რამდენი კვერცხი სჭირდება ამა თუ იმ ზომის ბისკვიტს? - კონდიტერის რჩევები იდეალური ბისკვიტის გამოსაცხობად
ტორტის ბისკვიტის გამოცხობა ბევრს ძალიან რთული ჰგონია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია, თუკი სწორ რეცეპტს ვნახავთ და, რაც მთავარია, პროფესიონალების რჩევებს გავითვალისწინებთ. კონდიტერი თამარ თაბოშვილი გვიზიარებს რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას, რომლებიც უნდა წაიკითხოთ, სანამ ბისკვიტის მომზადებას დაიწყებთ.
ტორტისთვის ბისკვიტი შეგიძლიათ გამოაცხოთ როგორც ერთიანად და შემდეგ გაჭრათ, ასევე რამდენიმე ფენად იმის მიხედვით, თუ რა ზომის ტორტი გნებავთ. მაგალითად, თუ აკეთებთ 12-კვერცხიან ბისკვიტს, 3 ცალი 4-კვერცხიანის მომზადება შეგიძლიათ. ხოლო, თუკი ერთი მთლიანი ბისკვიტის გამოცხობას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ ეს რჩევები:
1. კლასიკური ბისკვიტის გამოსაცხობად უნდა დაიცვათ პროპორციები. დაგჭირდებათ:
10 კვერცხი 10 სკ შაქარი 10 სკ ფქვილი ვანილი
2. ამოვიყვანოთ კვერცხის ცილა მწიკვ მარილთან ერთად. რომ გახდება მყარი, დავუმატოთ შაქარი და ვთქვიფოთ, სანამ არ მივიღებთ მკვრივ ბეზეს. ჩავამატოთ გულები. კარგად რომ ამოვა და გათეთრდება კვერცხის მასა, გამოვრთოთ მიქსერი და სილიკონის ან ხის კოვზით შევაზილოთ ფქვილი. ვურიოთ ძალიან ნაზად ქვევიდან ზევით. უმჯობესია, თუ ჯამს ვამოძრავებთ და ისე ამოვურევთ.
ბისკვიტებს ვაცხობ გაზის ღუმელში მხოლოდ ქვედა წვით, ზედა თაროზე, ხოლო ორივე წვით - ქვედა თაროზე. ჯობია ფქვილი მეტი მოვიდეს, ვიდრე დააკლდეს. ფქვილი გაუკეთეთ სავსე კოვზი მთლიანად. მე 1 კოვზს ზედმეტს ვამატებ. შოკოლადის ბისკვიტის შემთხვევაში ფქვილს ვაკლებთ და ვუმატებთ კაკაოს (მაგალითად, 10-კვერცხიანზე 3 სკ კაკაო და 7 სკ ფქვილი გამოიყენეთ).
3. კარები არ გამოაღოთ, სანამ ბისკვიტის სუნს არ იგრძნობთ. მზაობა ხის კოვზით შეამოწმეთ. ცხელსვე შემოვუსერავ გვერდებს. ვაციებ ფორმაში და უკვე გაციებულს ვიღებ.
4. ჩაყრამდე ფქვილი აუცილებლად გაცერით. უმჯობესია, თუ რამდენჯერმე გაცრით. ჩააცერით ფქვილი, არ ჩაყაროთ კოვზით.
5. გულმოდგინედ განაცალკევეთ კვერცხის ცილები და გულები, რათა არც ერთი წვეთი გული არ ჩაყვეს ცილებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცილები სათანადოდ არ აითქვიფება.
6. სანამ სხვა ინგრედიენტებზე მუშაობთ, კვერცხის ცილები მაცივარში გქონდეთ, ცივი უკეთესად ითქვიფება.
7. არავითარ შემთხვევაში არ გამოაღოთ ღუმელი, სანამ ბისკვიტი არ გამოცხვება, თორემ ჩავარდება.
8. ღუმელი ჩართეთ მაშინ, როცა ფქვილის ჩაცრას დაიწყებთ.
9. ყურადღება მიაქციეთ კვერცხის ზომასაც. მე ვიყენებ L ზომის კვერცხს.
თუ ყველა წესს გაითვალისწინებთ, აუცილებლად გამოვა ასეთი ფუმფულა ბისკვიტები. წარმატებებს გისურვებთ!