რა უნდა ვიცოდეთ თაფლის შესახებ - Gemrielia.ge

რა უნდა ვიცოდეთ თაფლის შესახებ

ნატურალური თაფლი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, ახდენს ბაქტერიოციდულ, ანთების საწინააღმდეგო და მატონიზებელ მოქმედებას, აჩქარებს ქსოვილების აღდგენას, აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, ასტიმულირებს შინაგანი ორგანოებისა და იმუნური სისტემის მუშაობას. თაფლი შეიცავს ყველა მინერალურ მარილს, A, C, H, PP ვიტამინებს, სხვადასხვა მჟავას, სწორედაც ორგანული მჟავები აძლევენ მას განუმეორებელ გემოს.

მეფუტკრეების თქმით, 50-ზე მეტი სახეობის თაფლი არსებობს. ყველა მათგანი განსხვავდება ერთმანეთისგან გემოთი, ფერით და არომატით.


GEMRIELIA

ყველაზე პოპულარულია ცაცხვის თაფლი. ის სურნელოვანი, გამჭვირვალე და ღია ფერისაა. შველის გაცივებას, ოფლმდენია, სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, შველის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებას, ნევროზს, უძილობას. რეკომენდებულია თირკმლებისა და შარდის ბუშტის დაავადებების დროს.

ცაცხვისას არ ჩამორჩება აკაციის თაფლიც. წიწიბურის თაფლი განსხვავებულია - მუქი ფერი და მძაფრი გემო აქვს. ძალიან სასარგებლოა ანემიის დროს. ფერით და სიმძაფრით მას წაბლის თაფლი ჩამოჰგავს, თუმცა განსხვავებული გემო და არომატი აქვს. სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა თავშავას,
ქინძის, პიტნის, მზესუმზირის თაფლი.

როგორც უკვე ვთქვით, ნატურალური თაფლი სხვადასხვა ფერის შეიძლება იყოს, იმის მიხედვით, რომელი
მცენარისგანაა მიღებული. მაგრამ ყველა მათგანი გამჭვირვალეა სანამ ჩაშაქრებას დაიწყებს. ჩაშაქრებას კი ყველა თაფლი იწყებს აცივებისთანავე.
ნატურალური თაფლი ყელს ოდნავ უნდა სწვავდეს, ჰქონდეს თანაბარი ფერი, დაწვეთებისას ფორმას უნდა ინარჩუნებდეს.

მომწიფებული ნატურალური თაფლი თითქმის არ შეიცავს წყალს, ამიტომ თუ მას ქაღალდზე დააწვეთებთ, იგი არ წარმოქმის სველ ლაქას.
ფალსიფიცირებული თაფლი კი ქაღალდს ასველებს. კიდევ ერთი ხერხი თაფლის ამოსაცნობად ასეთია: ამოიღეთ თაფლი კოვზით. თუ იგი ნატურალურია, წარმოქმნის გრძელ "ძაფს", რომელიც დიდხანს არ გაწყდება და თუ კოვზს დაატრიალებთ, ზედ დაეხვევა. როდესაც თაფლის ძაფი გაწყდება, ზედაპირზე წარმოიქმნება პატარა ბორცვი, რომელიც ნელ-ნელა გასწორდება.

თუ ზამთარში ან გაზაფხულზე თხევად, გამჭვირვალე თაფლს გთავაზობენ, დაფიქრდით, სანამ იყიდით. თხევადი თაფლი ზამთარში იშვიათობაა. თუ ზამთარში თაფლს შებურული ფერიც კი არ დაჰკრავს, ის ან ხელოვნურია, ან შაქრის ვაჟინით ფუტკრების გამოკვების შედეგად მიღებული. შესაძლოა, თაფლი ნატურალურია, მაგრამ ჩაშაქრდა და გასადნობად გააცხელეს. სამკურნალო თვისებები ასეთ თაფლს აღარ ექნება.

თაფლი გრილ, მშრალ ადგილას უნდა ინახებოდეს, მინის ან ემალის ჭურჭელში. გაცხელებისას ის სასარგებლო თვისებებს კარგავს, ამიტომ მდუღარე წყალში ან ჩაიში არ უნდა გახსნათ. თუ ჩაშაქრული თაფლის გადნობა გსურთ, ქილა თბილ (და არა ცხელ) წყალში უნდა ჩადოთ და დაელოდოთ.