ნინო ბურჯანაძე: „ცომეულს უფრო დიდი სიამოვნებით ვაკეთებ, თევზს ვაკეთებ ძალიან კარგს, სპეციალურ სოუსში...“ - როგორი დიასახლისია პოლიტიკოსი
"ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია "მთავარს" სახლში უმასპინძლა და მისი ერთი დღის შესახებ უამბო. მკაცრი იმიჯის მქონე პოლიტიკოსი ქალი ოჯახსა და სახლზე იშვიათად საუბრობს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, სახლში ყოფნა, სამზარეულოში ფუსფუსი და დალაგება დიდ სიამოვნებას ანიჭებს.
"თურქული ყავა მიყვარს, მაგრამ დილით არ ვსვამ. მიყვარს ყავის მანქანით მომზადებული ყავა, მაგარი და უშაქრო. დილა რთულია ხოლმე, სანამ ფორმაში მოხვალ და დაიწყებ აქტიურ საქმიანობას. რომ გითხრათ, ვდგები და ფრენა მინდათქო, მოგატყუებთ. ძალიან ცოტა მძინავს, ბავშვობიდან ასეა. ერთმა ჩემმა კოლეგამ, პარლამენტში ყოფნისას შემომჩივლა: მე ვერ ვიძინებ, ღამე კარგად გძინავსო? კი-მეთქი, როგორც დავწვები მაშინვე მეძინება-მეთქი. გაუკვირდა, ასეთი გრაფიკის ფონზე, რომელზე იძინებო? სამზე ან ოთხზე-მეთქი, მაგ დროს მეც მეძინებაო. არ მიყვარს ძილი და მაღიზიანებს ძილში დროის კარგვა", - ამბობს პოლიტიკოსი.
ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, სახლში განსაკუთრებით უყვარს ბაღში ყოფნა, სადაც მაგიდაზე ხელოვნური შადრევანი, შემინული კედლები, უამრავი მცენარე და კარგი მოსასვენებელი სივრცეა
"სახლში ყოფნა მიყვარს. სახლში არ მბეზრდება, არ მწყინდება, ყოველთვის არის რაღაც გასაკეთებელი, წასაკითხი, სანახავი...
ძალიან მიყვარს წესრიგი. ერთხელ სახლს ვალაგებდი და ჩემმა ქმარმა მითხრა, სულ დალაგებულია და რას ალაგებ ამდენსო. მირჩევნია ვიყო დაღლილი, მაგრამ დავჯდე მოწესრიგებულ და სუფთა გარემოში...
ძალიან მიყვარს სამზარეულოს ნივთების ყიდვა. ყოველთვის, როცა უცხოეთში ვიყავი და ვარ, პირველი რასაც ვაქცევ ყურადღებას და ყიდვა მინდა, ეს არის სამზარეულოს ნივთები. გამოსაცხობად ბევრი რამ მაქვს, რაც მიადვილებს კეთებას. ცომეულს უფრო დიდი სიამოვნებით ვაკეთებ. თევზს ვაკეთებ ძალიან კარგს, სპეციალურ სოუსში, რომელიც ყველას ძალიან მოსწონს" - ამბობს ბურჯანაძე.