ტკბილი ნოემბერი - ხურმა, გოგრა და ბოჟოლე
მართალია, მათი მრავალფეროვნებით ეს თვე ზაფხულის ნობათს ჩამორჩება და არც განწყობაა ისეთი , როგორც დეკემბერში, წინასაახალწლოდ, მაგრამ ნოემბერსაც აქვს თავისი ხიბლი. პროდუქტების მაღაზიაში რამდენიმე გემრიელი ანტიდეპრესანტის პოვნა შეიძლება, შემოდგომის მოწყენილობას რომ გადაგვატანინებს.
ოსპი - ნოყიერი და მარტივი ერთდროულად
მედიტერანული დიეტების დედოფალი ოსპი ნამდვილად იმსახურებს ჩვენს ყურადღებას. ძალიან მარტივად მზადდება, ისევე, როგორც წიწიბურა ან ბრინჯი, ნოყიერია და ძალიან სასარგებლო.
რაც უფრო წვრილია ოსპის მარცვლები, მით უფრო ხარისხიანია და სწრაფადაც იხარშება. ყველაზე სწრაფად წითელი ოსპი მზადდება. თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს, მისი მომზადების ძირითადი წესი იგივეა: ოსპს ვასხამთ 1 ჭიქა ღვინოს და იმდენ ბულიონს, რომ დაფაროს. ვხარშავთ დარბილებამდე. საჭიროების მიხედვით ვამატებთ წყალს ან ბულიონს. მზა ოსპს ვასხამთ ხარისხიან ზეითუნის ზეთს და დაჭრილ მწვანილს მოვაყრით.
გოგრა - ნამცხვარი, წვნიანი, რაგუ
დიახ, გოგრასთან ერთად ნამდვილად არ მოვიწყენთ! მისგან უამრავი რამის მომზადება შეიძლება: წვნიანების, კექსების, ტორტის, ხრაშუნა ნამცხვრების, ოლადების, უხდება ხორციან კერძებს, პასტას, ბოსტნეულის რაგუს, მისი დამარინადებაც კი შეიძლება.
ხურმა- სასარგებლო და გემრიელი
ის ნამდვილად შემოდგომის ხილია და ყველაზე გემრიელი პირველი ყინვების დროს ხდება. თუ ხილის სახით მისი მიღება არ გვხიბლავს, შეგვიძლია სალათი ვცადოთ. შესანიშნავი ვარიანტია თხლად დაჭრილი ხურმა თხის ყველით და გოგრის თესლებით, შესაკმაზად თითქმის ყველაფერი უხდება: ზეითუნის ზეთი, ბალზამიკო, ან უბრალოდ ლიმონის წვენი თაფლით.
კენკრა - ვიტამინების ნაკრები
მართალია, კენკრის სეზონი ნოემბერი არ არის, მაგრამ მისი შოვნა ამ დროს ჯერ კიდევ შეიძლება. გარდა ამისა, გაყინული კენკრაც არ ჩამოუვარდება ცოცხალს სასარგებლო თვისებების შემცველობით. კარგი იქნება, თუ კენკრას ჩავამატებთ ყოველდღიურ რაციონში: ფაფებში, რძიან კოქტეილში, მოვამზადებთ სოუსებს ხორცისთვის.
ბოჟოლე - სეზონური ღვინო
ახალი წითელი ღვინო ბურგუნდიიდან რესტორნებსა და ვინოთეკებში სწორედ ნოემბრის დასაწყისში ჩნდება, დაახლოებით ერთი თვით. ეს იმიტომ, რომ ბოჟოლე ნუვო ახალი ღვინოა, რომელსაც დაყენებიდან მალევე სვამენ და დახლზე გამოჩენისთანავე "იტაცებენ" მოყვარულები. ის სწორედ ნოემბერშია "საუკეთესო ფორმაში" და არ არის განკუთვნილი ხანგრძლივი შენახვისთვის.