როგორ შევწვათ ტაფაზე მწვადი ისე, რომ შამფურზე შემწვარივით გემრიელი გამოვიდეს - გამოცდილი რჩევები დიასახლისებისგან
როგორ შევწვათ ტაფაზე მწვადი ისე, რომ შამფურზე შემწვარივით გემრიელი გამოვიდეს - გამოცდილი რჩევები დიასახლისებისგან

 

 

გემრიელი და ყველასათვის საყვარელი მწვადის შეწვა, ყოველთვის შამფურზე როდი არის ხელმისაწვდომი. რა გავაკეთოთ მაშინ, როდესაც მისი მომზადება სახლში, ტაფაზე გვიწევს. გამოცდილი დიასახლისები გვიზიარებენ რჩევებსა და ხერხებს, თუ როგორ მოვამზადოთ უგემრიელესად მწვადი ტაფაზე:

 

 

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ხორცი უნდა იყოს სწორად შერჩეული, ხარისხიანი და სამწვადე ნაჭრები, უმჯობესია ნეკნის. შეწვამდე ცოტა ხნით ადრე მოაყარეთ მარილი და პილპილი. გააჩერეთ მაცივარში (არაა აუცილებელი). შემდეგ ტაფა გაახურეთ კარგად და დაალაგეთ ხორცი ისე, რომ ყველა ნაჭერი იდოს ტაფაზე. ცეცხლი უნდა იყოს მაღალი, როგორც კი დაიბრაწება ქვედა ფენა ( დაახლოებით 2-3 წთ ) ამოაბრუნეთ ყველა ნაჭერი სათითაოდ, არ მოსცილდეთ ტაფას, თავზე არ დააფაროთ და ასე ატრიალეთ ყველა ნაჭერი სანამ ყველა მხარე არ შეიწვება. გემოთი თითქმის შამფურზე შემწვარ მწვადს გავს. ყოველ 2 წთ-ში ატრიალეთ სათითაოდ. იქნება წვნიანი და გემრიელი. ეს ჩემი მეუღლის საფირმო რეცეპტია და ყველა აღფრთოვანებული რჩება ხოლმე, თუ წალამზე ვერ ვწვავთ მწვადს“ - ნინო საყვარელიძე 

 

 

 

 

„ცხელ ტაფას დააყარეთ მარილი, დაალაგეთ ზედ ხორცი. მაღალ ცეცხლზე უნდა შეიწვას, თავსახური არ დააფაროთ და ატრიალეთ მანამ, სანამ არ შეიწვება. ძალიან გემრიელი გამოდის. როდესაც გადმოიღებთ მწვადს ტაფიდან, თუ ბროწეული გაქვთ, დასხით ტაფაზე ცოტა რომ გაცხელდეს წვენი და მოასხით მწვადზე“ - ნინო ზენაიშვილი

 

 

„თუ კარგი ხორცია, მარინადი არ სჭირდება. ხორცი მშრალი უნდა იყოს, დაჭრილი თხელ ნაჭრებად, გაცხელებულ ტაფაზე მოუსვით ერთი ქონიანი ნაჭერი, რომ ტაფამ ცხიმი აიღოს, დაალაგეთ ერთ წყებად, ერთმანეთს ნაჭრები არ უნდა ეხებოდეს, ხორცი შეიკვრება თუ არა, გადმოატრიალეთ, შეწვა არ აცადოთ, რომ შეიბრაწება, ისევ გადმოატრიალეთ და დაასრულეთ. მწვადი იწვება უცებ. წვეთი სითხე და ცხიმი არ გადმოსდის. მსხვილი მარილი ბოლოს დაამატეთ, ასევე ხახვი და ბროწეულის მარცვლები. თუ ხორცი არც ისე შესაფერისია, მაშინ გამოიყენეთ ნებისმიერი მარინადი და  დასარბილებლად რაიმე, მაგალითად მდოგვი კარგად არბილებს და კარგ გემოსაც აძლევს. ასევე მინერალური წყალი, ლიმონი, ძმარი, კეფირი, მაწონი, ზეთი, ან რძე. შეწვის დროს, მნიშვნელოვანია ცეცხლი დაბალი არ იყოს, საშუალოზე მაღალი, ბოლოს შეიძლება დაწევა“ - ნანა ნათელაშვილი

 

 

 

 

„ხორცს რომ დაჭრით, მაწონი მოასხით და აზილეთ. გააჩერეთ 1 საათით, შემდეგ კარგად გაცხელებულ ტაფაზე მოუსვით სალის ნაჭერი, ცხიმი რომ გამოუშვას, დაყარეთ ხორცი და მაღალ ცეცხლზე დაბრაწეთ, თავზე არ დაახუროთ, რომ დაიბრაწება კარგად, შემდეგ დააფარეთ და ცოტა ხნით მოთუშეთ, დაბრაწვის შემდეგ სითხეს არ გამოუშვებს და დარჩება წვნიანი. მოაყარეთ მარილი, პილპილი, ალყად დაჭრილი ხახვი და აურიეთ. მიირთვით უგემრიელესი მწვადი“ - მარიკა ქავთარაძე

მასალის გამოყენების პირობები
27 ივლისი, 2021
ნანახია: 5997