წელს საქართველო 60 000 ტონა თხილის მოსავალს ელოდება... - რა ღირს თხილი ახლა და რა ეღირება სეზონის ბოლოს
ქართული თხილი მიტოვებულ პოზიციებს იბრუნებს. თავდაპირველი რეკორდული მოსავლიანობისა და პლანტაციების გაშენების ბუმის შემდეგ ქართული თხილის მოსავლიანობა დაეცა, რამაც მეთხილეების სკეპტიციზმი გამოიწვია. ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად, გურიაში, პლანტაციების აჭრაც კი დაიწყეს. ახლა პრობლემა მოგვარებულია და ქართული თხილი უწინდელ პოზიციებს უბრუნდება. წლეულს ჩვენი ქვეყანა 60 000 ტონა თხილის მოსავალს ელოდება. 7-8 წლის განმავლობაში დაშვებული შეცდომების ძიებამ ქართული თხილის დაკნინების არაერთი მიზეზი გამოავლინა. მათ შორის პირველი, რა თქმა უნდა, ფაროსანა არ ყოფილა - როცა აღმოსავლეთ საქართველოში თხილის ხარისხიან მოსავალს იღებდნენ, დასავლეთ საქართველოს დამპალი თხილი შერჩა ხელთ. ფაროსანას გარდა, ეს მეურნეობისადმი ფსიქოლოგიურმა დამოკიდებულებამაც განაპირობა. საბედნიეროდ, გონიერებამ გაიმარჯვა და შემოსავლის დაკარგვის შემდეგ ფერმერებმა შეცდომებზე დაიწყეს დაკვირვება. საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი თოდუამ ამ წლებში ასოციაცია შექმნა, რათა ფერმერების მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, ქართული თხილის საერთაშორისო პრესტიჟიც აღედგინა. დაუღალავი შრომით ასოციაციამ ნდობით განაწყო საერთაშორისო ორგანიზაციებიც და სახელმწიფოც. დღეს ამ ასოციაციაში 30 000 ფერმერია გაერთიანებული.
გიორგი თოდუა:
- ქართული მეთხილეობა რომ მართლაც უმძიმეს წლებში თავისით, სახელმწიფოს გარეშე დადგა ფეხზე, ყველა ჩვენგანმა იცის, თუმცა, როცა ამ საქმეში მწვერვალს მივაღწიეთ და ქართულმა თხილმაც სახელი გაითქვა, პრობლემები სწორედ მაშინ დაიწყო. ფაროსანამ დიდი როლი შეასრულა ქართული თხილის პრესტიჟის დაცემაში, მაგრამ ცხადია, მთავარი ეს არ ყოფილა. ქართულ თხილს დაავადებები, მათ შორის - სიდამპლე, იმ მიზეზით გაუჩნდა, რომ, დასავლეთ საქართველოში თხილს მარ უვლიდნენ, კახეთში კი, სადაც მიწის მოვლის კულტურა ძალზე მაღალია, სწორედ მაშინ იღებდნენ თხილის საუკეთესო მოსავალს, როცა გურიაში ან სამეგრელოში ფერმერს დამპალი თხილი რჩებოდა ხელთ.
რა თქმა უნდა, ეს იმიტომაც მოხდა, რომ ამ რეგიონებში მანამდე თხილი მოსავალს, ფაქტობრივად, თავისით, შრომის გარეშე იძლეოდა, არადა, პლანტაციებს სულ სხვაგვარი შრომა დასჭირდა, ყველა აგრონომიული წესის დაცვით - სასუქით დაწყებული, შეწამვლით დამთავრებული, ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული. ამის აუცილებლობას ბევრი ფერმერი ვერ გრძნობდა, თუმცა მერე, როცა რეალობის წინაშე დავდექით, თხილის მოვლა დავიწყეთ, შედეგიც მივიღეთ, ოღონდ ეს გზა ადვილი არ ყოფილა. ამიტომაც კარიდან კარზე სიარულისას თუ შეხვედრებისას მეთხილე ფერმერებისთვის ხშირად გვიწევდა გამეორება, რომ როგორც ადამიანის ჯანმრთელობას სჭირდება დაცვა, ზუსტად ისევე სჭირდება მცენარესაც. მასაც აქვს დაავადებები, აწუხებს მავნებლები, რომლებთან ბრძოლა სწორი აგრონომიული მეთოდებით უნდა წარიმართოს. სხვათა შორის, თხილის მოვლაში წელიწადში სულ 25 დღე რომ დახარჯო, ის საუკეთესო მოსავალს მოგცემს. მოვლილი თხილი 1 ჰექტარზე 3 ტონას იძლევა.
- ეს კარგი შემოსავალია, თუ თხილის ფასს გავითვალისწინებთ.
- შარშან საუკეთესოდ მოვლილი 1 კილოგრამი თხილი 10 ლარი ღირდა, ჩვეულებრივი კი 8-9 ლარამდე მივიდა. ეს მცირე თანხა როდია. ახლა თხილის დღევანდელ ფასზეც ვთქვათ - ჯერჯერობით, როცა თხილის ტენიანობა ჯერ კიდევ 30%-ია, ის 3,5 ლარი ღირს, რაც ნიშნავს, რომ გამომშრალი თხილის ფასი რეალურად უკვე 6 ლარია. თავად განსაზღვრეთ, რა ეღირება თხილი, როდესაც ის სრულყოფილად გამოშრება.