გარეცხე მაწონი - ანუ როგორ მოვიქცეთ, სანამ ვინმეს რეცეპტს დავუწუნებთ (ბლოგი) - Gemrielia.ge

გარეცხე მაწონი - ანუ როგორ მოვიქცეთ, სანამ ვინმეს რეცეპტს დავუწუნებთ (ბლოგი)

კულინარია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სფეროა, თუნდაც იმიტომ, რომ მისი ისტორია ადამიანის შექმნიდანვე იწყება. ბიბლიურ ვერსიას რომ გავყვეთ, პირველი გურმანები ადამი და ევა იყვნენ. თანაც იმდენად დიდი გურმანები, რომ მთელი თავიანთი უზრუნველი ცხოვრება წითელ ხილს გადააყოლეს. ვინმე ქალბატონი ლამარა იტყვის: კუჭის მონები რომ იყვნენ, მაგიტომაც გამოყარა ღმერთმა სამოთხიდანო. მართალია, კუჭის მონები იყვნენ, კი!

 

 

ადამისა და ევას შთამომავალთა ნაწილს კი გამოჰყვა ამოუცნობის წვდომის, ახალი გემოების აღმოჩენის დაუოკებელი სურვილი, მაგრამ ნაწილს შეჩვეული ჭირიც ურჩევნია, ხინკალიც და ჩაქაფულიც. ჰოდა, ემანდ ჩაქაფულს წიწმატი არავინ დაუმატოთ და თავი არ დაიღუპოთ, თორემ ის მეორე ნაწილი ევას შვილებისა ისეთ საშინელ დღეს დაგაყრით, რომ წიწმატი ჩამოტარებით იქნება... ალბათ, მიხვდით, სადაც.

 

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს კლასიკური რეცეპტის შეცვლაში დასდებენ ბრალს, შქმერულის ისტორია მახსენდება. შქმერული თუ არ იცით, რაჭული კერძია, ნაღებითა და კარაქით მზადება... აბა, წამოეგეთ? არა, ნაღებით იშვიათად ამზადებენ. მოკლედ, სულ შქმერულის შექმნის ისტორია მახსენდება, უფრო სწორად, მისი წარმოშობის ერთ-ერთი ვერსია: დიასახლისს ქათამი აუყროლდა, გემო რომ გაენეიტრალებინა, ნიორწყალს რძე დაუმატა და ეს შენი ქათამი იქ ჩააბრძანაო. ეგ არის და ეგა! 

 

რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

 

კიდევ უამრავი კერძის დასახელება შეიძლება, რომლებსაც მსგავსი წარმოშობის ისტორია აქვს. და მართლაც, ვინ და როგორ ქმნიდა კერძებს? ბარბარე ჯორჯაძე არ მითხრათ, თქვენი ჭირიმე, მანამდე კიდევ ბევრი ბარბარე გვყავდა. მეტსაც გეტყვით, ბარბარეებით იყო სავსე ქალაქები და სოფლები, ყველა სახლს ერთი ბარბარე მაინც ჰყავდა. უბრალოდ, თავის დროზე ამ ცნობილმა ბარბარემ, თითქმის ყველა ბარბარეს შრომას მოუყარა თავი და ერთ წიგნში გააერთიანა. საერთოდ გაგაგიჟებ და იმასაც გეტყვი, რომ მეც ბარბარე ვარ და შენც. იმ განსხვავებით, რომ „ის ბარბარე“ თავის სამზარეულოშიც ბარბარე იყო და ქვეყნის ისტორიაშიც „ის ბარბარეა“, მე და შენ კი ჩვენს-ჩვენს სამზარეულოებში ვართ ბარბარეები, ანუ ადამიანები, რომლებიც ქმნიან, თავიანთი გემოვნებით უმატებენ ჩაქაფულს მარილს და, შენ წარმოიდგინე, წიწმატსაც კი.

 

 

ამის მიუხედავად, სულ ტანში მზარავს, როცა ვინმე ფერად ხინკალს ან ჩურჩხელას მოამზადებს და „გემრიელიას“ ჯგუფში გაგვიზიარებს. სიახლეების საწინააღმდეგო კი არაფერი მაქვს, მაგრამ ამათზე რეაქციების ისე მეშინია, როგორც დამანგრეველი მიწისძვრის. ზუსტად! მიწისძვრის ეფექტი აქვს ხოლმე ყოველგვარ მცდელობას „გარყვნილ ევროპას“ დავემსგავსოთ და მტრებს „ქართველობის წართმევის“ საშუალება მივცეთ! იქნებ, არ მოგწონთ ფერადი ხინკლები და თეთრი ყველას გირჩევნიათ. განა, გართმევთ თეთრ ხინკალს, როგორ გეკადრებათ! მაგრამ, სანამ სხვას გავაკრიტიკებთ, უარეს შემთხვევაში კი გავლანძღავთ და ვირზე უკუღმა შევსვამთ, ჩვენს თავს ვკითხოთ: მერე რა? მერე რა, რომ ისპანახით ცომი შეაფერადა? ან მე რა შუაში ვარ, ჭამას მაძალებს? იქნებ, მემუქრება, მაგ შენს თეთრ ხინკალს დრო გაუვიდა, ახლა ფერადი ხინკლების დროაო? არა, დამიჯერეთ, არავინ არ გვემუქრება არც ჩვენ და არც ჩვენს ეროვნულ სამზარეულოს.

 

ფოტო „გემრიელიას“ ჯგუფიდან

 

სტატიის სათაურის პირველი ნაწილი გაიხსენე: „გარეცხე მაწონი“. კულინარიულ ჯგუფში ერთმა დიასახლისმა მაწვნის მომზადების მეთოდი გაგვიზიარა. ამ მეთოდის ერთ-ერთი ნაწილი მაწვნის დედის „გარეცხვა“ (წყლის გადავლება) იყო. კომენტარებში ბევრჯერ ჩადეს და ამოიღეს მიწიდან ის გოგო თავის მაწვნიანად. რეცეპტიც მოგვეწონა, მეთოდიც და გემრელია-ზეც ავტვირთეთ (ცხადია, ავტორის ნებართვითა და მითითებით). „მაწვნის გარეცხვის“ დეტალური აღწერის მიუხედავად მაინც ვერ ავცდით აღშფოთებული ადამიანების აღმაშფოთებელ კომენტარებს:

 

-    რას არ მოიგონებთ, სულ აშტერებთ ამ ისედაც დაშტერებულ ხალხს.

-    ამ ხნის ქალი ვარ და მაწვნის გარეცხვა არ გამიგია, ნეტავ არ სულელობდეთ

-    რაში რეცხავთ მაწონს? ჟელეში თუ სოდაში?

-    ეს ალბათ ახალი მოდაა ყველაფრის გარეცხვა. შვილო მეტი საქმე არ გაქვთ?

 

ყველა კომენტარს აქ ვერ მოვიყვან, ნაწილი შენც წაკითხული გექნება. თუ ეს ყველაფერი გასაგებია, ახლა სათაურის პირველ ნაწილს უფრო ვრცლად დავწერ და ასე გეტყვი: სანამ დააკომენტარებ, რა სისულელეა მაწვნის გარეცხვა და რატომ ვაშტერებთ ისედაც დაშტერებულ ხალხს, გარეცხე მაწონი!

 

მართლაც, თუ არ ენდობი ადამიანს, რომელიც თავის რეცეპტს გიზიარებს, სანამ გულიანად გამოლანძღავ, ჯერ თავად სცადე, იქნებ იმან ამერიკა აღმოაჩინა ან უკეთესი ბორბალი გამოიგონა?!