7 პროდუქტი, რომელთა ღამით ჭამას ვერავინ ბედავს, არადა შეიძლება - Gemrielia.ge

7 პროდუქტი, რომელთა ღამით ჭამას ვერავინ ბედავს, არადა შეიძლება

ღამით კვება არ არის სასურველი, თუმცა, ზოგჯერ ხდება, რომ მაინც წაგვძლევს სული. ასეთ დროს რა მივირთვათ და რა რაოდენობით?  სწორედ ამის შესახებ გესაუბრებით ამ სტატიაში.

 

საღამოს 6 საათის შემდეგ კვების შეწყვეტა ბევრ დიეტოლოგს სულაც არ მიაჩნია საუკეთესო გამოსავლად. ზოგი მათგანი მიიჩნევს, რომ საკმარისია დაძინებამდე 3 საათით ადრე არაფერი ვჭამოთ.

 

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მთელი დღის განმავლობაში ვერ ვახერხებთ საკვების მიღებას, რის გამოც ჩვენი ორგანიზმი განიცდის სტრესს. ამ დროს თავს ნუ დავიტანჯავთ, უბრალოდ, რამდენიმე რეკომენდაცია გავითვალისწინოთ. საკვების მიღების შემდეგ მაშინვე დაძინება არ შეიძლება, 1-2 საათი მაინც უნდა გავიდეს. ასევე შევარჩიოთ ის პროდუქტები, რომლებსაც ორგანიზმი უფრო ადვილად გადაამუშავებს. საქმე ისაა, რომ საღამოს ორგანიზმი საჭმლის გადამუშავებაზე უფრო ნაკლებ ენერგიას ხარჯავს, ვიდრე საუზმისას, ამიტომ მძიმე, კალორიული კერძები და ალკოჰოლი გამოვრიცხოთ. საუკეთესო არჩევანია ცილებით გამდიდრებული საკვები, ხოლო ნახშირწყლებსა და ცხიმებს უნდა ვერიდოთ.

 

თევზეული

 

 

ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს დაბალცხიმიანი, თეთრი თევზი (ვირთევზა, მერლუზა, იგივე ხეკი და სხვა.) ბოსტნეულის თანხლებით. ჯობს იგი მოვამზადოთ ორთქლზე, ღუმელში ან მოვხარშოთ, შემწვარისგან თავი შევიკავოთ. თევზის ულუფა 100 გრამს არ უნდა აღემატებოდეს. თავი შევიკავოთ თევზთან ყველისა და ნაღების გამოყენებისაგან.

 

რძის პროდუქტები

 

 

რძის პროდუქტებიდან ღამით მისაღებად იდეალურია 1 ჭიქა უცხიმო მაწონი ან კეფირი. თუ ეს არ გვაკმაყოფილებს, შეიძლება მაწონს კენკრა, გრანოლა და სულ ცოტა თხილეული დავუმატოთ.

 

ფრინველის ხორცი

 

 

თუ აუცილებლად ხორცის ჭამა გვსურს, მაშინ ფრინველის ხორცზე შევაჩეროთ არჩევანი, გამოვიყენოთ ფილე და მოვამზადოთ ღუმელში არომატულ მწვანილთან ერთად. მისი მომზადება ასევე შეიძლება გრილზეც. ქათმის ხორცის რაოდენობა არ უნდა გასცდეს 150 გრამს.

 

კვერცხი

 

 

ღამით ასევე შეიძლება მივირთვათ ცოტა კვერცხიც ომლეტის სახით, რომელიც მომზადდება სულ ცოტა ცხიმზე და დაემატება ბოსტნეული. კიდევ უფრო უკეთესია თუ კვერცხის ცილის ომლეტს მოვამზადებთ, რადგან, ამ პროდუქტში ყველაზე კალორიული გულია.

 

ზღვის პროდუქტები

 

 

ზღვის პროდუქტები საუკეთესო არჩევანია ღამით მისართმევად. ისინი დიდი რაოდენობით ცილებს შეიცავს და ორგანიზმი ადვილად ითვისებს. ზღვის პროდუქტებს შეგვიძლია ცოტა ავოკადო და მწვანე სალათი დავუმატოთ _ მივიღებთ არაჩვეულებრივ სალათას, რომელიც თამამად შეგვიძლია მივირთვათ შუაღამისას.

 

თხილეული

 

 

მიუხედავად იმისა, რომ თხილეული ძალიან კალორიულია, საღამოს მაინც შეგვიძლია მივცეთ თავს უფლება და ცოტაოდენი მივირთვათ. თხილი შიმშილის გრძნობას გაგვიქრობს, თანაც გაამდიდრებს ჩვენს ორგანიზმს ძალიან სასარგებლო ნივთიერებებით.

 

ბოსტნეული

 

 

მცენარეული პროდუქტები ძალიან კარგი არჩევანია შუაღამისას, განსაკუთრებით კი, მწვანე სალათა, ახალი ისპანახი და მწვანილი. ჯობს, მოვერიდოთ სახამებლის შემცველ ბოსტნეულს, როგორიცაა მაგალითად, კარტოფილი, ბულგარული წიწაკა, სიმინდი და ა.შ. ბოსტნეული შეგვიძლია გრილზეც მოვამზადოთ, ასევე მოვხარშოთ ნაკლებცხიმიანი კრემსუპი, სალათები ახალი პროდუქტებით, მთავარია, რომ არ მოვშუშოთ და ცხიმში არ დავამუშაოთ თერმულად. როგორც ატყობთ, არჩევანი მართლაც დიდია, მთავარია ზომიერების შეგრძნება და სწორი ტექნოლოგიის არჩევა.