„ექსპერიმენტი ჩავატარე და... უგემრიელესი თონის პური მივიღე“ - ნახეთ, როგორ მოაწყო მექსიკელმა კაცმა „თონე“ საკუთარ ღუმელში
არახალია, რომ ტურისტები, რომლებიც საქართველოში ყოფნისას ქართულ გასტრონომიას ეცნობიან, თავიანთ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ქართული კერძების მომზადებას ცდილობენ. ხინკლის მოხვევა, ცომში ყველის ჩართვა თითქოს მარტივია და მათ თამამად ეჭიდებიან, მაგრამ თონის პური თონის გარეშე ხომ ვერ გამოცხვება?
თონე არ აუშენებია, მაგრამ საინტერესო მეთოდს მიმართა კალიფორნიაში მცხოვრებმა ჯეკ ფერმონმა და თონის პურის გამოცხობა საკუთარ ღუმელში, აგურების დახმარებით სცადა. იგი თავისი შედეგით იმდენად აღფრთოვანებულია, რომ ფოტოები და შთაბეჭდილება ჯგუფში Spend 4 Seasons in Georgia ასი ათასობით ადამიანს გაგვიზიარა.
„მოგესალმებით კალიფორნიიდან! ექსპერიმენტი ჩავატარე და ღუმელში აგურების დალაგებით ქართული „თონის მოწყობა“ ვცადე. შედეგად უგემრიელესი თონის პური მივიღე,“ - წერს ჯეკი.
სხვათა შორის, ეს მისი პირველი ექსპერიმენტი არ არის. იგი ხშირად ამზადებს სახლში ქართულ კერძებს და, როგორც ჩანს, საკმაოდ კარგადაც.