როგორ მოვამზადოთ ბოლო დროის ყველაზე პოპულარული სერიალის Squid Game-ის ცნობილი ხრაშუნა ტკბილეული
Squid Game (ქართულად - „კალმარის თამაში“) „ნეტფლიქსის“ სერიალია, რომელმაც გამოსვლისთანავე მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. სერიალს 25 დღის განმავლობაში 111 მლნ-ზე მეტმა მომხმარებელმა ნახა, რითაც რეკორდი დაამყარა და კარგა ხანს პირველობას არავის უთმობდა.
„კალმარის თამაში“ სამხრეთკორეული სერიალია, იგი სავსეა დასამახსოვრებელი მომენტებით, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე საინტერესო მეორე ეპიზოდი აღმოჩნდა, რომელშიც პერსონაჟებს ასეთი დავალება აქვთ: ხრაშუნა ტკბილეული მოხაზული ფორმის მიხედვით იდეალურად უნდა ამოჭრან. ტკბილეულის მოყვარულები დავალების სირთულეზე მეტად იმ ცნობილი ტკბილეულის რეცეპტით დაინტერესდნენ.
ამ ტკბილეულს, რომელიც გემოთი ჩვენებურ მამალოს მოგაგონებთ, სამხრეთ კორეის ქუჩებში მრავლად შეხვდებით. მას Dalgona ჰქვია და ბავშვების საყვარელი სასუსნავია. რაც მთავარია, ძალიან მარტივად და სწრაფად მზადდება. გიზიარებთ რეცეპტს.
დაგჭირდებათ:
2 სკ შაქარი
მწიკვი სოდა
სულ ცოტა ცხიმი (უმჯობესია სპრეის სახით)
მომზადება:
პატარა ქვაბში ჩაყარეთ შაქარი და დაბალ ცეცხლზე დადგით. გამუდმებით ურიეთ, რომ არ დაიწვას. შაქარი რომ გადნება და დუღილს დაიწებს (დაახლოებით, 2 წუთში), დაუმატეთ სულ ცოტა სოდა და სწრაფად მოურიეთ. რამდენიმე წამში გადმოდგით და ცხიმწასმულ საცხობ ქაღალდზე მრგვალ ფორმებად დაასხით. თავზე სპრეი მოასხურეთ და ჩხირით ან დანით სასურველი ფორმა მოხაზეთ.
სულ ეს არის. როგორ მოგწონთ რეცეპტი?