როგორ გამოვაცხოთ ბისკვიტი გაზზე ზემოდან - 7 რჩევა ბებოს ძველი წიგნაკიდან
როგორ გამოვაცხოთ ბისკვიტი გაზზე ზემოდან - 7 რჩევა ბებოს ძველი წიგნაკიდან

სანამ თანამედროვე ღუმლები ყველა ოჯახში დაიკავებდა ადგილს, დიასახლისები ბისკვიტებს ქვაბებში, გაზზე ზემოდან აცხობდნენ. თუმცა არამხოლოდ წლების წინ იყო ეს მეთოდი აქტუალური. კულინარიულ ჯგუფებში ხშირად ინტერესდებიან, როგორ გამოაცხონ ბისკვიტი არა ღუმელში, არამედ გაზქურაზე. უფრო მეტიც, ბევრი დიასახლისი აღნიშნავს, რომ სწორედ ამ მეთოდით გამოსდით საუკეთესო ბისკვიტი.

 

რადგან ამ თემის ირგვლივ ინტერესი მაღალია, ბებოს ძველი წიგნაკი გადავშალეთ და რამდენიმე რჩევას მოვუყარეთ თავი, რომლებიც ბისკვიტის გაზზე გამოცხობის დროს ძალიან გამოგადგებათ.

 

ბისკვიტის რეცეპტი

 

1.    სანამ ბისკვიტის გაზზე გამოცხობას დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ სახლში გაქვთ გამანაწილებელი. იგი დაგეხმარებათ, რომ თქვენი ბისკვიტი ერთიანად, სრულყოფილად გამოცხვეს და ძირი არ დაეწვას;

 

2.    ჩვეულებრივ, ბისკვიტის გაზზე გამოსაცხობად ალუმინის ქვაბები გამოიყენება;

 

3.    ქვაბში აუცილებლად ჩააფინეთ ცხიმწასმული საცხობი ქაღალდი. თუ არ გაქვთ, სუფთა თაბახის ქაღალდი მაინც. ქვაბს გვერდებზე ცხიმის წასმა არ სჭირდება;

 

4.    გაითვალისწინეთ, რომ ბისკვიტის ცომი უნდა ჩაასხათ ცივ და არა გაცხელებულ ქვაბში;

 

 

5.    ქვაბის თავსახურს სველი, კარგად გაწურული ტილო შემოახვიეთ და ისე დაახურეთ. თავზე სიმძიმე დაადეთ, რომ სახურავი მჭიდროდ ეკვროდეს ქვაბს;

 

6.    აუცილებლად გამოაცხვეთ დაბალ ცეცხლზე, გაზს არ აუწიოთ;

 

7.    გაზზე 10-კვერცხიან ბისკვიტს დაახლოებით 1 საათი სჭირდება. მზაობის შესამოწმებლად ასეთ ხერხს მიმართავენ - თუკი თავსახურზე შემოხვეული ტილო გაშრა, ე. ი. თავის მოხდა უკვე შეგიძლიათ. ხის ჩხირი ჩაარჭეთ და, თუ მშრალი ამოვიდა, თქვენი ბისკვიტი უკვე მზად არის.
 

თქვენ როგორ აცხობთ ბისკვიტს?

მასალის გამოყენების პირობები
22 სექტემბერი, 2021
ნანახია: 129