რომელი პროდუქტი გაგიწმენდთ ორგანიზმს ზაფხულში და რატომ არ შეიძლება ე.წ. ეფექტური დიეტების დაცვა
ზაფხულში წონის პრობლემაზე განსაკუთრებით წუწუნებენ, ამიტომ ბევრი მიმართავს ზაფხულის ე.წ. ეფექტურ დიეტებს, როგორიც არის მაგალითად, ხილის, ან ბოსტნეულის სამდღიანი დიეტა და ამ პერიოდში ჭამენ, ვთქვათ, მხოლოდ ნესვს, ან ატამს ან კიდევ კიტრს და ზედმეტ კილოგრამებს ასე ებრძვიან... რამდენად ეფექტურია მსგავსი ხანმოკლე დიეტები და რამდენად მართებულია მათი დაცვა - ამ თემაზე ექიმი-ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა გვესაუბრება:
- დღის რაციონში მონოდიეტების ჩართვა მისაღებია, რადგანაც ეს ორგანიზმის ერთგვარი გაწმენდაა, მაგრამ ასევე ამ დროს უნდა ვიცოდეთ შესაბამისი პროდუქტების არჩევა, ანუ რითი ვიწყობთ ამ განტვირთვის დღეებს.
ზაფხული მდიდარია ხილით და ბოსტნეულით, სხვა სეზონებთან შედარებით, არჩევანი დიდია. თუმცა ხილისა და ბოსტნეულის მიღებისას უნდა გვახსოვდეს ზომიერება და თითოეული პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულების შეფასება უნდა შეგვეძლოს. ნესვი ძალიან მაღალკალორიულია, დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს შეიცავს და მთელი დღის განმავლობაში, ნახშირწყლების გამო მისი სამი-ოთხჯერ მიღება არ შეიძლება, რადგანაც მდგომარეობას ვამძიმებთ, კერძოდ, ნახშირწყლოვან ცვლას, რა დროსაც ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილების ჩალაგება ხდება.
თუ ავიღებთ საზამთროს, ის დაბალკალორიული პროდუქტია, მისი შემცველობის 70% დაახლოებით წყალია, ამ შემთხვევაში როგორც გამწმენდი საშუალება, სასურველია დღის განმავლობაში მხოლოდ საზამთრო გამოვიყენოთ, მაგრამ ამაშიც ზომიერება და დოზირების დაცვაა აუცილებელი.
ხოლო თუ დღის განმავლობაში ხილს გამოვიყენებთ, სასურველია ხილის ასორტი იყოს, სულ კილო-ნახევარის ოდენობით (საზამთროს შემთხვევაში, 2 კილოგრამის), როგორც განტვირთვის საშუალება. ვინაიდან, როგორც ვთქვით, საზამთროში, ვიდრე სხვა ხილში, წყლის შემცველობა ბევრად მეტია, შესაძლოა გარკვეული პათოლოგიები, დაავადებები გაააქტიუროს. ამიტომ ასეთ დროს დიდი რაოდენობით სითხის შემცველი პროდუქტების მიღება რეკომენდებული არ არის.
- კერძოდ რას გულისხმობთ?
- როდესაც არის შარდსასქესო სისტემის სხვადასხვა დაავადებები, კონკრეტულად, თირკმლის... თუ კენჭოვანი დაავადებაა, შეიძლება კენჭის დაძვირის პროვოცირება მოვახდინოთ, რაც შეიძლება სავალალო შედეგით დასრულდეს... ბოსტნეულიდანაც შეიძლება რამდენიმე პროდუქტი გამოვყოთ და ზაფხულის ერთ-ერთი დაბალკალორიული პროდუქტი კიტრია, პომიდორიც დაბალკალორიულია, მაგრამ მეტ-ნაკლებად კუჭნაწლავის ტრაქტსა და ნაღვლის ბუშტს აღიზიანებს, ამიტომ, მხოლოდ პომიდვრის გამოყენება მთელი დღის განმავლობაში, დისკომფორტს გამოიწვევს.