კერძები, რომლისთვისაც მოგზაურობა ღირს - Gemrielia.ge

კერძები, რომლისთვისაც მოგზაურობა ღირს

ამ კერძების გასინჯვა, რა თქმა უნდა, აქაც შეგვიძლია, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, ისინი ყველაზე გემრიელი სწორედ რომ თავიანთ სამშობლოში დაგემოვნებისას არის.


მოგზაურობიდან დაბრუნებულს, შეიძლება კარგად არც გვახსოვდეს კოლიზეუმის ისტორია, ლონდონის თაუერის მნიშვნელობა, ვერსალის სასახლის საინტერესო ამბები, მაგრამ თითქმის ყოველთვის გვამახსოვრდება კერძები, რომელიც იქ ყოფნისას გავსინჯეთ.
რასაკვირველია, გასტრონომიული მოგონებები შთამბეჭდავიც შეიძლება იყოს და მწირიც. მაგრამ ყოველთვის დასამახსოვრებელი. უცხო ქვეყანაში ყოფნისას, სწორედ სამზარეულოს წყალობით ვახერხებთ ბოლომდე გავიცნოთ მათი კულტურა, არა მხოლოდ დავინახოთ, არამედ ვიგრძნოთ, დავყნოსოთ, შევეხოთ და დავაგემოვნოთ კიდეც.

მაშ, გადავხედოთ იმ გემრიელი კერძების სიას, რომელთა გამოც, ჭეშმარიტი გურმანების აზრით, ჩემოდნის ჩალაგება და მოგზაურობა ღირს!

1. საქართველო - ხაჭაპური. თითქოს არაფერი განსაკუთრებული, მხოლოდ ცომი და ყველია, ზოგჯერ კვერცხის და კარაქის დამატებით, მაგრამ ეს გენიალურად მარტივი კერძი ყოველთვის ახდენს შთაბეჭდილებას უცხოელ სტუმრებზე.

2. მეორე კერძი, რომელიც საქართველოდან ამ სიაში მოხვდა ხინკალია. არც იყო გასაკვირი.


3. ავსტრია - შნიცელი. ეს ევროპაში პოპულარული კერძია, მაგრამ ყველაზე ხშირად სწორედ ავსტრიაში, ვენაში შეხვდებით. შნიცელი დაბეგვილი ხორცია, რომელსაც კვერცხში და პურის ნაფხვენში ავლებენ, შემდეგ კი წვავენ. ერთ-ერთი არა-ტურისტული ადგილი, სადაც გემრიელ შნიცელს მოგართმევენ გახლავთ Kolonitz-Beisl.


4. ავსტრიაშივე შეგიძლიათ დააგემოვნოთ გემრიელი Tafelspitz -თხლად დაჭრილი მოხარშული საქონლის ხორცი ბოსტნეულის, ვაშლისა და პირშუშხას გარნირით. ეს იმპერატორ ფრანც იოსებ I-ის საყვარელი კერძი ყოფილა.


5. ბელორუსიაში და უკრაინაში დრანიკები უნდა გასინჯოთ. კლასიკურ ვერსიას არაჟანთან ერთად მოგართმევენ, ტკბილს კი ვაშლის სოუსით.


6. არ დაბრუნდეთ ბელგიიდან მიდიების გასინჯვის გარეშე! პოპულარულია Moules-Frites მიდიები კარტოფილი ფრის თანხლებით, რომელსაც თეთრი ღვინის, კარაქისა და მწვანილის სოუსში ამზადებენ. ეს იმდენად პოპულარული კერძია ბელგიაში, რომ ნებისმიერ კაფესა და რესტორანში შემოგთავაზებენ, თუმცა, ადგილობრივების აზრით, ყველაზე უკეთ აქ ამზადებენ : Chez Léon, Aux Armes de Bruxelles, და Museum Brasserie.


7. ჩეხეთი - Svíčková. ეს საქონლის ხორცის კერძია, რომელიც სხვადასხვა მწვანითან და სუნელთან ერთად ნაღებში მზადდება. ხშირად შტოშის სოუსთან ერთად მოაქვთ. ჩეხეთში ძალიან პოპულარულია და როგორც ამბობენ, საუკეთესოდ ამზადებენ Café Imperial-ში.


8. ესტონეთი - Mulgikapsad. ეს კერძი დაკეპილი მჟავე კომბოსტოთი და ადგილობრივი ძეხვეულით მზადდება, კარტოფილთან, მდოგვთან და ძირასთან ერთად.

9.საფრანგეთი ხომ გასტრონომიული დედაქალაქია. აქ იმდენი გემრიელი კერძია გასასინჯი, თავ-გზა აგებნევათ. ის, რაც ყველაზე ცნობილი, ტრადიციული და განუმეორებელია, ჩვენს სიაშიც მოხვდა. დავიწყოთ კრეპებით! მისი სამშობლოა ბრეტანის რეგიონი, თუმცა მთელ საფრანგეთში შეხვდებით. ბრეტონული კრეპები ბლომად კარაქის თანხლებით მოაქვთ, მაგრამ ზოგადად, არჩევანი დიდია: ტკბილი, მარილიანი, ნაირ-ნაირი არომატით და საწებლით. გურმანების აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, სადაც კრეპების დაგემოვნება ღირს Crêperie Bretonne - ია პარიზში, მონპარნასის ახლოს.

10. კვლავ საფრანგეთი და ამჯერად ტრადიციული Pot-au-Feu. ესაა ქოთანში მოხარშული ხორცი ხახვით, პრასით, კომბოსტოთი და სხვა ბოსტნეულით, სანელებლებთან და არომატულ მცენარეებთან ერთად. უგემრიელესია დიჟონის მდოგვით.


11. ისევ საფრანგეთში, მაგრამ ზამთარში, აუციელბლად გასინჯეთ Choucroute Garnie. ეს არის დაკეპილი მჟავე კომბოსტო ხორცეულით, ძეხვეულით. შუკრუტი ალზასური კერძია, გერმანული გავლენით და ყველაზე გემრიელად სტრასბურგში ამზადებენ.


12. ხორცი ბურგუნდიულად ფრანგული კულინარიის სიმბოლოდ იქცა. საოცრად გემრიელი, ღვინოში ჩაშუშული საქონლის ხორცი კარტოფილით, სტაფილოთი და არომატულ მცენარეთა ნაკრებით გულგრილს არავის ტოვებს!


13. ფუა-გრა ნამდვილი ფრანგული დელიკატესია. სპეციალურად გამოზრდილი ბატის მთლიანი ღვიძლი, რომელიც ფრანგების სადრესასწაულო სუფრის ნამდვილი მშვენებაა. როგორც გურმანები მიიჩნევენ, ბორდოს რესტორნებში ყველაზე მადისაღმძვრელ ფუა-გრას შემოგთავაზებენ.


14. საფრანგეთი დესერტებითაც განთქმულია. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ფრანგულ მაკარონებთან ერთად, გახლავთ მილ-ფეი - ხრაშუნა ფენოვანი ცომი კრემ პატისიერის ნაზი არომატით. მილ-ფეის ბევრნაირად ამზადებენ, სხვადასხვა გემრიელი დანამატით.


15. გერმანია - Currywurst. ეს გახლავთ ღორის ცხარე ძეხვისგან მომზადებული კერძი, რომელიც 1949 წელს გერმანელმა დიასახლისმა ჰერტა ჰიუვერმა მოამზადა მუშებისთვის და მალე პოპულარულიც გახდა.


16. საბერძნეთში იმოგზაუროთ და მუსაკა არ გასინჯოთ? ეს ბერძნების საყვარელი კერძია, ბადრიჯნით, პამიდვრით და ყველით.


17. უნგრეთი ცნობილია თავისი გულიაშით. ეს ხორცის წვნიანი გახლავთ კარტოფილით და ბევრი პაპრიკით.


18. იტალია პიცისა და სპაგეტის გასინჯვის გარეშე არასოდეს დატოვოთ. პიცა მარგარიტა ყველა სხვა პიცის „წინაპარია“ და იტალიელების საყვარელი კერძი


19. პოლონეთი ღვეზელებით განთქმულია. ამზადებენ მრავალნაირს, ზოგს აცხობენ, ზოგს ტაფაზე წვავენ.


20. პორტუგალიაში Pastel de Nata გასინჯეთ. როგორც ამბობენ, ეს გემრიელი დესერტი მე-18 საუკუნეში ბერებმა გამოიგონეს.


21. გასტრონომიულ რუსეთს იცნობენ პელმენებით, შჩით, წიწიბურას ფაფით და ხიზილალით. რუსული საფუვრიანი ბლინებიც არუნდა დაგავიწყდეთ.


22. ესპანეთში მოგზაურობისას პაელია და გასპაჩო უნდა გასინჯოთ. პაელია ბრინჯისა და ზღვის პროდუქტისგან მომზადებული უგემრიელესი კერძია,გასპაჩო კი პამიდვრის ცივი წვნიანი.


23. შვედური ხორცის ბურთულები Köttbullar აქაურების საყვარელი საჭმელია და ტურისტებიც სიამოვნებით მიირთმევენ.


24. შვეიცარია ულამაზესი ბუნებისა და ძვირფასი საათების გარდა გემრიელიკერძებითაც დაგამახსოვრდებათ. აუცილებლად გასინჯეთ როშტი და ფონდიუ! როშტი იქაური ფერმერების საყვარელი საუზმეა, მარტივი და გემრიელი. ფონდიუ კი თხილამურებით სრიალის შემდეგ განსაკუთრებით გემრიელი მოგეჩვენებათ.


25. უკრაინაში აუცილებლად გასინჯეთ იქაური ბორში.მერე რა,რომ ეს კერძი ჩვენთვის სიახლე არ არის, სამშობლოში სხვანაირად გემრიელია!


26. დიდ ბრიტანეთში Fish and Chips - კარტოფილი და შემწვარი თევზი უყვართ. მაგრამ აუცილებლად გასასინჯ კერძებში შედის ტრადიციული საკვირაო სადილიც Sunday Roast.