„კაფეს მეპატრონეს ხაჭაპური ისე მოეწონა, რომ პარასკევი ხაჭაპურის დღედ დავაწესეთ“ - გაიცანით ქართველი ქალი, რომელმაც აშშ-ს პატარა ქალაქს ქართული სამზარეულო შეაყვარა - Gemrielia.ge

„კაფეს მეპატრონეს ხაჭაპური ისე მოეწონა, რომ პარასკევი ხაჭაპურის დღედ დავაწესეთ“ - გაიცანით ქართველი ქალი, რომელმაც აშშ-ს პატარა ქალაქს ქართული სამზარეულო შეაყვარა

დონა გიორგაძე 29 წლის იყო, როდესაც ამერიკას პირველად ესტუმრა. შემდეგ იყო პირველი სამსახური, ახალი სიყვარული და დაბრუნება ისევ სამშობლოში. რამდენიმე წელიწადში კი ორ შვილთან ერთად დატოვა საქართველო და ახალი ცხოვრების დასაწყებად შტატებში სამუდამოდ წავიდა. უცხო ქვეყანაში თავის დასამკვიდრებლად კულინარიით გატაცება იდეალური საშუალება აღმოჩნდა. დღეს დონას აშშ-ს პატარა ქალაქში ყველა იცნობს - უფრო მეტიც, აგვისტოში მისი პირველი წიგნი გამოვა ქართული სამზარეულოს შესახებ...

 

 

როგორ მოხვდა დონა ამერიკაში და როგორ დაიწყო ახალი ცხოვრება, წაიკითხეთ აქ

 

„საჭმელების კეთება მხოლოდ მოყვარულის დონეზე შემეძლო. როცა დრო მქონდა, მიყვარდა აქაური კულინარიული გადაცემების ყურება და შემდეგ მომზადება. ძალიან ბევრი ინგრედიენტის არსებობა არც ვიცოდი. მუშაობის უფლების მიღების მერე ვეძებდი სამუშაოებს ნებისმიერ სფეროში რაც კი ჩემს ქალაქში იყო, ვავსებდი აპლიკაციას ყველგან, ყველანაირ სამუშაოზე და ხელფასზე ვიყავი თანახმა.

 

ბოლოს ერთ კოფი-შოფში ამიყვანეს ბარისტად. აქვე აცხობდენ პურებს, კრუასანებს, მაფინებს და სხვა ტკბილეულობას, სენდვიჩებსაც ვაკეთებდით ლანჩის დროს. მოკლედ, ძალიან მჩქეფარე და დატვირთული კაფე იყო. ამ კაფიდან უამრავი არაჩვეულებრივი ადამიანი გავიცანი, რამდენიმე დღეში ვიცოდი მათი საყვარელი სასმელები და როგოც კი დავინახავდი პარკინგზე, მაშინვე ვიწყებდი მათ მომზადებას. მათთან ურთიერთობაც, საუბარი ძალიან მომწონდა, მთელი ეს პროცესი ძალიან მავსებდა, მიუხედავად იმისა რომ 8 საათი ფაქტიურად ფეხზე ვიდექი და გაუჩერებლად ვმუშაობდი. ერთ წელიწადში მეპატრონეებმა მენეჯერობა შემომთავაზეს. რამდენიმე ძალიან კარგი თანამშრომელი ავიყვანე და ფანტასტიური პატარა გუნდი გავაკეთე.

 

 

ერთ დღეს ხაჭაპურიც გავუკეთე მეპატრონეებს და ისე მოეწონათ, რომ პარასკევი ხაჭაპურის დღედ დავაწესეთ. ძალიან ბედნიერი ვიყავი სპეციალურად ამისთვის რომ მოდიოდნენ კლიენტები. ერთი წლის მერე წამოვედი, ყველაფერი ვისწავლე და გავაკეთე რისი გაკეთებაც შემეძლო, ამაზე წინ ვერც კარიერულად წავიდოდი და ვერც ფინანსურად, რამე სხვა უნდა მომეფიქრებინა. პარალელურად რამდენიმე თვე რესტორანშიც ვმუშაობდი მიმტანად. ერთ ახლად გახსნილ რესტორანში ამიყვანეს სხვა 30 ადამიანთან ერთად, დაგვატრენინგეს და შეგვყარეს მოედანზე. სამ დღეში 30კაციდან ხუთი ვიყავით დარჩენილი. არა იმიტომ, რომ ისინი ცუდები იყვნენ, რესტორნის მეპატრონე იყო ყოვლად უზრდელი და უხეში ადამიანი და არცერთი ამერიკელი ამას არ შეეგუებოდა. მე საქართველოში ისეთი უფროსის ხელში ვიყავი გამოწვრთნილი, ეს იმასთან შედარებით კანფეტი იყო.

 

 

8 თვე გავუძელი დილით კოფი-შოფში და საღამოს რესტორანში მუშაობას. ორიოდე წელიწადში უკვე ლამის ნახევარ ქალაქს ვიცნობდი. არ არსებობდა ადგილი, სადაც არ უნდა წავსულიყავი, რომ ნაცნობი არ შემხვედროდა. ამან გამიადვილა ჩემი საკუთარი ბიზნესის დაწყება. ამ სამუშაოების პარალელურად, რასაც ვაკეთებდი სახლში (საჭმელებს) ფოტოებს ვუღებდი და რეცეპტებს ვწერდი. გადავწყვიტე ჩემი ვებ-გვერდი გამეკეთებინა და იქ ამეტვირთა რეცეპტები. ეგეც მე თვითონ ვისწავლე - რომელი ვებსაიტის დიზაინერი მე ვიყავი? მაგრამ დაილოცოს youtube, იქიდან ვისწავლე ყველაფერი. მერე სავიზიტო ბარათებიც დავბეჭდე და 2013 წლის აპრილში კოფი-შოფი დავტოვე. ამ დროს მხოლოდ ერთი კლიენტი მყავდა (ბავშვის მომვლელად რომ ვმუშაობდი ის ოჯახი).

სოციალურმა ქსელმა ძალიან დიდი გავლენა იქონია, აქაური მეგობრები ხედავდნენ რას ვაკეთებდი და მიუხედავად იმისა, რომ ახლანდელი გადასახედიდან, არც ფოტო ვარგა და არც კერძი, მაინც მოსწონდათ. ეხლა რომ ვფიქრობ, მეცინება - არც კი ვიცი რანაირად დავიბრალე რომ შეფი ვიყავი. არანაირი კურსი მე არ გამივლია, ყველაფერი წიგნებიდან და youtube-დან მაქვს ნასწავლი. ფაქტია გამოვიდა. უარი არაფერზე არ მითქვამს, არც ერთ შემოთავაზებაზე, იქნებოდა ეს 20-კაციანი წვეულება თუ 100-კაციანი სადილი. რანაირად შევძელი არ ვიცი!

 

 

ამ 8 წლის განმავლობაში უამრავ ოჯახს ვემსახურე როგორც პერსონალური შეფი, მათ შორის ზოგი ვეგანი, გლუტენ ფრი ან სხვა დიეტური შეზღუდვების იყო. შესაბამისად, ყველა დიეტის და მათი სპეციფიკაციის შესწავლა მომიწია და ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოწვევა იყო.

 

გააგრძელეთ კითხვა