როგორ გავზარდოთ ავოკადოს ხე სახლში - Gemrielia.ge

როგორ გავზარდოთ ავოკადოს ხე სახლში

ავოკადოს არაჩვეულებრივ, სასარგებლო თვისებებზე ადრე უკვე გიამბეთ . სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ავოკადოს ხე სახლშიც გამოზარდოთ. ამის გაკეთება ძნელი სულაც არ არის: როცა ავოკადოს იყიდით და გემრიელ გუაკამოლეს ან სალათას მოამზადებთ, მისი კურკა არ გადააგდოთ და ჩვენს რჩევებს მიჰყევით.


პირველ რიგში, ავოკადო ისე გაჭერით რომ კურკა არ დააზანოთ. შემდეგ კურკა გარეცხეთ. დაგჭირდებათ სამი-ოთხი ხის ჩხირი, რომელიც კურკებს უნდა შეურჭოთ გულამდე. შემდეგ კი წყლიან ჭიქაზე დადებთ ისე რომ კურკის ძირი (შედარებით ბრტყელი მხარე) წყალში აღმოჩნდეს.

ჭიქა გამჭვირვალე და სუფთა შეარჩიეთ, რათა ადვილად შენიშნოთ, როდის გახდება საჭირო წყლის გამოცვლა. უმჯობესია ეს 5-7 დღეში ერთხელ გააკეთოთ, თუმცა თუ რაიმე ბაქტერია გაჩნდა ან წყალი უსიამოვნოდ შეიმღვრა, უფრო მალეც შეიძლება მისი შეცვლა.



ჭიქა მზიან, თბილ ადგილას დადგით. გაღვივებას დაახლოებით 8 კვირა შეიძლება დასჭირდეს, თუმცა, არ არის გამორიცხული 4 კვირის შემდეგ უკვე დაიწყოს კურკიდან ღივის გამოსვლა. ნებისმიერ შემთხვევაში, მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ. ნელ-ნელა ყავისფერი ქერი გაიხსნება და ავოკადოს სუსტი ღივი თავს ამოყოფს.



როცა მცენარე 12-15 სმ გახდება, შეგიძლიათ დაახლოებით 5-6 სმ გადააჭრათ, ეს ზრდას დააჩქარებს.

ნერგი გადაიტანეთ 20-30 სმ დიამეტრის ქოთანში, ისე რომ კურკის ნაწილი მიწის ზემოთ დარჩეს. მიწა ყოველთვის ნოტიო უნდა იყოს, მაგრამ თუ მცენარის ფოთლებს სიყვითლე შეეპარა, ეს ნიშნავს, რომ წყალი ზედმეტი მოუვიდა.



შემოდგომით და ზამთარში, როცა დაბალი ტემპერატურაა, ნორჩი ავოკადო სახლში შემოიტანეთ, თორემ გაიყინება.

რამდენიმე წელიწადში ავოკადოს ხე ნაყოფს გამოიღებს. ბუნებრივ პირობებშიც კი, ზოგიერთი ხე ამას მალევე აკეთებს, ზოგიერთი ნაყოფს საერთოდ არ ისხამს, ზოგს კი პირველი ნაყოფის მოსაცემად 15 წელიც კი შეიძლება დასჭირდეს. ბუნებრივ პირობებში გაზრდილი და ქოთნის ავოკადო, რა თქმა უნდა, ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ შეგიძლიათ, ერთდროულად რამდენიმე ნერგი გამოზარდოთ.