დასტამბო - ნესვისმაგვარი ხილი, რომელიც ათობით დაავადებას კურნავს - Gemrielia.ge

დასტამბო - ნესვისმაგვარი ხილი, რომელიც ათობით დაავადებას კურნავს

დასტამბო (ლათ. Cucumis cantalupensis) ნესვის სახეობის ხილია. იგი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა სახელით არის ცნობილი: ქიზიყურად დანტაბო ან დაჰტამბო ჰქვია, იმერულად – პუმპულა, ინგილოურად – დესტამბუ, რაფიელ ერისთავი ნესვპუმპულას უწოდებს. 

 

სამკურნალო მცენარეთა ლექსიკონის მიხედვით, დასტამბო არის ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარის Cucumis-ის გვარი გოგრისებრთა ოჯახისა. აქვს მომრგვალო-დაკურთხული ღერო, გრძელყუნწიანი და მსხვილი ფოთოლი, ცალსქესიანი, ზოგჯერ ორსქესიანი ყვავილი. ნაყოფი მრავალთესლიანი გოგრულაა, რომელსაც სხვადასხვა ფორმა აქვს. ნესვის სამშობლოდ ითვლება შუა და მცირე აზია. სითბოს მოყვარული მცენარეა, უძლებს გვალვას. კარგად ხარობს 25-30°C ტემპერატურაზე.

 

ფოტო: ნონა ოთარაშვილი

 

ნაყოფი ძვირფასი საკვები და დიეტური პროდუქტია. დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს, C ვიტამინს, კაროტინს, პექტინოვან ნივთიერებას და მინერალურ მარილებს. იყენებენ ნედლად, აგრეთვე შემჭკნარსა და გამხმარს. მისგან ამზადებენ ხილფაფას, მურაბას, ცუკატს, მარმელადსა და სხვას.

 

დასტამბოს (ისე,როგორც ნესვის სხვა ჯიშებს) ნედლად იყენებენ ბრონქიტის, ტუბერკულოზის, სასუნთქი გზების, ნერვულ-ტროფიული პროცესების სამკურნალოდ. იგი არეგულირებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას, აწესრიგებს სისხლის რაოდენობას, კურნავს სისხლ-ძარღვთა დაავადებებს, ღვიძლსა და თირკმლებს, თუმცა აქვს უკუქმედება შაქრიან დიაბეტზე და დისპერსიაზე.

 

ფოტო: ფიქრია შალაშვილი

 

ნაყოფს სასიამოვნო გემო და სურნელი აქვს, რომელიც ხშირად მთელ სახლში ვრცელდება. უფრო მეტიც, სასიამოვნო სურნელის დასაყენებლად სახლის სხვადასხვა ოთახში აწყობენ.

 

თქვენ თუ გაგისინჯავთ ეს ხილი?