ტირამისუს „მამა“ - იტალიელი ადო კამპეოლი, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლეგენდარული ტირამუსი, რომელიც ბევრისთვის საყვარელი დესერტია, შეიქმნა 1969 წელს, ადო კამპეოლის მიერ. კამპეოლი იყო Le Beccherie-ს მფლობელი ქალაქ ტრევიზოში, ჩრდილოეთ იტალიაში. სამწუხაროდ, ამ დესერტის გამომგონებელი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ტირამისუს საინტერესო ისტორია უკავშირდება: დესერტის შექმნა შემთხვევით მოხდა რესტორნის შეფ-მზარეულის, თანაგამომგონებლის, რობერტო ლინგუანოტოს მიერ, ვანილის ნაყინის დამზადებისას. მან კვერცხისა და შაქრის ნარევში შემთხვევით მასკარპონე ჩაყარა. მაშინვე შეამჩნია ნარევის სასიამოვნო გემო და უთხრა კამპეოლის მეუღლეს - ალბას. შემდგომ, რობერტომ და კამპეოლიმ ერთობლივად მოახდინეს დესერტის სრულყოფილება, ყავისა და გემრიელი ბისკვიტის შერწმით.
ტირამისუ რესტორნის მენიუს ოფიციალურად 1972 წელს დაემატა და დღემდე დიდი სიყვარულით სარგებლობს.
გიზიარებთ კლასიკური ტირამისუს ერთ-ერთ საუკეთესო რეცეპტს:
ინგრედიენტები:
- შაქრის პუდრა - 100 გრ
- კვერცხი - 4 ცალი
- კაკაო - 4 სკ
- მასკარპონე - 500 გრ
- ლიქიორი ამარეტტო, კონიაკი, ან ყავის ლიქიორი - 40 მლ
- ესპრესო, ან ხსნადი ყავა - 420 მლ
- ნამცხვარი სავოიარდი - 400 გრ
მოადუღეთ ყავა, გააცივეთ, დაუმატეთ ლიქიორი. კვერცხის ცილა და გულები განაცალკევეთ. კვერცხის გულები და შაქრის პუდრა ერთად ათქვიფეთ, დაუმატეთ მასკარპონე. ცალკე ათქვიფეთ ცილა მწიკვ მარილთან ერთად. უნდა მიიღოთ ბეზესავით ფაფუკი მასა. გათქვეფილი ცილა, ჯამის გადმოტრიალებისას, არ უნდა იძვროდეს. შემდეგ, ორივე მასა ფრთხილად შეურიეთ ერთმანეთს და მაცივარში 4 საათით შედგით. ნამცხვარ სავოიარდის თითოეული ნაჭერი წამიერად ჩაუშვით ლიქიორიან ყავაში და ღრმა ფორმაში პირველ ფენად დაალაგეთ. ზემოდან წაუსვით ათქვეფილი კრემი. შემდეგ, ისევ ასეთი თანმიმდევრობით გაიმეორეთ ორჯერ. ბოლო ფენა უნდა იყოს კრემი. დესერტი 5-6 საათით შედგით მაცივარში. სერვირების წინ, ზემოდან მოაყარეთ კაკაო.
ტირამისუს მომზადების სირთულეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ნამცხვრის ნაჭრები კარგად უნდა დაასველოთ სითხეში და ამასთან, ფრთხილად იყოთ, რომ დანამული ნაჭრები არ დაგეშალოთ ჭურჭელში გადატანისას. თუ მასკარპონე არ გაქვთ, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ამავე რაოდენობის საცერზე გატარებული ცხიმიანი ნადუღით.