„არანორმალურ მდგომარეობაში ვართ უკვე მეწარმეები. ჩვენთვის ჰაერის მიწოდების შეწყვეტის ტოლფასია...“ - რამდენით გაიზარდა პროდუქტების ფასები ბოლო 2 თვის განმავლობაში
ფეისბუკზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალური ქსელის მომხმარებლის ანა ზივზივაძის პოსტს, რომელშიც იგი ბოლო 2 თვის განმავლობაში გაზრდილი ფასების შესახებ წერდა. ანა ქუთაისში საკონდიტროს ფლობს, როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ეს მონაცემები ორი დღის წინ იყო, ერთ დღეში კი ფასები კიდევ გაიზარდა:
„არანორმალურ მდგომარეობაში ვართ უკვე მეწარმეები. ჩვენთვის ჰაერის მიწოდების შეწყვეტის ტოლფასია. ფქვილმა ამ 5-6 კვირაში მოიმატა ასე, გუშინ კიდევ გაზრდილა. მე გუშინწინდელი ფასები მიწერია. აზრი ხომ უნდა ჰქონდეს მუშაობას? 60 თეთრიანი კვერცხით დამცხვარი ტკბილეული რამდენად გავყიდოთ? ხალხმაც ხომ უნდა შეძლოს ყიდვა?!“ - აღნიშნავს ანა ზივზივაძე.
უცვლელად გთავაზობთ ანას პოსტს, რომელშიც კარგად ჩანს, როგორ გაიზარდა ფასები ბოლო 2 თვის განმავლობაში.
„მინდა შემოგთავაზოთ ამ ორ თვეში შეცვლილი ფასების ქრონიკა(მე რასთანაც მაქვს შეხება ყოველდღიურად)- ფქვილი ერთი ტომარა იყო 61 ლარი, დღეს ღირს 79 ლარი. შაქარი ერთი კილო იყო 2.10 ლარი, დღეს ღირს 2.75 ლარი. კვერცხი იყო 22-23 თეთრი ( საბითუმო ფასი) ახლა ღირს 52-55 თეთრი. მარგარინი ერთი ყუთი იყო 46 ლარი, ახლა ღირს 74.80 ლარი. კარაქი ერთი ყუთი ღირდა 67 ლარი, ახლა ღირს 159 ლარი. ზეთი ერთი ლიტრი ღირდა 2.5 დან 3 ლარამდე. ახლა ღირს 6.5 დან 9 ლარამდე.სოდა ღირდა 0.80 თეთრი, ახლა ღირს 1. 50 ლარი.შედედებული რძე 1 შეკვრა ღირდა 17 ლარი, ახლა ღირს 29.50 ლარი. მეტს აღარ გავაგრძელებ, პურზე რომ 30 თეთრით მოიმატა ფასმა, ისედაც ყველას გეცოდინებათ...“