დღის რომელ მონაკვეთში ჯობია კვერცხის შეღებვა და რამდენად გამართლებულია ჭრელი სააღდგომო კვერცხები - პასუხობს მოძღვარი - Gemrielia.ge

დღის რომელ მონაკვეთში ჯობია კვერცხის შეღებვა და რამდენად გამართლებულია ჭრელი სააღდგომო კვერცხები - პასუხობს მოძღვარი

რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებულ რიტუალებს ყველა განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება. ზოგჯერ წესების ზედმიწევნით დაცვისკენ სწრაფვა გარკვეულ მითებსა და შეცდომებსაც წარმოშობს. ხალხს ამ რიტუალების დაცვისას გარკვეული შეკითხვებიც უჩნდება. ამჯერად აღდგომასა და კვერცხების შეღებვასთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებს ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე უპასუხებს:

- არაერთხელ მოგვიკრავს თვალი სოციალურ ქსელში ფრაზებისთვის, რომ კვერცხით შეღებვისას ხახვის ფურცლის გამოყენებას მამაოები კრძალავენ - ხახვი მწარეაო. რამდენად მართალია ეს?

- ეს ცრურწმენაა და არ უკავშირდება ქრისტიანობას. ჩვენი წინაპრები იყენებდნენ ენდროს ძირებს.

- ბევრი ფიქრობს, რომ აღდგომის კვერცხი არ ფუჭდება და ამიტომ მაცივარში საერთოდ არ ინახავს. ეს სწორი საქციელია?

- სწორი არ არის, რადგან აღდგომის კვერცხი მაცივარში უნდა დაიდოს: "არა გამოსცადო უფალი ღმერთი შენი"!

- წესით როდის უნდა შეიღებოს კვერცხები, უფრო დღისით თუ ღამით?

- წითელ პარასკევს მწუხრამდე, რადგანაც მწუხრის შემდგომ მეორე დღე იწყება.

- ბოლო დროს ძალიან მიღებული გახდა კვერცხების ჭრელა- ჭრულა ფერებში შეღებვა. ეს ეკლესიურად გამართლებულია?

- კვერცხი უნდა იყოს წითელი! ეს უკავშირდება მაგდალინელის სასწაულს, სადაც კვერცხი წითლად შეიღება, ნიშნად ქრისტეს სისხლის დაღვრისა და გამოსყიდვისა. ეს სიმბოლო დასაცავია ნამდვილად!

კითხვის გაგრძელება