„ხატისპური რატომღაც პასკის ქართული სახელი ჰგონიათ, არამც და არამც!“ - ეთნოგრაფის განმარტება - Gemrielia.ge

„ხატისპური რატომღაც პასკის ქართული სახელი ჰგონიათ, არამც და არამც!“ - ეთნოგრაფის განმარტება

ხატისპური - ეს კეთილხმოვანი სიტყვა რატომღაც პასკის ქართული სახელი ჰგონიათ. არამც და არამც, მკითხველო!

 

პასკა - გოლგოთის სიმბოლოა თავისი ფორმით, ტკბილია, მისი სახელწოდება ებრაული „პასექიდან“ მოდის.

 

ხატისპური - მრგვალი, მარილიანი ერბოთი შემზადებული ქადაა, ჯვარ-ხატთა სადიდებელი დღესასწაულების სარიტუალო დანიშნულების.

 

პასკა მეტაფორაა წამების, უფლის ძის ადამიანთათვის თავშეწირვის და ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ დამკვიდრდა საქართველოში.

 

ხატისპური ფორმით და ზედ აღბეჭდილი ბორჯღალით მზისა და სავსე მთვარის გამოსახულებაა, ბარაქის სიმბოლოა და უხსოვარი, წინარექრისტიანული ხანიდან ხვთიშვილთა სახელზე შეიწირავდნენ ხევისბერნი ხატის ყმათაგან.

 

პასკა და ხატისპური  -  ეს ორი სხვადასხვა ფორმისა და გემოსი, განსხვავებული დანიშნულებისა და შინაარსის სარიტუალო ნამზადია, სულ სხვადასხვა დროს აცხობენ, არ შეიძლება მათი გაიგივება, ამით ორივე სიმბოლოს დავამახინჯებთ, ნამდვილ აზრს გამოვაცლით და ხელოვნურად დამყნილ ერთ სიმბოლოს მივიღებთ. 

 

ცოტა ვცოდეთ ისტორიის, მითოლოგიის, ენის წინაშე, ეს შეცდომაც რომ არ მივუსართოთ?

 

მოვუაროთ და პირვანდელი სახე შევუნარჩუნოთ კულტურულ ტრადიციებს, მეგობრებო!
 

მზია ხაჩიძე - ეთნოგრაფი