გაიცანით უძველესი ქართული კერძების რეცეპტები და მათი ისტორია - ახალი პროექტი თბილღვინოსგან „ყველაფერი საქართველოდან“
ქართულ სუფრასთან ღვინის თანხლებით ადამიანები ოდითგანვე იკრიბებოდნენ, ღვინო და ტრადიციული კერძები ქართველი ადამიანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია - ათასწლეულების განმავლობაში დაგროვილ ცოდნას კი დღეს ჩვენს სუფრაზე უკვე სახეცვლილი ფორმით ვხვდებით.
შესაბამისად, საინტერესოა, როგორი გემოვნური თვისებები ჰქონდა ჩვენი წინაპრების მიერ შექმნილ კერძებს და კონკრეტულად, რა ინგრედიენტებით მზადდებოდა ისინი?
კითხვებზე პასუხის გასაცემად კომპანია „თბილღვინომ“ დაიწყო პროექტი „ყველაფერი საქართველოდან“, რომლის ფარგლებში, გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტის, გასტრონომიული კულტურის მკვლევრის, დალილა ცატავას დახმარებით, უძველეს ქართულ რეცეპტებს აღმოაჩენთ.
პროექტის ორგანიზატორები, დალილა ცატავასთან ერთად ეძებენ საქართველოს კუთხეებისთვის დამახასიათებელ უძველეს კერძებს, რომლებიც ტრადიციებს, რიტუალებსა და ამა თუ იმ კუთხის მაცხოვრებელთა ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს.
„თბილღვინოს“ მეღვინეები კი რუდუნებით არჩევენ შესაბამის სასმელს ყველა უძველესი, ტრადიციული კერძისთვის, რათა მათი გემოვნური თვისებები სასმლის არომატთან ჰარმონიულ თანხმობაში იყოს.
პროექტის მიზანია, საზოგადოებამ მივიწყებული, ჩვენ შორის გაბნეული მემკვიდრეობა თავიდან აღმოაჩინოს, ასევე, საზღვრებს გარეთ მცხოვრებმა ღვინის მოყვარულებმა ქართული მეღვინეობისა და კულინარიის შედევრები გაიცნონ.
ცოტა ხნის წინ დალილა ცატავა „თბილღვინოს“ გუნდთან ერთად, სამეგრელოს ესტუმრა, რათა ტრადიციული კერძების მომზადების უძველესი საიდუმლო ამოეხსნა და შემდეგ რეცეპტები და მათი ისტორია ჩვენთვისაც გაეზიარებინა.
ხარჩო, აჯიკა, ღომი, ელარჯი, დრფა - ეს ის ტრადიციული კერძები და სასმელია, რომლითაც სამეგრელო საუკუნეებია თავს იწონებს. დალილა ცატავას მასპინძელი, საოჯახო სასტუმრო „კასა დე ხასია“ და რუსუდან ყალიჩავაა, რომელიც მეგრულ კულინარიაში დეტალურად ერკვევა.
რუსუდანი თავდაპირველად, ხარჩოს მომზადებას იწყებს, რისთვისაც ტრადიციული მეგრული, ძალიან ცხარე აჯიკა გვჭირდება.
აჯიკა აფხაზეთის სამურზაყანოს და სამეგრელოს კულინარიაში ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. სანელებლის ერთმანეთთან შეხამება, პროპორციების დაცვა, უნიკალურ გემოს განაპირობებს.
აჯიკის მომზადების შემდეგ მივუბრუნდეთ ხარჩოს, რისთვისაც გვჭირდება ხბოს ხორცი, რამდენიმე თავი ხახვი და უმაღლესი ხარისხის ნიგოზი.
რასთან ერთად უნდა მივირთვათ უგემრიელესი მეგრული ხარჩო, თუ არა ღომთან, რომელიც შეკრული უნდა იყოს, რადგან წვნიან კერძს სწორედ ასეთი უხდება?!
დალილა ცატავა აღნიშნავს, რომ ღომის მომზადებისას, როდესაც ქათქათა ღერღილი ადუღდება და სარტყელს გაიკეთებს, სწორედ მაშინ იწყება მისი ჩაზელა.
გადავიდეთ ელარჯზე, რომელიც მართლაც სამეგრელოს სავიზიტო ბარათია.
„წესით ის არის ჩაროზი, რომელსაც სადილად მიართმევდნენ და თაფლიან კამეჩის მაწონს მიადევნებდნენ.“, - განგვიმარტა დალილა ცატავამ.
ხარჩოს სიცხარეს ანეიტრალებს ელარჯი და თაფლიანი კამეჩის მაწონი. ყველა მომზადებული კერძის თანმიმდევრობით დაგემოვნების შემდეგ საბოლოოდ იკვრება გემოების ის თაიგული, რომელიც დამახასიათებელია მეგრული სამზარეულოსთვის.
საინტერესოა, რომელი სასმელი შეესაბამება ამ უგემრიელეს მეგრულ კერძებს?
დალილა ცატავას თქმით, ადგილობრივები კერძების დაგემოვნებამდე ერთ ჭიქა ჭაჭას მიირთმევდნენ ხოლმე და შემდეგ გადადიოდნენ მთავარ კერძზე - ხარჩოზე.
„დავაგემოვნოთ „თბილღვინოს“ ჭაჭა, რომელიც რქაწითლისგანაა გამოხდილი, განსაკუთრებული ჯიშური არომატი და სასიამოვნო გემო აქვს, ნელ-ნელა ნიგვზისა და ნუშის ტონები შემოდის. აღსანიშნავია, რომ სამეგრელოში ჭაჭას დრფას უწოდებენ და პოპულარული ტრადიციული სასმელი იყო.
R