„მინდა საქართველოს გავუზარდო ქართველი შვილები და ამ სოფელში საქმიანობით, სიყვარული ავუხსნა საქართველოს“ − ნახეთ ახალგაზრდა ცოლ-ქმრის მეურნეობა სოფელ ვაქირში - Gemrielia.ge

„მინდა საქართველოს გავუზარდო ქართველი შვილები და ამ სოფელში საქმიანობით, სიყვარული ავუხსნა საქართველოს“ − ნახეთ ახალგაზრდა ცოლ-ქმრის მეურნეობა სოფელ ვაქირში

თამარა ნინიძე და ალექსანდრე დემეტრაშვილი ახალგაზრდა წყვილია, რომლებიც ქიზიყის რაიონის სოფელ ვაქირში აგროტურისტულ მეურნეობას უძღვებიან.

 

როგორც თამარა ამბობს, მისი ოჯახი მოსკოვში ცხოვრობდა, თუმცა არ დაუკარგავს კავშირი სამშობლოსთან და ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში არდადეგებზე. ზრდასრულ ასაკში კი საბოლოოდ გადაწყვიტა დაბრუნება და აქ ცხოვრება:

 

 

"პირველად, როცა ლექსომ ჩამომიყვანა ვაქირში და გამაცნო თავისიანები, ჩემმა მომავალმა დედამთილმა ეკამ გაშალა სუფრა და რაც იყო სუფრაზე, მარილის და პილპილის გარდა, ყველაფერი მისი მოყვანილი იყო. ღვინო იყო ჩემი მომავალი მამამთილის - ზაქროს დაყენებული. იმდენად მომეწონა გემო, გარემო, კავკასიონის და ალაზნის ხედი - იმდენად მოვიხიბლე ამ ყველაფრით, რომ მაშინვე რაღაც გაჩნდა, ვიფიქრე, რამდენად იქნებოდა ეს ადგილი საინტერესო ტურისტებისთვის.

 

...როცა მომეცა საშუალება, ფინანსური და ყველანაირი გადავწყვიტე, რომ მინდა ვიცხოვრო საქართველოში, მინდა დავოჯახდე საქართველოში, მინდა საქართველოს გავუზარდო ქართველი შვილები და ამ სოფელში საქმიანობით, სიყვარული ავუხსნა საქართველოს" - ყვება თამარა.

 

ახალგაზრდა ქალის ძალისხმევამ, მეუღლის სოფელი ტურისტულ რუკაზე გამოეჩინა და მსოფლიოსთვის გაეცნო, რამდენიმეწლიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგად ახდა - კახეთის ერთ პატარა სოფელში ერთმა ოჯახმა ოთხი წლის განმავლობაში 42 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელს უმასპინძლა. ვაქირში ორმა უცხოელმა წყვილმა ქორწილიც კი გადაიხადა.

 

vaqiristumari-1624096556.jpg

 

ალექსანდრე ამბობს, რომ მის ოჯახს მუდმივად ჰქონდა ვენახი და ოჯახისთვის საჭირო პროდუქტებიც ყოველთვის მოჰყავდათ. დემეტრაშვილებს რამდენიმე სახეობის ყურძენი აქვთ და ღვინოს წურავენ: რქაწითელს, საფერავს, ასევე ადგილობრივ ჯიშს - ვაქირულას, რომელიც მხოლოდ აღნიშნულ მიკროზონაში მოდის. რადგან მათი ოჯახური ღვინო ტურისტებში დიდ მოწონებას იმსახურებს, გადაწყვეტილი აქვთ მისი ჩამოსხმა და რეალიზება.

 

გააგრძელეთ კითხვა