ფოლგა, ცელოფანი, კონტეინერი - რომელი რისთვის უნდა გამოვიყენოთ? - პრაქტიკული რჩევები დიასახლისებისთვის - Gemrielia.ge

ფოლგა, ცელოფანი, კონტეინერი - რომელი რისთვის უნდა გამოვიყენოთ? - პრაქტიკული რჩევები დიასახლისებისთვის

რაც უნდა ვეცადოთ, რომ პროდუქტები იმ ვადაში შევინახოთ, რაც მისთვისაა განკუთვნილი, ვერ შევძლებთ თუ არ დავიცავთ გარკვეულ წესებს და სწორად არ მოვათავსებთ - შესაბამის ტემპერატურაზე და შესაბამის გარემოში. სამზარეულოს თანამედროვე ინვენტარი და ტექნოლოგიები გვაძლევს საშუალებას, რომ შენახვის ხანგრძლივობა გავზარდოთ და არც პროდუქტის ხარისხი დაქვეითდეს.

 

შესაფუთი ცელოფანი

 

 

პროდუქტების შეფუთვის ძალიან კარგი საშუალებაა შესაფუთი საკვები ცელოფანი, რომელიც მჭიდროდ ეკვრის პროდუქტს. იგი გამოდგება ხორცის, შებოლილი თევზის, ზოგიერთი ხილისა და ბოსტნეულისთვის, თუმცა, ნაკლებად სასურველია ძეხვის, ყველისა და კარაქის შესანახად, რადგან ძეხვი ფერს იცვლის, ყველი კი, დიდი ხნის განმავლობაში ასე შეფუთვის შემთხვევაში, თეთრ ნადებს იკეთებს. ასევე არ გირჩევთ კარაქის ამ ფორმით შენახვას. საკვები ცელოფანი უნდა შევარჩიოთ ხარისხის მიხედვით _ იგი უნდა იყოს დამზადებული ელასტიკური, მკვრივი და ამასთანავე, კვების პროდუქტებისთვის სრულიად უსაფრთხო მასალისგან. ცელოფანი ადვილად უნდა ეწებებოდეს პროდუქტს და ადვილად არ იხეოდეს. ერთ პრაქტიკულ რჩევას მოგცემთ _ საკვები ცელოფანი დააკარით მაცივრის თაროებს, ამით მაცივარს ადვილად დაიცავთ ჭუჭყისგან და არც ხშირი რეცხვა დაგჭირდებათ. გასვრის შემთხვევაში, მარტივად მოხსნით ცელოფნის ფენას და მის ნაცვლად სხვას დააფენთ.

 

ცელოფნის პაკეტები

 

 

ცელოფნის რულონის კარგი ალტერნატივაა დასაფასოებელი ცელოფნის პაკეტები, რომლებიც ჰერმეტულად იკვრება. იგი იცავს პროდუქტს გამოშრობისაგან და უნარჩუნებს არომატს. ამ პაკეტებით ძალიან კარგად ინახება პროდუქტები საყინულეში, მაგალითად _ კენკრა, სოკო, მწვანე ბარდა, დაჭრილი ბოსტნეული და ა.შ.

 

ფოლგა

 

 

პროდუქტების შეფუთვის გამოცდილი მეთოდია ფოლგაში შეხვევა. ეს მასალა ზედგამოჭრილია ცხიმოვანი პროდუქტებისთვის _ ძეხვის, ყველის, კარაქის შესანახად. ფოლგაში შეიძლება შევინახოთ მომზადებული თევზი ან ხორცი, იგი ამ პროდუქტებს იცავს ბაქტერიებისგან, ინარჩუნებს წვნიან ტექსტურას და არომატს, ამასთან პროდუქტის სუნს არ ატარებს. ფოლგაში შეგიძლიათ გაახვიოთ ბანანი. ასე იგი დიდი ხნის განმავლობაში არ გამუქდება. ფოლგა არ გამოიყენოთ მჟავე ხილის შემთხვევაში, შესაძლოა მოხდეს ქიმიური რეაქცია და მავნე ნივთიერებები გააქტიურდეს.

 

კონტეინერები

 

 

პროდუქტების შენახვის ოპტიმალური საშუალება კონტეინერებია. მის მთავარ ღირსებად ითვლება ის, რომ თითქმის ყველაფრის შენახვა შეიძლება კონტეინერებში. კონტეინერებით შეიძლება პროდუქტების ხანგრძლივი გაყინვაც. ზოგიერთი კონტეინერი გათვლილია -20-დან +120 გრადუსამდე, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ ასეთ კონტეინერებში გაცივებული კერძი შეგვიძლია პირდაპირ შევათბოთ ან გავალღოთ. კონტეინერები, რომლებსაც ჰერმეტული საფარებლები აქვს, თავისუფლად შეიძლება გამოვიყენოთ თხევადი პროდუქტებისა და კერძების შესანახად. გირჩევთ, ოთხკუთხა კონტეინერები შეიძინოთ, უფრო ადვილად მოათავსებთ მაცივარში.

 

პურის შესანახი ყუთი

 

 

პურის შესანახად განსხვავებული პირობებია საჭირო, ამისთვის არც ცელოფანი გამოდგება და არც _ კონტეინერი. ჩვენი წინაპრები დიდი რაოდენობით გამომცხვარ პურს ხის სათავსოში, კიდობანში ინახავდნენ, სადაც იგი 2-3 კვირა ძლებდა. მართალია, ამას ხელს ისიც უწყობდა, რომ საუკეთესო ხარისხის პური ცხვებოდა, მაგრამ ხის მასალა მართლა საუკეთესოა პურის შესანახად. აქ მთავარ პრობლემას ხის საპურის გაწმენდა წარმოადგენს. არ არის რეკომენდებული მისი რეცხვა, ასე ზიანდება. პერიოდულად უნდა გაიწმინდოს ლიმონის ნაჭრით ან ძმრიანი, გაწურული ტილოთი, რის შემდეგაც კარგად უნდა გაშრეს, სინესტე რომ არ შეჰყვეს, თორემ პურს დააობებს. პროდუქტების სწორი მეთოდებით შენახვა არა მხოლოდ მის საგემოვნო თვისებებზე იმოქმედებს დადებითად, არამედ, ხანგრძლივად შეინახება და ოჯახის ბიუჯეტსაც გარკვეულწილად შეღავათს გაუწევს.