ცივი ყავა უცნაური გემოებით - 5 გემრიელი რეცეპტი სხვადასხვა ინგრედიენტების დამატებით
ყავის დალევის ჩვევა ზაფხულშიც ისევე აქვთ ადამიანებს, როგორც ზამთარში. ცხელ სეზონზე, ქალაქის აბსოლუტურად ყველა კაფეს, მენიუში ცივი ყავა შეაქვს. ყველაზე ხშირად, ეს ტრადიციულად მომზადებული ლატეა, რომელსაც ყინული აქვს დამატებული. შემდეგ, პოპულარობის მიხედვით მოდის „ფრაპე“ ტკბილი სიროფით. ცივ ყავას ზაფხულში სახლის პირობებშიც თითქმის ყოველდღიურად ამზადებენ. ყველაზე ცნობილი კლასიკური ვარიანტია - ცივი ყავა ნაყინით.
ცივ ყავას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვანაირად ამზადებენ. იმისათვის, რომ ყველასათვის საყვარელი სასმელი კიდევ უფრო გემრიელად მოამზადოთ, „ნიკორას“ შვილობილმა კომპანია - „პალომამ“, რომელიც ძალიან გემრიელ ნაყინს აწარმოებს, თქვენთვის 5 ცივი ყავის უგემრიელესი რეცეპტი შეაგროვა. ეს ნამდვილი საავტორო კოქტეილებია, რომლებიც არა მარტო მოგიკლავთ წყურვილს, არამედ შეგმატებთ მხნეობას და თქვენს გემოვნურ რეცეპტორებს განავითარებს.
1. ყავა-გლიასე კარამელის ნაყინით
გლიასეს მომზადება ძალიან ჰგავს „აფოგატოს“, მაგრამ ცხელის ნაცვლად, აქ გამოიყენება ცივი ყავა ნაყინით.
• რეცეპტი ერთ პორციაზე:
• მომზადების დრო: 15 წთ.
ინგრედიენტები:
• 150 მლ. ყავა (სასურველია „ამერიკანო“);
• 1 მოზრდილი ბურთულა ნაყინი ვანილით და შოკოლადით;
• ათქვეფილი ნაღები და გახეხილი შოკოლადი მოსართავად.
მომზადების წესი:
1. მოამზადეთ მაგარი ყავა. გამოიყენეთ 2 ჩ/კ 150 მლ. წყალზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ ხსნადი ყავაც, მაგრამ გემო არ იქნება ისეთივე გაჯერებული. გააცივეთ სასმელი.
2. მაღალ ჭიქაში ან ქილაში ჩაასხით გაცივებული ყავა. ზემოდან დაადეთ ნაყინის ბურთულა. განსაკუთრებით უხდება ნაყინი ვანილის და შოკოლადის არომატით.
3. მორთეთ ათქვეფილი ნაღებით. სურვილისამებრ მოახეხეთ შავი შოკოლადი. მიირთვით მსხვილი კოქტეილის საწრუპით და დესერტის კოვზით.
ნაღების და ნაყინის ნაზი, დახვეწილი გემოები საოცარ სინთეზს ქმნის.
2. ყავა ნაყინით და დარიჩინით
დარიჩინის სასიამოვნო სურნელი იდეალურად ავსებს ყავის გემოს. ამასთან, დარიჩინი ძალიან სასარგებლოცაა. ის გაცივების სიმპტომებს ამსუბუქებს; ატონიზირებს და ასევე, გახდომაშიც ეხმარება. რამდენი კალორია იქნება ცივ ყავაში, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ინგრედიენტებს გამოიყენებთ. თუ დაბალკალორიული ვარიანტი გსურთ, გამოიყენეთ „პალომას“ უშაქრო დიეტური ნაყინი შოკოლადის არომატით.
• რეცეპტი ერთ პორციაზე
• მომზადების დრო: 15 წთ.
ინგრედიენტები:
• 8-10 გრამი დაფქული ყავა;
• 125 მლ წყალი;
• 50 გრ. „საოჯახო ნაყინი ვანილით“;
• 1 ჩხირი დარიჩინი;
• დაფქული დარიჩინი მოსართავად.
მომზადების წესი:
1. დარიჩინის ჩხირს მოაჭერით ¼ ნაწილი, ჩადეთ ჯეზვეში, დაუმატეთ დაფქული ყავა, დაასხით წყალი. დადგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. ყურადღებით იყავით, რომ ქაფი არ გაგექცეთ. სურვილისამებრ, დაუმატეთ შაქარი.
2. ჭიქაში ჩადეთ ნაყინის ბურთულა. დაასხით გაცივებული ყავა.
3. ზემოდან მოაყარეთ დაფქული დარიჩინი, ჩადეთ დარიჩინის ჩხირი და კოქტეილის მსხვილი საწრუპი.
3. პიტნისა და შოკოლადის ყავა
ინგრედიენტები:
• 300—350 მლ. ახალმოდუღებული ყავა.
• 30—50 გრ. მწარე შოკოლადი.
• 2—4 ს/კ. პიტნის სიროფი, ან ლიქიორი.
• 100 გრ. „საოჯახო ნაყინი ყავით“
• ყინული
• მარშმელოუ 4-5 ცალი
მომზადების წესი:
1. მოხარშეთ ყავა და ცხელშივე ჩაადნეთ შოკოლადი. დააცადეთ გაგრილება, დაუმატეთ ნაყინის ნახევარი, პიტნის სიროფი ან ლიქიორი, ყინულის კუბიკები და ათქვიფეთ ბლენდერში.
2. მიტანამდე, ზემოდან დაადეთ დარჩენილი ნაყინი და მარშმელოუ.
3. მორთეთ გახეხილი შოკოლადითა და პიტნის ფოთლებით.
4. ყავის რძიანი კოქტეილი
ინგრედიენტები:
• 1 ჭიქა ყავა ყინულებით
• 1 ჭიქა რძე
• 2 ჭიქა „საოჯახო ნაყინი შოკოლადით“;
• 4 კუბიკი ყინული
• დარიჩინი, შაქარი - გემოვნებით
მომზადების წესი:
1. ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ბლენდერში, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
2. გადაიტანეთ ჭიქებში.
5. ყავა ლიქიორით და ნაყინით
• პორცია: 2
• მომზადების დრო: 15 წთ
ინგრედიენტები:
• 150 მლ. ყავა;
• 100 მლ 3,2% რძე;
• 1 ს/კ შაქარი;
• 2 ბურთულა „საოჯახო ნაყინი ვანილით“;
• 60 მლ. ლიქიორი ბეილისი;
• 20 გრ. შავი შოკოლადი (გახეხილი);
• ყინულის კუბიკები.
მომზადების წესი:
1. ცხელ ყავას დაუმატეთ შაქარი და გააცივეთ. თუ ყავისფერ შაქარს გამოიყენებთ თეთრის ნაცვლათ, მსუბუქ კარამელის ნოტებს მიიღებთ.
2. გაცივებულ ყავას შეურიეთ ლიქიორი „ბეილისი“.
3. ჭიქაში ჩადეთ ყინულის რამდენიმე კუბიკი, ზემოდან დადეთ ნაყინის ბურთულა.
4. დაასხით ალკოჰოლიანი სითხე, შემდეგ დაუმატეთ ცივი რძე.
5. მორთეთ გახეხილი შოკოლადით. მიირთვით კოქტეილის მსხვილი საწრუპით.
იმედია, მოგეწონებათ „პალომას“ საფირმო ცივი ყავის რეცეპტები და ხშირად მოამზადებთ.
გემრიელად მიირთვით!