10 ყველაზე საშიში საკვები დანამატი - დააკვირდით შეფუთვაზე ამ აღნიშვნებს! - Gemrielia.ge

10 ყველაზე საშიში საკვები დანამატი - დააკვირდით შეფუთვაზე ამ აღნიშვნებს!

ვიცით, რომ თანამედროვე ადამიანი ისე აღარ იკვებება, როგორც მისი წინაპარი. ბოლო ასწლეულის მანძილზე გაჩნდა ისეთი პროდუქტები, რომლებიც კვების მრეწველობაში სრულიად ახალი ტექნოლოგიების შედეგია. არსებითად შეცვლილია საკვებ ინგრედიენტთა შენახვისა და გადაზიდვის პირობები, შესაბამისად, მთელ მსოფლიოში ადამიანებს ისეთი პროდუქტის ჭამა შეუძლიათ, რომელთაც მათი ბებია-ბაბუები არც კი იცნობდნენ.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ, კვების მრეწველობაში დადებითი ცვლილებების პარალელურად, ადამიანთა ცხოვრებაში უამრავი უარყოფითი მომენტიც გაჩნდა. პროდუქტების სამომხმარებლო თვისებების (გემო, შენახვის ვადა, იერსახე) გასაუმჯობესებლად მწარმოებლები მათ სპეციალურ ნივთიერებებს უმატებენ, მათ შორის, ადამიანის ორგანიზმისთვის საფრთხის შემცველსაც. მომხმარებელი კი ხშირად არც უკვირდება საკვების საიმედოობას და სახიფათო პროდუქტს რეგულარულად მოიხმარს.

 

ამჯერად თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ ყველაზე საშიში საკვები დანამატების ტოპათეულზე, რომლებიც ფართოდ გავრცელებული საკვებისა და კოსმეტიკური პროდუქციის შემადგენლობაში შედის.

 

 

1) სინთეზური დამატკბობლები

 

ლიმონათისა და სხვა ტკბილი გაზიანი სასმელების წარმოებაში ფართოდ გამოიყენება შაქრის ხელოვნური შემცვლელები, რომლებიც არა მხოლოდ აუმჯობესებს პროდუქტის გემოს, ამცირებს მათ თვითღირებულებასაც. დამატკბობლებიდან განსაკუთრებით სახიფათოა ასპარტამი და კალიუმის აცესულფამი. პირველს კანცეროგენული მოქმედება აქვს, რომელიც არაერთი კვლევითაა დადასტურებული (ხანგრძლივი გამოყენებისას იწვევს კანის პრობლემებს და აზიანებს კბილის მინანქარს). გარდა ამისა, ასპარტამის შემადგენლობაში შედის ნივთიერება ფენილალანინი, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს ფსიქიკაზე. ამ უკანასკნელის დაგროვება ორგანიზმში პანიკურ შეტევებსა და დეპრესიულ მდგომარეობათა განვითარებას უწყობს ხელს. კალიუმის აცესულფამი კი თირკმელების პათოლოგიებს იწვევს, მათ შორის - ავთვისებიან დაავადებასაც.
 

საკვები პროდუქტების რეცეპტურაში ასპარტამი - “E 951”, აცესულფამი კი “E 950” ან “Sunett” აღნიშვნით ფიგურირებს. ეს ორი ნივთიერება ფართოდ გამოიყენება არა მხოლოდ ლიმონათისა და საზოგადოდ, ტკბილი სასმელების, არამედ საკონდიტრო წარმოებაშიც. მეტიც, ზოგიერთი ფარმაცევტული ფირმა დამატკბობელ “E 950”-ს ამატებს აბების მფარავ მინანქარში.

 

 

2) სიმინდის სიროფი

 

სიმინდის სიროფი თავისთავად არც სინთეზური და არც მაინცდ მაინც მავნე პროდუქტია, თუმცა წარმოების პროცესში ფერმენტებითა და დამატებითი ფრუქტოზით გამდიდრების სტადიას გადის. შედეგად მიიღება დანამატი, რომელიც შაქართან შედარებით მავნე კომპონენტებითაა გაჯერებული. სამწუხაროა ის, რომ პრაქტიკულად ყველა ტკბილი გაზიანი სასმელი და საბავშვო “სასუსნავი” (საღეჭი რეზინი, საწუწნი კანფეტები და ა. შ.) ერთ-ერთ ძირითად ინგრედიენტად შეიცავს სიმინდის სიროფს. აღნიშნული პროდუქციის სისტემატურად მოხმარების შემთხვევაში კი ორგანიზმი იღებს ისეთ დატვირთვას, რომელსაც ვეღარ უმკლავდება, სისხლში შაქრის დონე მნიშვნელოვნად იმატებს. სიმინდის სიროფისა და მისი შემცველი პროდუქციის ჭარბად მოხმარება მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის, გაცხიმოვნებისა და კვებითი დამოკიდებულების განვითარებას იწვევს.
 

 

3) ნატრიუმის გლუტამატი

 

ნატრიუმის გლუტამატი გემოს გამაძლიერებელია. პროდუქტთა შეფუთვაზე აღნიშნულია როგორც “E 621” ან “MSG”. ორგანიზმში დაგროვებისას შესაძლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოთა ეროზიული დაზიანება გამოიწვიოს. თუმცა მთავარი საფრთხე, რომელიც ნატრიუმის გლუტამატის გამოყენებას უკავშირდება, ის არის, რომ ამ დანამატის შემცველი პროდუქტები მიჩვევას იწვევს. ადამიანებს, რომლებიც ხშირად მიირთმევენ ნატრიუმის გლუტამატის შემცველ პროდუქტებს, სხვა საკვები უმარილო და უგემური ეჩვენებათ. ფაქტობრივად, ისინი ეჩვევიან ჯანმრთელობისთვის საზიანო საკვებს. რისკჯგუფში არიან ბავშვები და მოზარდები, რომლებსაც არ შეუძლიათ კვებითი ქცევის კონტროლი და პრაქტიკულად დამოკიდებულნი ხდებიან ჯანრთელობისათვის სახიფათო საკვებზე. “E 621” დანამატს აქტიურად რთავენ სწრაფი კვების პროდუქტებში (ე.წ. “ფასტ-ფუდში”), ჩიფსების, ორცხობილების, კონსერვების, შებოლილი თევზეულისა და ხორცეულის შემადგენლობაში. ჩამოთვლილ პროდუქტებს მაქსიმალურად უნდა ერიდოთ, იშვიათად და მცირე რაოდენობით მიირთვათ.

შეგახსენებთ, რომ მწარმოებლები შეგნებულად ასტიმულირებენ ამ ტიპის პროდუქციის ჭარბ მოხმარებას, რომ თავიანთი პროდუქცია ინტენსიურად გაასაღონ, განგებ რთავენ პროდუქტების შემადგენლობაში ასეთ დანამატს, რომ ადამიანი მათზე დამოკიდებული გახდეს, მხოლოდ ისინი შეიძინოს და სხვა საკვებზე უარი თქვას. ასე რომ, იფიქრეთ თქვენს ჯანმრთელობაზე, მწარმოებლები ხომ მხოლოდ გამდიდრებაზე ფიქრობენ!
 

 

4) ტრანსცხიმები

 

ეს ნივთიერებები საკვებს არც აგემრიელებს და არც სასარგებლოა, სამაგიეროდ, საგრძნობლად აიაფებს მის წარმოებას. ტრანსცხიმები ცვლიან ცხოველური და მცენარეული წარმოშობის ნატურალურ ცხიმებს, რაც კარგად ხელეწიფებათ არაკეთილსინდისიერ მწარმოებლებს. საკვებში ტრანსცხიმების გამოყენება იწვევს “ცუდი” ქოლესტერინის დაგროვებას და ნეგატიურ ცვლილებებს სისხლში. ყოველივე ეს კი ზრდის გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების განვითარების რისკს, იწვევს გაცხიმოვნებას, ნივთიერებათა ცვლის მოშლას (კერძოდ, შაქრიანი დიაბეტის აღმოცენებას), რეპროდუქციული სფეროს დარღვევებს, განსაკუთრებით მამაკაცებთან.
 

მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში კანონი ავალდებულებს მწარმოებელს, გააფრთხილოს მომხმარებელი საკვებ პროდუქტებში ტრანსცხიმების შემცველობაზე, ვალდებულებას ყოველთვის არც იქ იცავენ. საქართველოში კი ამ კუთხით სრულიად დაუცველები ვართ.


 

 

5) ხელოვნური საღებავები

 

ნატურალურ საღებავებს, ჩვეულებრივ, მცენარეული ნედლეულიდან გამოყოფენ. ისინი უსაფრთხოა, თუმცა თერმული დამუშავებისას ყოველთვის ვერ ავლენს მდგრადობას. თანაც ბუნებრივი, ნატურალური საღებავები მკვეთრ შეფერილობას ვერ ანიჭებს პროდუქციას. ამიტომაც მწარმოებლები უხშირესად ხელოვნურ საღებავებს იყენებენ. რაც უფრო კაშკაშა, მკვეთრი შეფერილობისაა საკვები პროდუქტი, მით უფრო მეტია ალბათობა, რომ ის ხელოვნური საღებავებითაა გაჯერებული. სამწუხაროდ, ამ მავნე ნივთიერებებს ამატებენ საკონდიტრო ნაწარმს, ძეხვეულს, ყველს, თევზეულის დელიკატესებს, სასმელებს და უამრავ მზა პროდუქტს, ფართოდ იყენებენ მათ აგრეთვე პარფიუმერულ-კოსმეტიკურ წარმოებაშიც. ყველა ხელოვნური საღებავი სერიოზული ალერგენია. ალერგიული რეაქციების გარდა იწვევს საჭმლის მონელების დარღვევასაც. ზოგიერთი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზეც მოქმედებს, რაც განსაკუთრებით საშიშია პატარებისათვის, ისინი ხომ კაშკაშა, თვალისმომჭრელი შეფერილობის პროდუქტთა - მარმელადების, კანფეტებისა და სხვა ტკბილეულის მოყვარულნი არიან. ხელოვნური საღებავები ბავშვებში მომატებულ აგზნებადობას, ყურადღების დაქვეითებასა და ინტელექტუალური განვითარების პრობლემებს წარმოშობს.

 

 

წაიკითხეთ ვრცლად