვე პარფიუმერიული და კოსმეტიკური პროდუქციის წარმოებისთვის გამოიყენება.

ჩვენთან, ისევე როგორც ევროპაში, დარიჩინს ძირითადად ტკბილეულში, ნამცხვრებში ვიყენებთ, მაგრამ აფრიკისა და აზიის ქვეყნებში ხორცეულისა და ფრინველის კერძებშიც ამატებენ. საყოველთაოდ ცნობილია დარიჩინისა და ვაშლის შეხამება. ეს სანელებელი მართლაც განუმეორებელ გემოს აძლევს ვაშლის ნამცხვრებს, შტრუდელებს. მისი დამატება რეკომენდებულია კომპოტებშიც _ ვაშლის, მსხლის, ქლიავის კომპოტი ამით უფრო არომატული და გემრიელი გახდება.

სცადეთ დარიჩინი ბრინჯის ჩირებიან და ქიშმიშებიან ტკბილ ფლავთან ერთად, შეგიძლიათ ცოტა ფორთოხლის ცედრაც დაამატოთ.


ზამთრის სიცივეს დაგავიწყებთ ცხელი ღვინის სასმელი დარიჩინით  - გლინტვეინი.

დაფქული დარიჩინი კერძს ბოლოს უნდა დავამატოთ, რადგან ჩხირებისგან განსხვავებით, ის თერმულ დამუშავებას ვერ იტანს და მწარდება.

ბადიანი, ანუ ვარსკვლავა ანისი, ევროპაში საკონდიტრო სანელებლად ითვლება. მას ასევე ამატებენ კომპოტებში: მსხლის, ვაშლის, გრეიფრუტის, ქლიავის...  ასევე მურაბებში - მისი წყალობით დიდხანს ინახება და არ შაქრდება. არაჩვეულებრივ არომატს ანიჭებს გლინტვეინს, გროგს, ლიქიორს, პუნშს, კისელს. გურმანები განსაკუთრებით აფასებენ შავ ჩაის ბადიანით. აღმოსავლეთში კი ეს სანელებელი ხორცეულთანაც იხმარება. მაგალითად, ჩინეთში მას ამატებენ ბოსტნეულის,  ღორის, იხვის და ქათმის  ხორცის კერძებს.

ბადიანი არ უხდება თევზს, შეიძლება მისი გემო გააფუჭოს კიდეც. ზოგადად, ეს ძალიან არომატული სანელებელია და მცირე დოზებით მოიხმარენ.

ბადიანის ჩაი სასარგებლოა ხველის დროს. ეს სანელებელი ხელს უწობს პერისტალტიკის გაუმჯობესებას, აქვს ანტისპაზმური და ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები.

GEMRIELIA