პასტის 3 უჩვეულო რეცეპტი „ნიკორასგან“, რომელიც შემოდგომაზე უნდა მოამზადოთ - Gemrielia.ge

პასტის 3 უჩვეულო რეცეპტი „ნიკორასგან“, რომელიც შემოდგომაზე უნდა მოამზადოთ

 
არაფერია სეზონურ პროდუქტებზე უფრო გემრიელი და სასარგებლო. შემოდგომა სწორედ ის პერიოდია, როდესაც მაღაზიების დახლები სავსეა სეზონური ხილითა და ბოსტნეულით. უმეტესობა მათგანი - სასარგებლო უჯრედისს წარმოადგენს, რომელიც მარტივად მონელებადია. სეზონური პროდუქტების სარგებელს დიეტოლოგებიც აღიარებენ და გვირჩევენ, აუცილებლად ჩავრთოთ ისინი დღის კვების რაციონში. სწორედ ამიტომ, „ნიკორა“ გთავაზობთ სამ განსხვავებულ და ძალიან გემრიელ რეცეპტს სეზონური ბოსტნეულის, ხორცპროდუქტების და პასტის კომბინაციით, რომელიც ყველას უყვარს და ერთ-ერთ ყველაზე ხშირად მოსამზადებელ კერძად მიიჩნევა. 

 

თუ მოგბეზრდათ ერთფეროვნება სამზარეულოში, აუცილებლად სცადეთ ეს გემრიელი რეცეპტები. 

 

1. პასტა გოგრით, ბეკონით და ნივრით 

 

 

ინგრედიენტები:

 

სპაგეტი 350 გ.

გოგრა (გასუფთავებული და დაჭრილი კუბიკებად) 350 გ. 

ზეთი 1/3 ჭიქა.

„ნიკორას“ შაშხი ბეკონი (თხლად დაჭრილი) 3-4 ნაჭერი.

 

 

ნიორი (დაჭყლეტილი) 2 კბილი.

ორეგანო 1 ჩ/კ.

„პარმეზანი“ (გახეხილი) ¼ ჭიქა. (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ქარხნის ყველით).

ოხრახუში ½ ჭიქა (დაჭრილი ახალი ფოთლები).

მარილი, პილპილი გემოვნებით.

 

მომზადების წესი:

 

1.    მოხარშეთ სპაგეტი შეფუთვაზე დატანილი ინსტრუქციის მიხედვით. გადაიტანეთ საწურზე. 1/3 ჭიქა ნახარში შეინახეთ. სპაგეტი დააბრუნეთ ქვაბში და დაახურეთ თავსახური, რომ არ გაცივდეს. 

 

2.    სანამ სპაგეტი იხარშება, პარალელურად გაფცქვენით და დაჭერით გოგრა თხელ ნაჭრებად. დიდ ტაფაში გააცხელეთ 1 ს/კ. ზეთი, საშუალო ცეცხლზე და ჩაყარეთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი ბეკონი. შეწვით და გადაიტანეთ ქაღალდის პირსახოცზე. ტაფაში ჩაყარეთ გოგრის ნაჭრები, დაასხით ცოტაოდენი სპაგეტის ნახარში წყალი და მოხარშეთ, სანამ არ დარბილდება. შემდეგ, გადაიტანეთ ჯამში.

 

3.    ტაფიდან გადაღვარეთ წყალი, გააცხელეთ და ჩაასხით დარჩენილი ზეთი. ჩაყარეთ ნიორი და ორეგანო. სწრაფად დააყარეთ მოხარშული სპაგეტი, დაასხით დარჩენილი ნახარში და ამოურიეთ. შეაზავეთ მარილით და პილპილით. როცა სპაგეტი გაცხელდება, გამორთეთ გაზი. დაუმატეთ ოხრახუში, გახეხილი ყველი, ბეკონი, გოგრა და დარჩენილი ზეთი. ფრთხილად ამოურიეთ. როდესაც თეფშებზე ამოიღებთ კერძს, ზემოდან ცოტა გახეხილი ყველი მოაყარეთ. 

 

2. პასტა ყაბაყით და  „სალიამით“

 

 

ინგრედიენტები:

 

სპაგეტი 350 გ.

ყაბაყი 3-4 ცალი

მარინარას სოუსი 1 ჭიქა (შეგიძლიათ იყიდოთ მზა, ან თავად მოამზადოთ).

ზეთი 1 ს/კ.

თხლად დაჭრილი „სერველატი“ 200 გ.

 

 

შავი პილპილი ½ ჩ/კ.

წითელი წიწაკა დაღერღილი გემოვნებით

დაჭრილი ოხრახუში 1 ს/კ.

ყველი გახეხილი - მოსართავად.

 

მომზადების წესი:

 

1.    დიდ ტაფაზე გააცხელეთ 1 ს/კ. ზეთი, დაუმატეთ ძალიან წვრილ ზოლებად დაჭრილი ყაბაყი და ურიეთ 2-3 წთ-ის განმავლობაში. თუ „ყაბაყის ლაფშა“ ბევრ წვენს გამოუშვებს, დააცადეთ კიდევ ერთი წუთი, რომ შეიშროს. 

 

2.    ყაბაყს დაუმატეთ „მარინარას“ სოუსი და ძალიან თხლად დაჭრილი „სერველატის“ ნაჭრები. გააჩერეთ ცეცხლზე, სანამ სოუსი არ შესქელდება. შეაზავეთ პილპილით და დაღერღილი წითელი წიწაკით, თუ გსურთ პიკანტური გემოს მიღება. 

 

3.    მოხარშეთ ლაფშა შეფუთვაზე დატანილი ინსტრუქციის მიხედვით. როდესაც მზად იქნება, ამოიღეთ წყლიდან და გადაიტანეთ სოუსიან ღრმა ტაფაში. ფრთხილად ამოურიეთ. 

 

4.    გამორთეთ ცეცხლი. პასტას მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში და მორთეთ გახეხილი ყველით სურვილისამებრ. 

 

3. პასტა გოგრით, შემწვარი შაშხით და  პიტნით
 

 

ინგრედიენტები:

 

გოგრა 300 გ. (კუბიკებად დაჭრილი).

ნიორი 2 კბილი.

ზეთი ½ ს/კ.

პასტა (ნებისმიერი ფორმის) 200 გ. 

შაშხი „შეიკა“ 4 ნაჭერი
 
ბოსტნეულის ბულიონი 110 მლ (1/2 ჭიქა).

 

 

ყველის ნაჭერი მოსართავად.

პიტნა 2 ღერი.

 

მომზადების წესი:

 

1.    კუბიკებად დაჭრილი გოგრა და ნიორი (მთლიანი კბილები) დადეთ საცხობ სინზე, მოაყარეთ მარილი და  წიწაკა, მოასხით ზეთი და გამოაცხეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 30 წთ, 200 გრადუსზე. 

 

2.    პარალელურად, მოხარშეთ მაკარონი ინსტრუქციის შესაბამისად. „შეიკა“ დაჭერით პატარა ნაჭრებად და შებრაწეთ ტაფაზე, სანამ ხრაკუნა არ გახდება. 

 

3.    გამომცხვარი გოგრა ნიორთან ერთად დააბლენდერეთ. თუ მასა სქელი გამოვა, მაკარონის ნახარში წყლით გაათხელეთ, რომ სოუსის სისქე მიიღოთ. 

 

4.    ღრმა ტაფა გააცხელეთ, ჩაასხით დაბლენდერებული გოგრის სოუსი, დაუწიეთ ცეცხლს და დააცადეთ გაცხელება. შემდეგ, დააყარეთ მაკარონი და კარგად აურიეთ. 

 

5.    როდესაც პასტას თეფშებზე გადაიტანთ, მოაყარეთ შებრაწული შაშხი. მორთეთ „პარმეზანის“ თხელი ნაჭრებით და პიტნის ფოთლებით. 

 

გემრიელად მიირთვით!