„გვითხრეს, - ვერაფერს მოიყვანთო, მაგრამ... იმდენი მოსავალი გვქონდა, ყოველ მეორე დღეს ბოსტნიდან კალათებით გამოვდიოდი“ - ქალაქიდან სოფელში გადასახლებული მუსიკოსის ოჯახი
სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს ქალაქს და საცხოვრებლად სოფლად მიდის, იქმნის სრულიად ახალ გარემოს და მიწაზე შრომით ცდილობს, თვითონ მოიპოვოს სარჩო. დღეს ერთი ასეთი ოჯახის ამბავს მოგიყვებით. ეკატერინე კობახიძე მუსიკოსია, მუსიკის პედაგოგად მშობლიურ ქუთაისში ოთხ სხვადასხვა სამსახურში საქმიანობდა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა, რადგან იმ ენერგიის საფასურს ვერ იღებდა, რასაც ყოველდღიურად ხარჯავდა, ამიტომ ოჯახთან ერთად დაიწყო ფიქრი, საცხოვრებლად სოფლად გადასულიყვნენ.
ეკატერინე კობახიძე:
- გადავწყვიტე, თავად მეზრუნა საკუთარი სურვილების, ოცნების ახდენაზე და ჩემი ხელით მეკეთებინა, რაც მინდოდა. ბანკის სესხით ბაღდათის რაიონის სოფელ ზემო დიმში მიწა ვიყიდეთ და აქ გადმოვედით. ბუნება ძალიან კარგია, საირმის მთებში ვართ ჩაფლული, ირგვლივ საოცარი ტყე, ხედები და გარემოა. მას შემდეგ, რაც აქაურობას საბოოლოდ მივცემთ ისეთ სახეს, როგორიც გვინდა, მაქვს იდეა, გავაკეთო ბავშვთა ბანაკი, თან პროფესიით პედაგოგი, ხელოვანი ვარ და ვფიქრობ, მათთვის რაღაც კარგის შექმნა შემიძლია. ბავშვებს ჩემი ჯანსაღი პროდუქტითაც გავუმასპინძლდები. შევძლებ, მიწასთან შრომა ვასწავლო და ავუხსნა, რაოდენ კარგია ეს ყველაფერი. საერთოდ, ბანაკი ჩემს ბავშვობასთან კარგად ასოცირდება, სასიამოვნო მოგონებები მაქვს. მოკლედ, მინდა, ბავშვებისთვის რაღაც განსაკუთრებული შევქმნა. ჩვენთან ისინი გარდა იმისა, რომ დაისვენებენ, ხომ ვამბობ, სამეურნეო საქმიანობის ელემენტებსაც დაეუფლებიან, რადგანაც ქალაქში გაზრდილ ახალგაზრდებს ხშირ შემთხვევაში, იმის საშუალება არ აქვთ, რომ მიწასთან იშრომონ. მოკლედ, მინდა, რომ ასეთი რამ, შევძლო.
- შორს მიმავალი გეგმები გქონიათ...
- კი, მაგრამ ჯერ ვცდილობ, ჩემს შვილებს ჰქონდეთ ჯანსაღი პროდუქტი და მხოლოდ ამის მერე შევუდგები სხვა იდეების განხორციელებას. ზემო დიმი დიდი სოფელია, სადაც 5000 კვმ მიწის ფართობი გვაქვს. 10 წლის მიტოვებული სახლი იყო, ძალიან ცუდ მდგომარეობაში. მე და ჩემმა მეუღლემ საკუთარი ხელით გავარემონტეთ... ახლა ორსართულიანი სახლის ყველა ოთახი გარემონტებულია.
- ქალაქში აღარ მუშაობთ?
- მეუღლე ქუთაისში, ბანკში მუშაობს, ყოველდღე დადის სამსახურში. იქამდე ნახევარი საათის სავალია. მე მხოლოდ ინტერნეტით მიწევს მცირე სამუშაოების შესრულება. დანარჩენ დროს სახლსა და ეზოში სამეურნეო საქმიანობას ვუთმობ. უფროსი შვილი მე-13 წელიწადშია და ძალიან მეხმარება. მთელი დღე სჭირდება ეზო-კარის მოვლას, მიწასთან სამუშაოც ბევრია. ზაფხულში ბევრი ბოსტნეული მოვიწიეთ, მთელ ოჯახს გვეყო და საზამთროდაც საკმარისად დავაკონსერვე.
- რა მოიყვანეთ ბოსტანში?
- თავიდან გვითხრეს, - ვერაფერს მოიყვანთ, მიწა მწირიაო, მაგრამ ჩვენ მიწის სიმწირე ვერ ვიგრძენით. ყველაფერი მოვიდა: ლობიო, სიმინდი, კარტოფილი, პომიდორი, ჭარხალი, სტაფილო, ბულგარული წიწაკა, მწვანილი. იმდენი მოსავალი გვქონდა, ყოველ მეორე დღეს ბოსტნიდან კალათებით გამოვდიოდი. ახლახან დასრულდა პომიდვრის მოსავალი. ჩვენი პატარა გოგონა დილაობით ბოსტანში იპარებოდა, იქვე კრეფდა პომიდორს, კიტრს და ჭამდა, მაგრამ არ მეშინოდა, რადგან უწამლავი პროდუქტი გვქონდა. მხოლოდ ვთოხნიდით, ბალახს ვაშორებდით და ხშირად ვრწყავდით... გააგრძელეთ კითხვა