„ბედნიერი ვარ, როცა ფორმას ვიცვამ. მინდა იდეალური მზარეული გავხდე...“ - გაიცანით 25 წლის 2 შვილის დედა, რომელიც მზარეულის პროფესიას ეუფლება - Gemrielia.ge

„ბედნიერი ვარ, როცა ფორმას ვიცვამ. მინდა იდეალური მზარეული გავხდე...“ - გაიცანით 25 წლის 2 შვილის დედა, რომელიც მზარეულის პროფესიას ეუფლება

 

ანი აბულაშვილი უკვე დიდი ხანია, რაც „გემრიელიას“ ფეისბუქჯგუფის წევრია. ხშირად გვიზიარებს გამოცდილ რეცეპტებს და, რაც მთავარია, კულინარიულ ხრიკებსა თუ მეთოდებს, რომლებიც კულინარიულ კოლეჯში შეისწავლა. ანი იმ გამოწვევებზე გვესაუბრა, რომლებიც ახალგაზრდა დედის პროფესიულ განვითარებას ახლავს თან.

 

დავიბადე კახეთში, კერძოდ, ლაგოდეხში. სკოლის დამთავრების შემდეგ მალევე შევქმენი ოჯახი და, ფაქტობრივად, მას შემდეგ შევიძინე პროფესია. ახლა ვცხოვრობ თბილისში, მყავს მეუღლე და ორი შვილი - გაბრიელი და ლიკუნა.

 

 

 

როდის გაგიჩნდათ კულინარიისადმი ინტერესი?

 

 

ბავშვობაში არასოდეს მიოცნებია იმაზე, რომ გავიზრდებოდი და კულინარიას ვისწავლიდი, თუმცა სამზარეულოში ყოფნა ბავშვობიდან მიწევდა, რადგან დიდი ოჯახი მქონდა. დედა, ბებია, მამიდა - ყველა მასწავლიდა ნებისმიერი კერძის გაკეთებას. გავიდა წლები და 23 წლის ასაკში პროფესიულ კოლეჯში ჩავაბარე, სადაც მზარეულის პროფესიას ვეუფლები. ჩემს სასწავლებელში მისვლის დღიდან იქ გატარებული თითოეული საათის შემდეგ ჩემი ინტერესი მით უფრო იზრდებოდა, საინტერესო გარემოს და ასევე უაღრესად ნიჭიერი ლექტორების დამსახურებით ჩემი მოტივაციაც დღითიდღე მატულობდა.

 

 

 

 

ხასიათით ვარ ძალიან მებრძოლი, მიზანდასახული და არასდროს ვირჩევ იოლ გზას. არც ეს გზაა იოლი, რადგან კარგ მზარეულად დადგომას სჭირდება ბევრი შრომა, დიდი ძალისხმევა, სამზარეულიოში, სიცხეში, ქაოსში მუშაობა, მაგრამ ვამაყობ ჩემი არჩევნით. ბედნიერად ვგრძნობ თავს, როდესაც ფორმას ვიცვამ და ჩემს მომავალზე ვფიქრობ, მინდა იდეალური მზარეული გავხდე... განათლება და დაუღალავი შრომა ჩემი მიზნისკენ მიმავალ გზაზე აუცილებელია.

 

 

რამდენად რთულია, როცა ოჯახის დიასახლისი ფაქტობრივად ახალ ცხოვრებას იწყებს და ასეთ პროფესიას ეუფლება? დროს როგორ ანაწილებდით?

 

 

როდესაც სწავლა დავიწყე ორივე ბავშვი ჯერ ბაღში დამყავდა. ყოველი დღე თენდებოდა გადარბენით - ჯერ ბავშვები ბაღში მიმყავდა, შემდეგ გავრბოდი სასწავლებელში. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ შორს ვცხოვრობდი, თითქმის არ ვაგვიანდებდი ლექციებზე და გაცდენაზე ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი. თითოეული წუთი მქონდა გათვლილი, რომ ყველაფერი მომესწრო: ბავშვების მოვლა, სწავლა და ოჯახის საქმეები. თუმცა ამას მარტო ვერ შევძლებდი, რომ არა ჩემი ოჯახი. ყველაზე მეტად მათი დახმარებით მოვედი აქამდე, მათი გვერდში დგომითა და მხარდაჭერით. ჩემი აზრით, თუ ვინმეს სწავლა და პროფესიიის შეძენა უნდა, მთავარი მონდომებაა, სხვა ყველაფერი უკვე თავისით მოვა. მთავარია იყო მონდომებული და არ შეუშინდე სირთულეეებს. ჩემი მებრძოლი ხასიათი კი არასდროს მაძლეევს დანებების საშუალებას. ხასიათით მამას ვგავარ, ის იყო ასეთი მებრძოლი და ძლიერი...

 

 

 

 

 

რა სირთულეები ახლავს მზარეულის პროფესიის დაუფლებას. თუ ახერხებთ, რომ კოლეჯში ნასწავლი სახლში გაივარჯიშო?

 

 

ჩემი აზრით, ამ პროფესიის მთავარ სირთულეს მაშინ ვიგრძნობ, როდესაც პროფისიონალურ სამზარეულოში მოხვდები და უამრავი შეკვეთა მექნება. კოლეჯში ნასწავლი კერძების სახლში მომზადება მიცდია. ყოფილა შემთხვევა, რომ ბევრი რაღაც კოლეჯში სწავლამდე გამიკეთებია სახლში და მეტ-ნაკლებად კარგად გამომსვლია. ზოგადად, ჩემი მომზადებული ყველაფერი მიყვარს, რადგან მთელ სულსა და გულს ვდებ.

 

 

 

 

პირადი ბლოგის შექმნის სურვილი რატომ გაგიჩნდა და როგორ ართმევ თავს? როგორია ხალხის გამოხმაურება?

 

 

 

პირადი ბლოგის გახსნა მინდოდა თავიდანვე, ბევრი ფიქრის შემდეგ უკვე შევქმენი ბლოგი, ვდებდი ჩემს მომზადებულ გემრიელობებს, ვუზიარებდი ყველას როგორც რეცეპტებს, ასევე ტექნოლოგიას, რაც კი ვიცოდი... მინდოდა კულინარია სხვებისთვის ცოტა სხვა კუთხით დამენახებინა, რადგან კულინარია არაა მხოლოდ ის, რომ დიასახლისმა გემრიელი კერძების მომზადება იცი, სულ სხვა პასუხისმგებლობა და სულ სხვა სამყაროა. 

 

 

ჩემს მომზადებულ კერძებს სხვადასხვა კულინარიულ ჯგუფებშიც თავიდანვე ვდებდი, მათ შორის, გემრიელიას ჯგუფშიც, ცხადია. თითქმის ყოველთვის დადებითი გამოხმაურება ჰქონდა ჩემს პოსტებს, თუმცა უარყოფითი კომენტარებიც მახსოვს. ერთხელ ხინკლის ცომის რეცეპტი დავწერე და უარყოფითი კომენტარები წამოვიდა, ყველამ თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე დაიწყო განსჯა და არავის უფიქრია, რომ მე როგორც დავწერე, ტექნოლოგიურად ისეა სწორი. თუნდაც მხოლოდ ამით განსხავდებიან დიასახლისები დ მზარეულები ერთმანეთისგან, ტექნოლოგიურად სწორად მომზადება მზარეულის უმნიშვნელოვანესი პირობაა.

 

 

 

 

 

 

რას ურჩევდით გოგონებსა და ზრდასრულ ქალებს, რომელთაც კულინარიის შესწავლა სურთ, მაგრამ ვერ ბედავენ ან საშუალება არ აქვთ?

 

 

პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ჩემი სასწავლებელი არის უფასო, არაფერს არ იხდი, მიდიხარ, ბევრს სწავლობ, გაძლევენ საკმაოდ მაღალ პერსპექტივას და გზის გაკვალვაშიც გეხმარებიან. ვისაც კულინარის პროფესიის შესწავლის სულ მცირეოდენი სურვილი აქვს, ვურჩევ აუცილებლად დღესვე განახორციელონ თავიანთი სურვილი, არ გადადონ. პრობლემები, დაბრკოლებები და რთული დღეები მხოლოდ პროფესიაში კი არა, თითოეული ადამიანის პირად ცხოვრებაშია, მაგრამ ამ პრობლემებს ძლიერად და შემართებით უნდა შეხვდე. წარმატებას და წარუმატებლობას შორის ერთი საიდუმლოა - შეუპოვრობა!