„საოცარი არომატი ექნება“ - 3 სუნელი, რომლებიც პასკის ცომს აუცილებლად უნდა დაუმატოთ - Gemrielia.ge

„საოცარი არომატი ექნება“ - 3 სუნელი, რომლებიც პასკის ცომს აუცილებლად უნდა დაუმატოთ

სანელებლები პასკას განსაკუთრებულ გემოსა და არომატს აძლევს. შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ უგემრიელესი ესენცია, მაგრამ თუ უშუალოდ სანელებლების დამატება გირჩევნიათ, გეტყვით 3 მთავარ სანელებელს, რომლებიც პასკის ცომს აუცილებლად უნდა დაუმატოთ.


 

1. მუსკატის კაკალი (ჯავზი)

 

მუსკატის კაკალი ანუ ჯავზი მარადმწვანე ტროპიკული მცენარეა, რომელიც ხარობს ძირითადად ინდონეზიაში, ინდოეთში, შრი-ლანკაში, ბრაზილიასა და აფრიკაში.


 


მისი განსაკუთრებული არომატის გამო მუსკატის კაკალი ფართოდ გამოიყენება პარფიუმერიასა და კვებით მრეწველობაში. ჯავზი შეიცავს სასარგებლო ეთერზეთებს, მაგრამ მისი დიდი რაოდენობით გამოყენებამ, შესაძლოა, ინტოქსიკაცია გამოიწვიოს, ამიტომ საჭიროა ზომიერების დაცვა.


 


მუსკატს ხმარობენ სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმის, დესერტების, ხორცისა და თევზის კერძების მომზადებისას.


 



 

2. ილი (კარდამონი)

 


მთავარ ეშხს პასკას სწორედ ეს სანელებელი აძლევს. გარდა იმისა, რომ საოცრად არომატულია, სასარგებლოც არის. შეიცავს კალციუმს, ფოსფორს, რკინას, მაგნიუმს, თუთიას (უფრო მეტს, ვიდრე სხვა სანელებლები), ასევე B1, B2 და B3 ვიტამინებს.


 


ილს ერთი ჯადოსნური თვისება აქვს - იმდენად ინტენსიური გემო აქვს, რომ შესაძლოა მარტივად გადაფაროს ყველა სხვა სანელებელი, ამიტომ ეცადეთ ბევრი არ დაუმატოთ პასკის ცომს, თორემ მხოლოდ ილის გემო ექნება.


 



 

3. დარიჩინი

 

დარიჩინი უძველესი დროიდანაა ცნობილი, მოხსენიებულია ძველ ჩინურსა და ეგვიპტურ წარწერებში, ასევე ძველ აღთქმაში. სავარაუდოდ, იგი რელიგიური და სამედიცინო დანიშნულებით გამოიყენებოდა.


 


თუ უკვე იცით, როგორ გაარჩიოთ დარიჩინი მისი ჩინური ორეულისგან, მაშინ თამამდ შეიძინეთ ნამდვილი დარიჩინი და მცირე დოზა დაუმატეთ პასკის ცომს, საოცარ არომატს მისცემს.