ხაჭოს პასკის რეცეპტი და რამდენიმე ხრიკი მის მოსამზადებლად + იდეები გასაფორმებლად - Gemrielia.ge

ხაჭოს პასკის რეცეპტი და რამდენიმე ხრიკი მის მოსამზადებლად + იდეები გასაფორმებლად

ტრადიციული პასკის პარალელურად, სააღდგომოდ ძალიან პოპულარულია ხაჭოს პასკაც. ხაჭო უძველესი საკვები პროდუქტია. ისტორიულად ვიცით, რომ ძველ რომში გაზაფხულს ხაჭოს კერძებით ხვდებოდნენ. ის სიახლის სიმბოლო იყო. აღდგომაც სიახლის, ახლის დასაწყისის დღესასწაულია და ალბათ, სწორედ ამიტომ მიიჩნევა ხაჭოს პასკა სააღდგომო კერძად. „ნიკორას“ შვილობილი კომპანია, რძის პროდუქტების საწარმო „დღის“ წარმოგიდგენთ ხაჭოს პასკის რეცეპტს, რომელიც სააღდგომოდ აუცილებლად უნდა გააკეთოთ.

 

ინგრედიენტები:

 

ხაჭო „დღის“ – 1 კგ.

20%-იანი არაჟანი „დღის“ – 400 გრ.

82,5 %-იანი კარაქი „დღის“ – 200 გრ.

კვერცხის გული - 3 ც.

შაქარი 400 გრ.

ფორთოხლის ცედრა - 1 ჩ.კ.

ლაიმის ცედრა - 1 ჩ.კ.

ჩირი, ქიშმიში - 200 გრ.

ნუში, ნიგოზი, თხილი - 100 გრ.

 

 

მომზადება:

 

ხაჭოს პასკის მოსამზადებლად დაწურული ხაჭოა საჭირო, ამიტომ ის მთელი ღამის განმავლობაში მარლაში გახვეული, დაკიდებულ მდგომარეობაში დატოვეთ. უმაცივროდ დატოვებულ ხაჭოს ცოტა გემოც შეეცვლება, რაც საბოლოო პროდუქტს კიდევ უფრო არომატულს გახდის.

 

მეორე დღეს, როდესაც უკვე პასკის მომზადებას დაიწყებთ, ხაჭო ხორცის მანქანაში გაატარეთ.ეს ხაჭოს სიფაფუკეს შესძენს.

 

ცალკე თასში მიქსერით ათქვიფეთ კვერცხის გული და დაამატეთ შაქარი. შემდეგ აურიეთ არაჟანი. ამასობაში დაბალ ცეცხლზე გაადნეთ კარაქი ისე, რომ ადუღებამდე არ მიიყვანოთ და ბლენდერით შეათქვიფავთ არსებულ მასას. კარაქიცა და არაჟანიც უნდა იყოს ცხიმიანი, რაც პასკას სიგლუვეს ანიჭებს. ცხიმი სხვადასხვა ინგრედიენტს გემოების გამოტანაშიც დაეხმარება. 

 

შემდეგ ჩაახეხეთ ფორთოხლისა და ლაიმის ცედრა. სურვილისამებრ, დაამატეთ დარიჩინიც. ხაჭო, მიღებული მასა და მშრალი ინგრედიენტები (თხილეული და ჩირი, რომელსაც თქვენი გემოვნებით აარჩევთ) აურიეთ ერთმანეთს და ფრთხილად გათქვიფეთ მიქსერით. დაამატეთ ცოტა ვანილიც. ბევრი თქვეფა არ სჭირდება, რომ ხაჭომ თავისი სტრუქტურა შეინარჩუნოს. 

 

საბოლოოდ, მიღებული მასა სპეციალურ ფორმებში მოათავსეთ. ხაჭოს პასკას სხვადასხვა ფორმას აძლევენ ხოლმე. თუ მაღალი ფორმის პასკა გინდათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ არაჟნის ან მაწვნის ქილა, რომელსაც წინასწარ ძირს მოაჭრით. თუ გინდათ, რომ პასკას პრიალა ზედაპირი არ ჰქონდეს, ღრმა თეფშზე დააფინეთ რამდენიმე პირი მარლა და მასზე მოათავსეთ მიღებული მასა. 

 

ფორმებში მოთავსებული პასკა მთელი ღამის განმავლობაში დატოვეთ მაცივარში. მეორე დღეს კი ფორმებიდან ამოიღეთ და მორთეთ თქვენი გემოვნების შესაბამისად. 

 

 

რამდენიმე ხრიკი განსაკუთრებული ხაჭოს პასკის მოსამზადებლად:

 

•    კვერცხისა და შაქრის გათქვეფის დროს დაამატეთ ცოტა მარილი.

•    თუ გსურთ, რომ პასკაში ხაჭოს მსხვილი ნაწილები არ იყოს, ხორცის მანქანაში ორჯერ ან სამჯერ გაატარეთ. ასე პასკა უფრო ფაფუკი გამოვა.

•    რაც უფრო ცხიმიან არაჟანსა და კარაქს გამოიყენებთ, მით უფრო სასიამოვნო სტრუქტურა ექნება პასკას.

•    კარაქი შეგიძლიათ არ გაადნოთ და დარბილებული შეათქვიფოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ბევრად მეტი დრო დაგჭირდებათ ასათქვეფად. გამდნარი კარაქის შეთქვეფით დროს მოიგებთ.

•    ფორთხოლისა და ლაიმის ცედრის გახეხვის დროს ფრთხილად იყავით, რომ კანის თეთრი ნაწილი არ შეგიყვეთ. საჭიროა მხოლოდ მწვანე და ნარინჯისფერი შეფერილობის, თხელი კანი.