„ვიპოვეთ აგრაფინა ბებოს პასკის რეცეპტი, რომელზეც მთელი დასავლეთი საქართველო გიჟდებოდა“ - 3 დის მიერ კარანტინში შექმნილი საკონდიტრო - Gemrielia.ge

„ვიპოვეთ აგრაფინა ბებოს პასკის რეცეპტი, რომელზეც მთელი დასავლეთი საქართველო გიჟდებოდა“ - 3 დის მიერ კარანტინში შექმნილი საკონდიტრო

პანდემიის დაწყებიდან უკვე წელიწადზე მეტი გავიდა. კარანტინმა, შიშმა თუ მოწყენილობამ ბევრ ადამიანს აქამდე უცნობი ნიჭი აღმოაჩენინა და ახალი საქმე დააწყებინა. სწორედ პანდემია აღმოჩნდა ბიძგი სამი დისთვის - ნინის, თათუსა და მარიამისთვის - რომ საკუთარი საკონდიტრო გაეხსნათ და კარანტინი როგორც თავიანთი ოჯახისთვის, ასევე ტკბილეულის მოყვარულებისთვის, გაეფერადებინათ.

 

Tarteria Online Bakery-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნინი თაბაგარი, იხსენებს, თუ როგორ შექმნეს 1 წლის წინ საკუთარი საკონდიტრო მხოლოდ 2 დღეში, რა სირთულეები შეხვდათ და როგორ შეძლეს მათთან გამკლავება. აღსანიშნავია, რომ ნინი საკონდიტროზე არ გაჩერებულა და ცოტა ხნის წინ მეგობართან ერთად იუთუბარხი „სახელოსნო“ შექმნა, სადაც მაყურებელს DIY (Do It Yourself) ვიდეოებს უზიარებს და გვარწმუნებს, თუ რამდენად მარტივი და მოსახერხებელია სხვადასხვა ნივთის საკუთარი ხელით დამზადება.

 

 

-    როგორ გაჩნდა საკონდიტროს შექმნის იდეა?

 

-    ერთ მშვენიერ დღეს ნაკლებად მშვენიერ ვითარებაში გავიღვიძეთ და აღმოვაჩინეთ, რომ დილის რუტინული თავის მოწესრიგების შემდეგ ვერ მივდივართ ვერც სამსახურში, ვერც მეგობართან, ვერც შეხვედრებზე, ვერც პაემნებზე... მოკლედ, ყველანი დავრჩით სახლში. ჩვენი დიდი ოჯახიდან გამომდინარე, ფსიქოლოგიურ სირთულეებთან გამკლავება არ გაგვჭირვებია; რამდენიმე დღეში გაირკვა, რომ კარანტინის პერიოდი ჩვენს დიდ ოჯახს დეპრესიულ-იმპრესიული განწყობა კარის ღრიჭოდან კი არა, ჰაერში გავრცელებული ბაქტერიიდანაც ვერ მოეპარა. 

 

მუდმივი მხიარულება და ერთმანეთში ემოციების თანაზიარობამ კიდევ უფრო შეგვაკავშირა. ჩემი დის, თათუს, საყვარელი საქმიანობა - კულინარია - კი იმ ადამიანების გუნება განწყობილების გამოსაჯანსაღებელ ინსტრუმენტად ვაქციეთ, რომელთაც ნელ-ნელა უკვე სახლში ჯდომა თავს აბეზრებდა. სწორედ ასეთ რთულ პერიოდში დავიწყეთ საკუთარი სიტკბოს გაზიარება მათთვის და დისტანციური მოკითხვა ყუთზე წარწერით „ყველაფერი კარგად იქნება, #დარჩისახლში“.

 

 

-    რა სირთულეები შეგხვდათ საკონდიტროს გახსნის პირველ ეტაპზე?

 

-    ყველაფერი სწრაფად უნდა გაგვეკეთებინა. ზუსტად 2 დღეში შევქმენით Tarteria Online Bakery, 15 წთ-ში შეიქმნა ლოგო, გაკეთდა გვერდები სოციალურ ქსელში. პირველი შეკვეთების მიღებისთანავე გაგვიათმაგდა პასუხისმგებლობა და ემოციები, შემდეგ კი გაათასმაგდა, რადგან მოულოდნელად აიკრძალა მსუბუქი ავტომანქანების გადაადგილება. წარმოიდგინეთ, 25 მისამართზე გვქონდა 1 დღეში შეკვეთები დასარიგებელი და უცებ აღმოჩნდა, რომ ამისთვის მხოლოდ რამდენიმე საათი გვაქვს... არ დაგვიკარგავს რწმენა, რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს და დანებებაზე არც გვიფიქრია. ზუსტად 1 საათში ქუჩაში გადავუდექი მოპედს, რომელსაც ვეუბნები: „შენ ხარ ციდან მოვლენილი მხსნელი, უნდა გადაგვარჩინო ჩვენ და ჩვენი ტკბილეული“. თან ზურგზე მოკიდებულ ყუთს ვუხსნი და ვუდებ ჩვენს ხაჭოს პასკას, რომელსაც თავზე კარამელი ადნებოდა და ძალიან მალე უნდა მისულიყო ერთ-ერთ გურმანთან. ცისფერთვალება მოპედისტი გაოგნებული მიყურებდა და სიცილისგან თავს ვერ იკავებდა, უცებ-უცებ მივეცი მისამართი, საკონტაქტო ნომერი და გავუყენე გზას... ამ დღიდან ეს ბიჭი ჩვენი კურიერი გახდა და შევარქვით ოქროს ბიჭი, რომელიც ასე შემთხვევით ვიპოვეთ... მის გარდა Tarteria Online Bakery უკვე ძლიან ბევრ ოქროს ადამიანს ითვლის, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ გვერდში დგომის და მხარდაჭერის ფასი არაფერია ამ ქვეყანაზე...

 

 

-    მომხმარებლის გამოხმაურება როგორია?

 

-    ძალიან დადებითი. თითოეული შემკვეთის უკუკავშირი უდიდეს ძალასა და ენერგიას გვაძლევს. ბევრჯერ ღამეები გაგვითენებია, რომ დილიდან დაგვეწყო დესერტების დარიგება. ხან დაბადების დღეები იყო, ხან იმ ემიგრანტების შეკვეთები, რომლებისთვისაც დისტანცია არაფერს ცვლის და დიდი სითბოთი და სიყვარულით გვიკვეთავენ ახლობლებისთვის, ოჯახის წევრებისა თუ შეყვარებულებისთვის დესერტებს. მიტანილი არ გვაქვს, უკვე მადლობებით გვავსებენ, რომ დავეხმარეთ მოკითხვაში და სიტკბოს გაზიარებაში. ეს ყველაფერი მართლაც იმხელა მოტივაციაა ჩვენთვის, რომ თითოეული გათენებული ღამე ამ ემოციების მისაღებად ნამდვილად ღირს.

 

 

-    რით იყო და არის თქვენი საკონდიტრო გამორჩეული?

 

-    ახლა ყველაზე აქტუალური ხაჭოს პასკაა - ცნობილი აგრაფინა ბებიის რეცეპტით, რომელზეც მთელი დასავლეთი საქართველო გიჟდებოდა და სააღდგომოდ სტუმარი არ დარჩებოდა ამ მხარეში, მისი პასკა რომ არ გაესინჯა; მხოლოდ ბოლოს გაამხილა საიდუმლო: „ბებია, აფერი იმნაირობა არ აქვს, უბრალოდ დიდი გულით ვაკეთებო“. მთლად მაგაზეც არ ყოფილა, თურმე. რეცეპტის ჩანაწერი მისი ნაჩუქარი წიგნის შიდა ყდაზე აღმოაჩინა ჩემმა დამ - წიგნი პოეზიის უზარმაზარი კრებული იყო და „დიდი გული“ ერქვა.... ეს გემოები გავაცოცხლეთ და დღემდე ყველაზე სასიამოვნო რეაქცია, რაც არის ჩვენი გურმანებისგან, ზუსტად ტარტერიის კონცეფციას უსვამს ხაზს - გვეუბნებიან: ისეთი გემრიელია, რომ ბავშვობის გემოს მახსენებსო... 

 

ამ გემოს გაგრძელება იყო ზაფხულში შექმნილი ნაყინის ტორტი, რამაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ჩვენს მომხმარებლებში; ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ის გრადაციები, რომლებიც ჩვენს საკონდიტროს აქვს - სეზონების მიხედვით ვქმნით ახალ დესერტებს. მაგალითად, რთველის პერიოდში და საახალწლოდ მეტად პირჩასაკოკლოზინებელი ფელამუშის ტორტი დავამატეთ. ასევე გვაქვს ერთადერთი და განუმეორებელი ნადუღის ტარტი, რომელზეც ბევრს უთქვამს: ზოგადად ნადუღს არ ვჭამ, მაგრამ ეს სულ სხვაა, სულ მინდა ვჭამოო. ჩვენთვის ეს შეფასებები არის და იქნება ყველაზე მთავარი, რაც მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. ვცდილობთ ახალ-ახალი გემოები შევქმნათ და რაც მთავარია, ის უმაღლესი ხარისხი შევინარჩუნოთ, რის გამოც Tarteria Online Bakery ჩვენს მომხმარებელს ყველაზე მეტად უყვარს.

 

 

-    საკონდიტროს მართვის გარდა კიდევ რით ხართ დები დაკავებულები?

 

-    Tarteria Online Bakery-ის მთავარი ფუსფუსი იწყება საღამოს, მანამდე კი მთელ დღეს ჩვენ-ჩვენს სამსახურს ვუთმობთ. თათუ ტოპ მენეჯერია ერთ-ერთ სადაზღვეო კომპანიაში, მარიამი - მევენახეობა-მეღვინეობის კურსის სტუდენტი, მე კი კომუნიკაციების სპეციალისტი ვარ. სამივეს ძალიან ბევრი გამოწვევა შეგვხვედრია ცხოვრებაში, თუმცა მუდამ ვცილობთ, რომ ეს გამოწვევები კარგ შესაძლებლობებად გარდავქნათ. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი გამოწვევაა ვლოგი „სახელოსნო“, რომელიც ნოდო ჯავახიშვილის იდეა იყო და თათა იობიძესთან ერთად მიმყავს. ვფიქრობ ძალიან საინტერესო ამბები გველოდება წინ.