„რატომ ჰქვია „ნაპოლეონი“ საქართველოში პოპულარულ დესერტს?“ - რას წერს იაპონური გამოცემა ქართულ სამზარეულოზე? - Gemrielia.ge

„რატომ ჰქვია „ნაპოლეონი“ საქართველოში პოპულარულ დესერტს?“ - რას წერს იაპონური გამოცემა ქართულ სამზარეულოზე?

 

იაპონურ გაზეთ „ასაჰი სიმბუნში“ („Aსაჰი შჰიმბუნ" // "朝日新聞") გრძელდება მასალების გამოქვეყნება ქართული სამზარეულოს შესახებ. ამჯერად ავტორი კიოკო ოგინო საკონდიტრო სფეროს ეხება და აქვეყნებს სტატიას სათაურით - „რატომ ჰქვია „ნაპოლეონი" საქართველოში პოპულარულ დესერტს?".

 

 

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვარიანტს:

 

 

„ქართულ საკონდიტროებში თუ შეხვალთ, აუცილებლად ნახავთ „ნაპოლეონს" - ხრაშუნა ფენოვან ნამცხვარს კრემით, რომელიც ძალიან პოპულარულია მოსახლეობაში.

 

რატომ უყვართ ქართველებს ეს დესერტი, რომელიც ფრანგი იმპერატორის სახელს ატარებს? მოდი, როგორც იტყვიან, „ფესვებში ჩავიხედოთ":

 

რა თქმა უნდა, „ნაპოლეონი" ფრანგული წარმოშობისაა. სავარაუდოდ, ის მე-19 საუკუნის დასაწყისში გაჩნდა და განსაკუთრებულ დესერტს წარმოადგენს - ცომის რამდენიმე ფენა და მათ შორის - კრემი. მოგვიანებით ნამცხვარი მთელ ევროპაში (და მსოფლიოშიც) გავრცელდა იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტის პატივსაცემად.

 

იაპონიაში ეს დესერტი ცნობილია, როგორც „ნაპოლეონის ტორტის", ასევე - „მარწყვის მილფეის" სახელით. ჩვეულებრივ, მარწყვს ნამცხვარს ზემოდან ადებენ ან შიგნით, სატენის სახით, მაგრამ როცა პატარა ვიყავი, მარწყვის გარეშეც მიჭამია ხოლმე.

 


საქართველოშიც „ნაპოლეონს", ჩვეულებრივად, მარწყვის გარეშე მოგართმევენ.

 

 

1990-იანი წლების დასაწყისიდან 2018 წლამდე საქართველოში ხშირად ჩავდიოდი და „ნაპოლეონი" დახლებზე ყოველთვის იდო. პირველი ნაპოლეონი, რომელიც მე საქართველოში გავსინჯე, იმ სახლის დიასახლისმა მოამზადა, სადაც ვცხოვრობდი. ეს იყო 1993 წელს ანუ „პერესტროიკისა" და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მილა - ასე ერქვა ჩემს ახალგაზრდა მასპინძელს, რომელიც კახეთში დედასთან ერთად, ძველ ქალაქში ცხოვრობდა. კახეთში ძალიან ბევრი ღვინის ქარხანაა, ბევრი მარანი, ყოველ ოჯახს თავისი დამზადებული ღვინო აქვს, რომელიც გარკვეულწილად ხილის წვენს მოგვაგონებს. თავდაპირველად ძალიან მიკვირდა - ქართველებს ამდენ ხილის წვენს რა ასმევთ-მეთქი...

 

 

მილა ცხოვრობდა 80 წლის დედასთან ერთად, რომელიც, ასაკის მიუხედავად, ციბრუტივით ტრიალებდა და ძალიან გემრიელ საჭმელებს აკეთებდა. სწორედ მან მასწავლა სხვადასხვა ქართული კერძების - ხინკლის, ხაჭაპურის, აჯაფსანდალის, საცივის, შემწვარი წიწილა-ტაბაკას და სხვების მომზადება, მათ შორის - ნამცხვრებისას, რომელთა შორის „ნაპოლეონიც" იყო.

 

 

მილას დედის რეცეპტების უნიკალურობა იმაში მდგომარეობდა, რომ იგი ნაღებს კვერცხის გულის გარეშე იყენებდა, ცომს კი ისეთს აკეთებდა, რომელიც რაღაცით განსხვავდებოდა ტრადიციული ფრანგულისაგან. საფრანგეთში მომზადებულ „ნაპოლეონში" ცომი და ცხიმი ფენების სახით არის, საქართველოსა და შუა აზიაში კი მას აბრტყელებენ, ცხიმს უსვამენ და შემდეგ მილისებურად ახვევენ, გარეგნულად მოგვაგონებს ჩინურ-ტაივანურ ხახვის ღვეზელს. ასეთი ცომის გაკეთება, ტრადიციულად, „აბრეშუმის დიდი გზის" ქვეყნებში ხდებოდა. მე მოხიბლული ვიყავი სახლში მომზადებული ტკბილეულის არომატით და გემოთი. გააგრძელეთ კითხვა...