შეიცავს რკინას, კაროტინს, კალიუმს... გაიგეთ, რატომ უწოდებენ ატამს უკვდავების სიმბოლოს - Gemrielia.ge

შეიცავს რკინას, კაროტინს, კალიუმს... გაიგეთ, რატომ უწოდებენ ატამს უკვდავების სიმბოლოს

ატამი  არომატული საზაფხულო ხილია. მისი სამშობლო ჩინეთია, სადაც მას უკვდავების სიმბოლოდ მიიჩნევენ. ატამი გაზაფხულზე ულამაზესად ყვავის, ზაფხულში უგემრიელეს ხილს იძლევა. შორეული აღმოსავლეთიდან სპარსეთში გავრცელდა, იქიდან მოაღწია საქართველომდე. ატმის შესახებ მოგვითხრობს გარსევან ჩოლოყაშვილი თავის „ხილთაქებაში“. 

 

ატამი შეიცავს დიდი რაოდენობით კაროტინს, კალიუმსა და ფოსფორს. როგორც ცნობილია, ეს ელემენტები აუმჯობესებს არა მხოლოდ თავის ტვინის მოქმედებას, არამედ დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემასა და ნივთიერებათა ცვლის პროცესზე. თუ ანემია გაქვთ, აუცილებლად მიირთვით ატამი, რადგან იგი დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს. ატმის ყოველდღიური მოხმარება ხელს უწყობს ნერვული დაძაბულობის მოხსნას.

 

ატმის სახეობებს განასხვავებენ ფერის, სტრუქტურისა და გემოს მიხედვით. საქართველოში ძალიან პოპულარულია სახლეჩი ატამი, რომელსაც რბილი სტრუქტურა აქვს და ადვილად ცალკევდება კურმისგან, მაგრამ მისგან იშვიათად ამზადებენ კომპოტებსა და მურაბებს. სამურაბედ უმეტესად ე.წ. სახრავ ატამს იყენებენ, როგორც თეთრს, ასევე ყვითელს. თეთრი ატამი ნაზი არომატით გამოირჩევა და უფრო წვნიანია,  ყვითელი ატამი კი უფრო მკვრივია და საუკეთესოა მურაბებისა და საკონდიტრო ნაწარმისთვის. ატმის ჯიშებს შორის ცნობილია სახლეჩი ატამი, ნარინჯი.

 

 

გამოყენება

 

საქართველოში ატმისგან ტრადიციულად მურაბას, ჯემს, კომპოტსა და ჩირს ამზადებენ. ევროპული კულინარიული კულტურა ატამს უფრო მრავალფეროვნად იყენებს, მისგან უგემრიელესი სალათები, ღვეზელები, ტორტები და ნამცხვრები ცხვება.

 

არომატულია ატიმის ჟელე და სორბე. ცნობილი პროვანსული ნუგბარია თეთრ ღვინოში მომზადებული ატმები, ბურგუნდიაში ატმებს ღუმელში აცხობენ და შარდონეს უმატებენ. ირანში ატამს ცხვრის ხორცთან ერთად წვავენ, იტალიაში ცნობილი ნამცხვარ ამარეტოს გულსართად იყენებენ. ატმისგან ამზადებენ ცივ დესერტებს: სემიფრედოსა და გრანიტას. ამ ხილის გარეშე არ მზადდება თეთრი სანგრია – ესპანური გამაგრილებელი სასმელი თეთრი ღვინითა და ხილით. არაგონში ატმებს მარსალაში ხარშავენ და ღვინის სიროფით მიირთმევენ. ატმისგან ასევე გემრიელი ლიქიორები და არაყი დგება. განსაკუთრებული არომატის გამო ამ მცენარეს პარფიუმერიაშიც აქტიურად გამოიყენებენ.

 

 

ატმის სანგრია პიტნით

 

საჭირო მასალა:

 

750 მლ თეთრი მშრალი ღვინო

250 მლ ატმის წვენი

1 სირჩა ატმის არყიანი ლიქიორი

1 კონა პიტნის ფოთლები

4 ცალი დაჭრილი ატამი

ყინულის ნატეხები

 

მომზადება:

 

ღვინო, ატმის წვენი და ლიქიორი ან არაყი ავურიოთ, დავუმატოთ ატმის ნაჭრები,  პიტნის ფოთლები და მაცივარში 4 საათი გავაჩეროთ,  სანამ მივირთმევთ, დავუმატოთ ყინულის კუბიკებიA.