„100 კგ-დან 63 კგ-მდე ჩამოვედი“ - 23 წლის ბათუმელი გოგონა, რომელმაც 1 წელში 37 კგ დაიკლო
„100 კგ-დან 63 კგ-მდე ჩამოვედი“ - 23 წლის ბათუმელი გოგონა, რომელმაც 1 წელში 37 კგ დაიკლო

 

სოციალურ სივრცეში გავრცელდა ფოტო, რომელმაც ძალიან დიდი ყურადღება მიიქცია. გოგონა, რომელმაც 37 კილო თავისი ცოდნითა და შემართებით დაიკლო, 23 წლის მარიამია, ცხოვრობს ბათუმში და სწავლობს იურიდიულ ფაკულტეზე. იგი მოგვიყვება თავის ისტორიას და გაგვიზიარებს რჩევებსა და გამოცდილებას. 

 

 

ყველა გააოცა შენმა ფოტომ, რა იყო შენი საწყისი წონა და რა ფაქტორმა განაპირობა წონის მატება?

 

 

100 კგ იყო საწყისი წონა, ჩამოვედი 63 კილოზე. ჩემს შემთხვევაში იყო გენეტიკური ფაქტორი და ჰორმონალური დარღვევა. 

 

 

 

 

 

რა გახდა შენთვის მოტივაცია წონაში კლებისთვის?

 

 

ადამიანები მაფასებდნენ ვიზუალური მხრიდან, ამაზე გული მტკიოდა ყოველთვის, არ ვიყავი სასურველი და საინტერესო. ჩემი გარეგნობა ჩემს შინაგანს ფარავდა. ერთ–ერთი მოტივაცია კონკრეტული ადამიანებისთვის იმის დამტკიცება იყო, რომ ძალიან მაგარი გავხდებოდი. ამან უფრო მეტი მოტივაცია მომცა. როდესაც ამ შედეგს მივაღწიე და ჩემი ოცნებაც ასრულდა, გამოჩნდნენ ის  ადამიანებიც, რომლებმაც ერთ დროს ჩემზე უარი თქვეს. 

 

 

შარშან, როდესაც კარანტინი გამოცხადდა, ერთ დღესაც გავიღვიძე და ვუთხარი ჩემს თავს – მარიამ ცვლილებების დროა! ჩამოვტვირთე აპლიკაცია, დავიწყე 15 წუთიანი ვარჯიშები. მთელი ბავშვობა პუტკუნა ვიყავი და ცოტათი ვიჩაგრებოდი. ცოტა კომპლექსები ახლაც მაქვს, მაგრამ ნელ–ნელა ამასაც დავძლევ. მოტივაციად იქცა ლამაზი გოგონების ფოტოები, ვხედავდი ირგვლივ ადამიანებს, რომლებიც ძალიან მომხიბვლელად გამოიყურებოდნენ და მინდოდა მეც მათსავით კარგად მეგრძნო თავი. ასევე დედა, რომელიც ყოველთვის გვერდში მიდგას და დიდ მოტივაციას მაძლევს.

 

 

 

 

გაგვიმხილე საიდუმლო, როგორ მიხვედი ამ შედეგამდე?

 

 

ეს ერთი წელი ჩემ თავზე მორგებული იყო, ვფიქრობდი რომ კონკრეტული დიეტა სტრესს უფრო გამოიწვევდა. მართალია, მთავარი არის კვება, მაგრამ 5 თვე დავდიოდი ფეხით, შემდეგ კარდიო ვარჯიშებიც ჩავრთე. ვარჯიში უმნიშვნელოვანესია. მხოლოდ შემდეგ დავიწყე საკვების კონტროლი. წყალი გახდა უახლოესი მეგობარი ჩემთვის, დილა იწყება 1 ჭიქა წყლით. ერთიანად არ ამომიღია საკვები, ყველაფერი ეტაპობრივად მოხდა, სხვანაირად ალბათ ვერც შევძლებდი. მოვიძიე სხვადასხვა ინფორმაცია, ვეკითხებოდი სხვებსაც. თუ არ გინდათ მოტივაცია დაგივარდეთ, ფოტოები გადაიღეთ კვირიდან კვირამდე და შეადარეთ. სწორედ ასე ვაკეთებდი მე, ყველა დეტალს ვაკვირდებოდი. ვიწონებოდი 3 კვირაში ერთხელ და ვინიშნავდი. ორგანიზმს უნდა მოუსმინოთ, სხვანაირად კლება ვერ მოხდება. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ფსიქოლოგიურ განწყობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. 

 

 

საკვები, რომელიც პირველ რიგში ამოიღე რაციონიდან და პირიქით დაამატე, რომელი იყო ასეთი? 

 

 

ძალიან ბევრი ადამიანი მწერს თუ რას ვურჩევ, მაგრამ ყველაფერი არის ინდივიდუალური. ვფიქრობ, დიდი პასუხისმგებლობაა რამე კონკრეტული მივუთითო ვინმეს. მათ უბრალოდ ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას, რადგან არ ვიცი ვისზე როგორ იმოქმედებს.

 

 

მე პირადად, ამოვიღე ცომეულობა და ტკბილეულობა, რძის პროდუქტები, ცხიმიანი საჭმელები და თხილეულობა. მივხვდი, რომ წიწიბურა ჩემს ორგანიზმს არ უხდებოდა და სხვა რამით ჩავანაცვლე. თავიდან წყლის მიღება ძალიან მიჭირდა, მაგრამ როდესაც იცი რომ სხვანაირად არ გამოვა, პოულობ ძალას. ყველა მწვანე ფერის ბოსტნეული, წვნიანები, ხორცი და თევზი შევიყვარე. მოხარშული საქონლის ხორცი ძალიან უწყობს ხელს წონაში კლებას. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დოზირებული იყო. ვითვლიდი კალორაჟს, არის სპეციალური ვიდეობი ინტერნეტში, სადაც გასწავლიან თუ როგორ გამოთვალოთ თქვენზე მორგებული კალორაჟი და ამის მიხედვით შეადგენთ დღიურ რაციონსაც. 

 

 

 

 

გქონდათ თუ არა კრიტიკული მომენტები, როდესაც გიფიქრიათ რომ ვეღარ შეძლებდით?

 

 

კი, ძალიან ბევრი კრიტიკული მომენტი მქონა. დასაწყისში, მახსოვს რომ ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი, მაგრამ ვჭამდი ბევრს და შესაბამისად, შედეგი არ მქონდა. ძალიან ემოციური ვარ და ჩემზე ყველაფერი მოქმედებს. მივხვდი, რომ თუ ახლა გავიმარჯვებდი, შემდეგ ყველაფერს შევძლებდი. წარმოვიდგენდი მარიამს, წლების მერე და მინდოდა ისეთი ვყოფილიყავი, როგორიც ჩემს წარმოდგენაში. დასაწყის პერიოდში, უცოდინრობის გამო, ბევრი შეცდომა დავუშვი, მაგრამ ცოდნა გავიღრმავე და მხოლოდ ჩემი შრომით და არავის დახმარებით, მოვედი ამ შედეგამდე. მაგრამ ამაზე არ ვჩერდები, მგონია რომ კიდევ მეტს უნდა მივაღწიო და არ ვწყვეტ ჩემ თავზე მუშაობას. მინდა საკუთარი თავი და ფორმები კიდევ უფრო დავხვეწო.

 

 

რას ურჩევდი ადამიანებს, რომლებიც ვერ იწყებენ ჯანსაღი ცხოვრების წესს, ან არ ყოფნით მოტივაცია ამისთვის?

 

 

მოტივაცია არ ყოფნით, რადგან თვითონ ადამიანები აკომპლექსებენ მათ. ერთი რომ ამბობს მე ვერ ვაკეთებ, სხვაზეც გადმოდის, მე კი მინდა მათ ვუთხრა, რომ შეუძლებელი არაფერი არ არის. მნიშვნელოვანია განწყობა, მის გარეშე არაფერი გამოვა. საკუთარი თავი უნდა აიძულოთ რომ წინ იაროთ, ნებისყოფა არც მე მეყოფოდა, რომ არა დიდი სურვილი. სურვილის წინაშე კი სხვა მიზეზები, რომელიც მოტივაციას გიგდებენ, უძლური იქნება. ამიტომ, გქონდეთ დიდი სურვილი და შემართებაც, რომელიც თავისთავად მოვა. იმდენად სასიამოვნოა რომ შენს თავს სხვანაირს ხედავ, რომ ხვდები, ტყუილად არ გიწვალია. ოცნება გადმოიტანეთ ამბიციაში და ამბიცია კი აქციეთ მიზნად. უფრო ლაღი, მხიარული და სასურველი გახდებით. 

 

 

 

 

 

 

მასალის გამოყენების პირობები
07 მაისი, 2021
ნანახია: 7485