როგორ შევინახოთ რძის ნაწარმი ზაფხულში, რომ მალე არ გაგვიფუჭდეს - Gemrielia.ge

როგორ შევინახოთ რძის ნაწარმი ზაფხულში, რომ მალე არ გაგვიფუჭდეს

 
ზაფხულში მალფუჭებადი პროდუქტების შენახვა პრობლემური საკითხია. ხშირია შემთხვევები, როდესაც ვადიანი პროდუქტი გაფუჭებული გვხვდება და ამაში დამნაშავე არც წარმოებაა და არც რეალიზაცია. რეალურად, ტემპერატურა იმდენად მაღალ ნიშნულს აღწევს, რომ პროდუქტი შეიძლება მაღაზიიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე გაგვიფუჭდეთ ან მაცივარმა ვერ შეძლოს მისი სათანადოდ შენახვა. ასეთი პრობლემები ყველაზე ხშირად რძის ნაწარმს ექმნება ხოლმე. 


 


ქართულ ბაზარზე რძის პროდუქტების დიდი არჩევანია, როგორც იმპორტირებული ასევე ადგილზე წარმოების.  გთავაზობთ „ნიკორას“ შვილობილი კომპანიის, რძის საწარმოს „დღის პროდუქტების“ ტექნოლოგის ნინო ბურძგლას რჩევებს, თუ როგორ უნდა შეინახოთ და წაიღოთ რძის ნაწარმი, ისე რომ არ გაგიფუჭდეთ. 



•    მაღაზიაში რძე და რძის ნაწარმი კალათში ჩადეთ სულ ბოლოს,  როდესაც სხვა პროდუქტები უკვე აღებული და აწონილი გექნებათ.


 


•    მაქსიმალური დრო, როდესაც მაღაზიიდან სახლამდე რძის ნაწარმი შეიძლება უმაცივროდ იყოს, 2 საათია. თუმცა სასურველია, თუ ეს დრო ნახევარ საათზე მეტი არ იქნება. მანქანაში ყურადღებით ჩაალაგეთ პროდუქცია. მის გვერდით არ უნდა იდოს რამე ცხელი და მზე პირდაპირ არ უნდა ანათებდეს.


 


 
რძე და ნაღები

 

•    რძის შეფუთვაზე მითითებულია ვადა. თუმცა არ დაგავიწყდეთ ვადა, რომელიც შეფუთვის გახსნიდან უნდა გადაითვალოთ და რომელიც ასევე მითითებულია ეტიკეტზე.


 


•    არასდროს შეინახოთ რძე მაცივრის კარზე, სადაც ის ტემპერატურულ ცვლილებას მაცივრის ყოველ გამოღებაზე განიცდის.


 


•    რძე და ნაღები უნდა შეინახოთ მაცივარში, სადაც ტემპერატურაც 3–4 გრადუსია. სასურველია, რძე იყოს კარგად თავდახურულ ჭურჭელში.  


 



 
•    თუ რძეს აადუღებთ, დაელოდეთ, რომ გაცივდეს და ისე შეინახეთ მაცივარში. 


 

კარაქი

 


•    სასურველია კარაქი შეინახოთ საყინულეში და მცირე პორციები გადმოიტანოთ ხოლმე სამაცივრე განყოფილებაში. 


 


•    კარაქი აუცილებლად უნდა შეინახოთ მჭიდროდ შეფუთული ან თავდახურულ კონტეინერში. 


 


•    კარაქი არ დადოთ არომატული საკვების გვერდით, ის მარტვად იღებს სუნსა და გემოს. 


 

ყველი

 


•    ყველს შედარებით დიდი შენახვის ვადა აქვს. თუმცა ის აუცილებლად უნდა იყოს თავდახურულ მდგომარეობაში, კონტეინერში. პარკში ჩადებული ყველი არასასიამოვნო სუნს მიიღებს და მალე სტრუქტურაც გაუფუჭდება.


 


•    თუ იმერული ყველი შედარებით დიდი ხანი ძლებს უმაცივროდ, სულგუნი და მოცარელა არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ მაცივრის გარეთ, რადგან ის დარბილდება და უსიამოვნო საჭმელი გახდება. 
 



 

მაწონი

 

•    მაწონი მჟავიანობით ცნობილი პროდუქტია. მას მჟავიანობა მაღალ ტემპერატურაზე ემატება. ამიტომ არასდროს დატოვოთ მაწონი უმაცივროდ. თუ გსურთ, ოდნავ შეთბეს და ისე მიირთვათ თქვენ ან თქვენმა შვილმა, მაშინ ჭიქაში გადმოიღეთ იმდენი, რამდენიც გსურთ და ის შეათბეთ. მთელ ქილა მაწონს ნუ გამოიღებთ გასათბობად, თორე ის მალე აგიმჟავდებათ.


 


შეიძინეთ ხარისხიანი პროდუქცია, დაიცავით შენახვის წესები და იყავით ჯანმრთელები!