რა არ უნდა ჭამოთ COVID ვაქცინის მიღებამდე და მის შემდეგ? წაიკითხეთ ექსპერტების რჩევები, სანამ ვაქცინის გასაკეთებლად წახვალთ - Gemrielia.ge

რა არ უნდა ჭამოთ COVID ვაქცინის მიღებამდე და მის შემდეგ? წაიკითხეთ ექსპერტების რჩევები, სანამ ვაქცინის გასაკეთებლად წახვალთ

ნებისმიერ ვაქცინას გარკვეული გვერდითი მოვლენები შეიძლება ახლდეს. მაგალითად, მკლავის ტკივილი, სისუსტე, ტემპერატურა, ძილიანობა და სხვ. რა თქმა უნდა, საგანგაშო ეს ყველაფერი არ არის და 1-2 დღეზე მეტად იშვიათად გრძელდება, მაგრამ საინტერესოა, აქვს თუ არა მნიშვნელობა, რას მივირთმევთ ვაქცინის გაკეთებამდე და მის შემდეგ?

 

ხოლო, თუკი კორონავირუსი ახლა გაქვთ და სახლში მკურნალობთ, წაიკითხეთ, რა საკვები უნდა მიირთვათ.

 

ანთების საწინააღმდეგო საკვები

 

 

არ არსებობს კვლევა, რომელიც დაადასტურებდა, რომ ანთების საწინააღმდეგო საკვები და ვიტამინები (მაგალითად, C ვიტამინი) ვაქცინას უფრო ეფექტურს ხდის, მაგრამ, ზოგადად, ასეთი საკვების მიღება იმუნიტეტს მნიშვნელოვნად აძლიერებს. ექიმები აღნიშნავენ, რომ ჯანსაღ კვებას მართლაც შეუძლია გააუმჯობესოს ჩვენი იმუნური რეაქცია, რაც ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესია. ამიტომ გვირჩევენ არა მხოლოდ ვაქცინის გაკეთების წინ და შემდეგ, არამედ ზოგადად მოვერიდოთ სწრაფი კვების ობიექტების პროდუქტებს, რომლებიც სავსეა ტრანსცხიმებით. მათ ნაცვლად უმჯობესია მივირთვათ თევზი, მაგალითად, ორაგული, სკუმბრია, სარდინი, ქაშაყი. ასევე ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა სანელებელი კურკუმა, რომელიც საკვებს ან რძესა და ჩაის შეგიძლიათ დაუმატოთ და მიირთვათ.

 

ვაქცინის გასაკეთებლად მშიერი ნუ წახვალთ

 

 

ვაქცინაზე წასვლის წინ კვებაზე უარს ნუ იტყვით, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ემოციური ხართ და ნემსის გეშინიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა თავბრუსხვევა იგრძნოთ ან გონებაც კი დაკარგოთ. მიირთვით მსუბუქი საკვები, როგორიცაა: იოგურტი, ხილი, კვერცხი, ხილი ან გრანოლა.

 

ვაქცინის შემდეგ შეიძლება გვერდითი მოვლენები გქონდეთ, როგორიცაა მკლავის ტკივილი, მსუბუქი ცხელება, სისუსტე, თუმცა ეს საგანგაშო ნამდვილად არაა და იმას ნიშნავს, რომ თქვენი იმუნური სისტემა მუშაობს.

 

მიიღეთ ბევრი სითხე

 

 

არაერთხელ გვითქვამს, რომ ჰიდრატაცია ნებისმიერ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია. ექიმები გვირჩევენ, ვაქცინის გაკეთებამდე და მის შემდეგაც საკმარისი ოდენობის სითხე მივიღოთ სასმელი წყლის, ნატურალური წვენებისა თუ ბოსტნეულის წვნიანების სახით.

 

ალკოჰოლი?

 

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც გვაფიქრებინებს, თითქოს COVID ვაქცინა სახიფათოა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ალკოჰოლს მოიხმარენ, თუმცა მაინც გვირჩევენ, ალკოჰოლური სასმელების მიღებისგან ვაქცინამდე ერთი დღით ადრე და მის შემდეგ თავი შევიკავოთ, რადგან ალკოჰოლი იმუნურ სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს და დეჰიდრატაციასაც იწვევს.

 

კარგად გამოიძინეთ

 

 

COVID ვაქცინის გაკეთებამდე გასათვალისწინებელი ერთ-ერთი მთავარი რჩევა კარგად გამოძინებაა. ძილი ადამიანს დახარჯული ძალისა და ენერგიის აღდგენაში ეხმარება, მისი დეფიციტი კი იმუნურ სისტემას მნიშვნელოვნად ასუსტებს.

 

იმუნურ სისტემაზე ასევე უარყოფითად მოქმედებს სტრესი. ეცადეთ მაქსიმალურად შეამციროთ იგი, განსაკუთრებით, ვაქცინის გაკეთების წინა ღამით, რათა მშვიდად დაგეძინოთ და სრულყოფილად გამოიძინოთ.

 

დაბოლოს

 

კონკრეტულად რა სახის საკვებს მიიღებთ უშუალოდ ვაქცინის გაკეთების დღეს, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მთავარი რჩევებია:

 

•    კარგად გამოიძინეთ;

•    ბევრი სითხე მიიღეთ;

•    ვაქცინის გასაკეთებლად მშიერი ნუ წახვალთ.

 

ვაქცინაცია ერთადერთი გზაა პანდემიის დასასრულებლად. ვაქცინის გაკეთებით არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვების ჯანმრთელობაზეც ვზრუნავთ.
 

თუკი უკვე გადატანილი გაქვთ კორონავირუსი, წაიკითხეთ: როგორ აღვიდგინოთ ჯანმრთელობა და გავიძლიეროთ იმუნიტეტი კორონავირუსის გადატანის შემდეგ?