1500 კვ.მ.-ზე გადაჭიმული ვენახი სოფელ ხაშმში და უნიკალური გემოს ღვინო, რომელსაც ახალგაზრდა ქალი აყენებს - Gemrielia.ge

1500 კვ.მ.-ზე გადაჭიმული ვენახი სოფელ ხაშმში და უნიკალური გემოს ღვინო, რომელსაც ახალგაზრდა ქალი აყენებს

თაკი იმედაშვილი პროფესიით ბალერინა და ამავდროულად ბალეტის პედაგოგია. მთელი თავისი ცხოვრება ბალეტს მიუძღვნა. მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიაში მუშაობს და ბავშვებს ბალეტის ხელოვნებას აზიარებს. ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი. ჩვენი ინტერესი კი მისმა ახალმა საქმიანობამ გამოიწვია - მოულოდნელად მევენახეობა გადაწყვიტა და სოფელ ხაშმში, 1500 კვადრატულ მეტრზე ვენახი გააშენა. რა გახდა მისი გადაწყვეტილების მიზეზი, როგორ უვლის ბალერინა ვენახს და რა გეგმები აქვს სამომავლოდ, ამის შესახებ თაკი თავად მოგვიყვება.



- მესამე წელია რაც კახეთში, საგარეჯოს რაიონში, სოფელ ხაშმში გავაშენე ვენახი და თითქმის ყოველ შაბათ-კვირას მიწევს ჩასვლა და ვენახის ჩემი ხელით მოვლა. ამას დიდი სიამოვნებით ვაკეთებ. ასე ვთქვათ, ჩემი მეორე პროფესია გახდა. მანამდე 5 წელი საფრანგეთში ვცხოვრობდით. ჩემი მეუღლე მორაგბეა და იქ თამაშობდა კონტრაქტით. სწორედ იქ გამიჩნდა სურვილი გამეშენებინა ვენახი, რადგან ვცხოვრობდით ბურგონის რეგიონში და ჩვენი სახლი შუაგულ ვენახში იდგა. ეს ისეთივე მხარეა საფრანგეთის, რაც ჩვენთვის კახეთი.

 

იქ ყოველწლიურად ვუყურებდი მთელი იმ პროცესის მიმდინარეობას, რასაც ვენახის მოვლა, მოსავლის აღება ჰქვია. ეს იმდენად საინტერესოდ მეჩვენებოდა... მართალია, რთველში დიდი ტაშ-ფანდურით მოლხენა იმათ არ იცოდნენ, მაგრამ მათი შემხედვარე, მაინც წარმომედგინა საკუთარი ვენახი და რთველი, რაც მთელი წლის მოვლის, დაღლის და მუშაობის სასიამოვნო კულმინაცია იქნებოდა. ჩამოსვლისთანავე ჩავყარე რქა და სულმოუთქმელად ველოდი, როდის გაიზრდებოდა, რომ ნამდვილ ვენახს დამსგავსებოდა. ამას ბევრი მუშაობა, დრო და მოთმინება სჭირდება. ახლა უკვე 3 წლის შემდეგ გამართული ვენახი მაქვს და სიამაყით გადავხედავ ხოლმე ყოველ დილას, როცა აქეთ ვარ.

 


- როგორ ახერხებთ ორივე საქმეს გაართვათ თავი, მიაქციოთ ყურადღება და მოუაროთ ვენახს, ამავე დროს ისევ აქტიურად იყო ჩართული თქვენს პროფესიულ საქმიანობაში?

 

- ნამდვილად რთულია ქალაქიდან ვენახის მოვლა. ზოგადად მხიბლავს სოფლის ცხოვრება, იმის გარდა, რომ ვენახს სიამოვნებით ვუვლი, ზაფხულობით ჩემი კიტრი, პომიდორი და სხვა ბევრი ბოსტნეული მომყავს. ზაფხულში მეტი დრო მაქვს სოფლად ყოფნისთვის. ასევე, პანდემიის პერიოდში მომიწია დიდი დრო გამეტარებინა ხაშმში, ონლაინ გაკვეთილებს ვუტარებდი ჩემს მოსწავლეებს, შემდეგ ვიკეთებდი ხელთათმანებს და ისევ ჩემს ბაღ-ბოსტანში ვაგრძელებდი მუშაობას. საუკეთესო თეარპიაა, როცა რაღაცას დათესავ და ხედავ, თვალსა და ხელს შუა როგორ იზრდება და იფურჩქნება. ვენახს რომ გადავხედავ ხოლმე, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს მესამე ბიჭი გავზარდე, შვილივით თუ არ მოუარე არაფერი გამოვა. ზოგადად ყველაფერში ასე არაა?! თუ გული არ დაუდე საქმეს და არ გადაყევი, შედეგიც ნაკლები გექნება.

 

- თქვენი წინაპრები თუ მისდევდნენ მევენახეობას?

 

- პაპას ჰქონდა ვენახი ხაშმში, ოღონდ სხვა მხარეს და მიუხედავად იმისა, რომ მეორე სამამულო ომიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობდა თავისი პროფესიით (ინჟინერ-მშენებელი იყო), მაინც ახერხებდა ვენახის მოვლას და თავისი ღვინის ჩამოსხმას. მაშინ ეს ბევრად რთული იქნებოდა. თუმცა, როცა რაღაც გულით გინდა, შეუძლებელი აღარაფერია.


- ქალისთვის რთული არ არის ეს საქმე?


- გეთანხმებით, ქალისთვის ნამდვილად რთულია ეს საქმე, მით უმეტეს, როცა სხვა საქმეებს უთავსებ, მაგრამ მთავარი ხომ მონდომებაა. ჩემი მეუღლე და მამა მიდგანან ფიზიკურად გვერდში, და გამოდის, რომ სულ მარტოც აღარ ვმუშობ. რომ არა ისინი, ძალიან გამიჭირდებოდა, თუმცა მთავარ საქმეს ყოველთვის მე ვაკეთებ და ეს ძალიან მომწონს.

გააგრძელეთ კითხვა