„500 ჯიშის სხვადასხვა ხეხილი, ვენახი, 600 ჯიშის ვარდი, მყავს 100 ფრთა ქათამიც“ - ცნობილი ექიმის 40-წლიანი მეურნეობა კოტორაანთკარში
მიწის, ბუნების სიყვარული ცნობილ ექიმს, პროფესორს, კარდიოლოგიური კლინიკის დამფუძნებელ ანზორ მელიას ბავშვობიდან მოსდევს. უკვე 40 წელიწადია, თბილისთან ახლოს, კოტორაანთკარში თავის გაშენებულ ბაღ-ბოსტანს უვლის. ბატონი ანზორის მიწის მიმართ გამორჩეულ სიყვარულსა და დიდ სამეურნეო გამოცდილებაში მასთან საუბრისას რწმუნდები. ცნობილი ექიმი თავად გვიამბობს, როგორც დაიწყო ეს ყველაფერი...
- 40 წლის წინ, როდესაც "ლეჩკომბინატში" ვმუშაობდი, მებაღეობის ნაკვეთები დაგვირიგეს თანამშრომლებს. ჩვენ უმეტესად მთავრობას, ბიუროს წევრებს ვემსახურებოდით და ასე აღმოვჩნდით საგურამოდან 6 კილომეტრში... საკავშირო სამედიცინო კომისიამ წყნეთი დაიწუნა და მთავრობის წევრებისთვის საგურამო შეირჩა, როგორც საუკეთესო ადგილი და რადგან ამ ნომენკლატურას ვემსახურებოდით, 75 თანამშრომელიც მოვხვდით სიაში. სტანდარტულ 600 კვმ ფართობზე უფლება მოგვცეს, ასევე სტანდარტული სახლები აგვეშენებინა. კლინიკის წამყვან ნევროპათოლოგ ქალბატონ მთვარისას მეუღლე ნოდარ ჩხოლარია გამწვანების ტრესტის მმართველი გახლდათ. მან მანქანა მოაყენა და ამ 75 ადამიანს ნერგები ჩამოგვირიგა. ასე გაჩნდა ჩემს ნაკვეთში პირველი ნერგები და, პრაქტიკულად, "ლეჩკომბინატის" დასახლება კოტორაანთკარში.
მგონი, ყველა ქართველშია ჩაბუდებული მიწის სიყვარული. მანამდე ვერც წარმომედგინა, რომ თოხს და ბარს ხელში ავიღებდი და მიწასთან ვიმუშავებდი, მაგრამ ამ საქმემ გამიტაცა - 600 კვმ მიწის ფართობი 1200 გახდა, მერე - 2000, 4000 და ნელ-ნელა გავზარდე საბაღე და საბოსტნე ნაკვეთი, სადაც დღეს 500 ჯიშის სხვადასხვა ხეხილი ხარობს, არის ვენახი და 600 ჯიშის ვარდი, მყავს 100 ფრთა ქათამიც.
- ბროილერის ჯიშია?
- მეგრულა - ასე ეძახიან. კვერცხისმდებლები არიან. წელიწადში თითო 350 კვერცხს დებს. ექვსი ძროხა მყავდა. მათგან ორი შვედური იყო, მაგრამ ძროხებს სერიოზული მოვლა უნდა. ბაღს ავუდივარ, მაგრამ ძროხებს გვერდიდან ვერ მოსცილდები, სხვანაირი ყურადღება სჭირდება, მე კი რთული სამუშაო გრაფიკი მაქვს, ამიტომ მათთვის ხალხი ავიყვანე. ხელფასსაც ვუხდიდი, ჩემთან ვაცხოვრებდი, ვაჭმევდი, ვასმევდი... გარდაბნის ქარხნიდან ძროხებისთვის ტომრებით სპეციალური ბიოლოგიური საკვები მომქონდა. მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტიც მოვიყვანე, რომელმაც იმ ხალხს მეგრული წესით სულგუნის ამოყვანა ასწავლა, მაგრამ კეთილსინდისიერი მუშაობა არავის უნდა... მათი უგულო და უდიერი დამოკიდებულების გამო ძროხების კაპიკებად გაყიდვა მომიხდა, არადა, თითო 2.000 ლარად მყავდა ნაყიდი. მეც გავწვალდი და ძროხებიც მეცოდებოდნენ - სათანადოდ არ უვლიდნენ, თან, როგორც გავარკვიეთ, პროდუქციასაც მპარავდნენ. იმის თქმა მინდა, რომ სოფლად მუშაობა თითქმის არავის უნდა, არადა, ადრე სოფელი ძლიერი იყო, თავსაც ინახავდა და ქალაქსაც, მაგრამ ყველაფერმა სახე და ფუნქცია დაკარგა. ვხედავ, ხალხს რომ შია, სიგარეტის ფული არა აქვს, მაგრამ მუშაობა მაინც არ უნდათ, ამიტომ ისევ თვითონ მიწევს შრომა. დამხმარე ხალხი მხოლოდ შაბათ-კვირას მომყავს, რომლებსაც დილიდან საღამომდე თავზე ვადგავარ... ყველა სასოფლო-სამეურნეო იარაღი და ტექნიკა მაქვს - თოხი და ცელი ბენზინზე, პატარა ტრაქტორები და რა ვქნა, დანარჩენს თვითონ ვუვლი. ცოტა ხნის წინ ჩემმა შვილიშვილმა სანდრომ - თხა მინდაო და ორი მოვიყვანე, მეგრული ჯიშის, მაგრამ ბავშვს არ ვაკარებ - ირქინებიან, თუმცა შორიდან რომ უყურებს, უხარია და ბედნიერია. კურდღლებიც მთხოვა და ულამაზესი კურდღლები მოვუყვანე. ასე შრომა-შრომაში ვერთობი და ჩემს მოხუცებულობას ვატარებ.