„საქართველოში ჰექტრობით მიწა უნდა დაამუშავო, აქ კი ყველაფერი თავისით იზრდება...“ - წაიკითხეთ ქართველი ჯარისკაცის შთაბეჭდილებები წყნარი ოკეანის კუნძულიდან - Gemrielia.ge

„საქართველოში ჰექტრობით მიწა უნდა დაამუშავო, აქ კი ყველაფერი თავისით იზრდება...“ - წაიკითხეთ ქართველი ჯარისკაცის შთაბეჭდილებები წყნარი ოკეანის კუნძულიდან

ქართველი ჯარისკაცი გიორგი ბაციკაძე მისიის ფარგლებში წყნარი ოკეანის კუნძულზე, ახალ კალედონიაში, იმყოფება. კუნძულზე ცხოვრების ერთი თვის განმავლობაში გიორგიმ ბევრი საინტერესო რამ ნახა, როგორც იქაური კულტურის, ასევე გასტრონომიის თვალსაზრისით. თავის შთაბეჭდილებებს კი „გემრიელიას“ მკითხველს უზიარებს.

 

„ბავშვობიდან მიყვარს ველური ბუნება და ზუსტად ასეთ ტროპიკულ გარემოში აღმოვჩნდი; ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ბავშვობის ოცნება ამიხდა. ირგვლივ ბევრი პატარა კუნძულია, რომლებსაც შეგიძლია კატერით ესტუმრო და, ვფიქრობ, სანამ აქ ვარ, ერთ მათგანს მაინც აუცილებლად მოვინახულებ“.

 

 

- ყველაზე დიდი შთაბეჭდილება რამ მოახდინა თქვენზე?

 

- ბევრმა რამემ, მაგრამ განსაკუთრებულად აქაურების ცხოვრების სტილმა მომხიბლა. საერთოდ არ არიან მატერიალისტები, ელემენტარული პირობები აქვთ შექმნილი და ამით კმაყოფილდებიან, ლაღი ცხოვრებით ცხოვრობენ. სხვათა შორის, მთებში უფრო გახსნილები არიან სტუმრების მიმართ, ვიდრე ქალაქში, სადაც თეთრკანიანს, მით უმეტეს, ფრანგს ან საფრანგეთის სამხედროს, თუ დაინახავენ, უკვე უნდობლობა უჩნდებათ.

 

ადგილობრივი მოსახლეობა ტექნიკასა და ტექნოლოგიებზე არაა დამოკიდებული. მობილური ტელეფონი თითქმის ყველას აქვს, მაგრამ ისეთი სიხშირით არ მოიხმარენ, როგორც, მაგალითად, ჩვენთან. ხალხი ბედნიერად ცხოვრობს, ბავშვებიც ლაღები და მხიარულები ჩანან. არც რაიმეს მხრივ ჩამორჩენილები არიან, სკოლებიც აქვთ და საავადმყოფოებიც, ჩვეულებრივი ცივილიზებული ხალხია.

 

 

- ინფრასტრუქტურა და ცხოვრების სტილი როგორია?

 

- უბრალოდ ცხოვრობენ, სახლში მხოლოდ აუცილებელი ნივთები აქვთ. უმეტესობა პატარა სახლებში ცხოვრობს. გეოგრაფიული მდებარეობის გამო ხშირია ტროპიკული ციკლონები და დიდი სახლების აშენება არცაა მიზანშეწონილი. ამიტომ სოფლებსა და პერიფერიებში - ერთსართულიანი, ქალაქში კი მაქსიმუმ, 3-4-სართულიანი სახლებია. მაღალმთიან რეგიონებში, სადაც ელექტროობის გაყვანა შეუძლებელია, სახლებში მზის პანელები აქვთ დამონტაჟებული.

 

პოლიტიკურ-საზოგადოებრივი მოწყობის თვალსაზრისით, თავიანთი სისტემა აქვთ, ყველა დასახლებას ჰყავს ერთგვარი ხევისთავი, რომელსაც ხალხი ირჩევს და, რომლის სახლშიც წყდება მნიშვნელოვანი საკითხები. მისი გარდაცვალების შემდეგ ახალ მეთაურს ირჩევენ. 

 

 

- სოფლის მეურნეობას თუ მისდევენ, საკვებს როგორ მოიპოვებენ?

 

- მთელი დღის განმავლობაში შრომობენ, ძირითადად შემგროვებლობითა და ნადირობით არიან დაკავებული. ტყეებში ღორებსა და ირმებზე ნადირობენ, შეგროვებით თითქმის ყველანაირ ხილს, ბოსტნეულსა თუ მცენარეს აგროვებენ. საქართველოში საკუთარი ოჯახისთვის მაინც რომ გეყოს, ჰექტრობით მიწა უნდა დაამუშავო და აქ, ველურ ბუნებაში, ყველაფერი ხელის გულზეა, არც განსაკუთრებული დამუშავება სჭირდება რამეს, ყველაფერი თავისით იზრდება: ბანანი, ყავა, შაქრის ლერწამი, უამრავი ტროპიკული ხილი...

 

 

- საკვები პროდუქტებიდან რა არის ყველაზე პოპულარული?

 

- ტარო, მანიოკი, ინიამი - ეს სამი კარტოფილის მსგავსი ბოსტნეულია, ძალიან ხშირად იყენებენ. ასევე უყვართ ბრინჯი, ღორისა და ირმის ხორცი. ერთ-ერთი პირველი კერძი, რომელიც აქ მოგვიმზადეს, იყო ბუნია - ქათმის ხორცი ბოსტნეულთან ერთად ბანანის ფოთლებში გაახვიეს და ორთქლზე მოხარშეს. 

 

 

ხილს რაც შეეხება, მგონი, არ არსებობს ეგზოტიკური ხილი, რომელიც აქ არ იყოს. ძალიან ბევრი რამეა. თანაც ახლა კარგი დრო არ არის ხილ-ბოსტნეულისთვის, საუკეთესო პერიოდი ოქტომბრიდან იწყება.

 

- სუფრის ეტიკეტი როგორია?

 

- ყველაფერს დიდ მაგიდაზე აწყობენ „შვედური მაგიდის“ სტილში. ადგილობროვებთან ერთად არასდროს არ გვიჭამია, ჩვენ გვითმობენ, ჯერ სტუმრები მივირთმევთ, შემდეგ - ბავშვები და სულ ბოლოს - ადგილობრივი ქალები და კაცები.

 

 

- ალკოჰოლურ სასმელებს თუ ამზადებენ ან თუ უყვართ?

 

- აქ ყურძენი არ მოდის, ალკოჰოლს ძირითადად მაღაზიაში ყიდულობენ მნიშვნელოვანი დღესასწაულებისთვის. თავადაც ამზადებენ სასმელებს სხვადასხვა ყვავილისგან, მაგრამ ისინი ალკოჰოლზე მეტია, ჰალუცინაციებს იწვევს და საკმაოდ სახიფათოა.