როგორ მზადდება ე. წ. ქელეხის ფლავი? - რამდენიმე საიდუმლო რეცეპტი ჩვენი მკითხველისგან - Gemrielia.ge

როგორ მზადდება ე. წ. ქელეხის ფლავი? - რამდენიმე საიდუმლო რეცეპტი ჩვენი მკითხველისგან

ქელეხის სუფრა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვანაირია, თუმცა მაინც არის რამდენიმე დეტალი, რომლებიც ყველასთვის საერთოა და ერთ-ერთია ფლავი.

მარხვის პერიოდში მხოლოდ ტკბილი ფლავი მზადდება, რომელსაც მხოლოდ ქიშმიშითა და ფორთოხლის კანით აგემრიელებენ. ბევრისთვის ქელეხის ფლავი ბავშვობასთან ასოცირდება და, უფრო მეტიც, ბევრი იმასაც კი ამბობს, რომ ქელეხებში სიარული სწორედ ფლავის გამო უყვარს.

რა არის ქელეხის ფლავის გემოს საიდუმლო? ამბობენ, რომ საიდუმლო დიდ პორციაშია: ფლავი დიდ ქვაბში მზადდება და ამიტომ არის ასეთი გემრიელიო. იმასაც ამბობენ, პატარა ქვაბში ისეთ გემოს ვერ მიიღებთო, მაგრამ, არა, მიიღებთ! გიზიარებთ რამდენიმე რეცეპტს, რომლებიც ჩვენმა მკითხველებმა ჩაგვაწერინეს.

მარეხი ხუციშვილი

500 გრ ბრინჯი ბასმათი. ერთ ჭიქაზე ორი ჭიქა წყალი. ნახევარი ჩ/ჭ ზეთი მოხარშე და ცოტა წყალს რომ დაიშრობს, დააყარე ქიშმიში გარეცხილი და გატარებული ფორთოხალი, კარაქი ასი გრამი, შაქარი გემოვნებით, ვანილი და დააცადე, სანამ წყალს მთლიანად შეიშრობს. ბოლოს ამოურიე და ეგაა.

ლუიზა სებისკვერაძე

მოხარშე ორთქლში გატარებული ბრინჯი („პარნოი“), გადავლე ცივი წყალი. ცალკე ტაფაზე დაასხი 1 ფორთოხლის წვენი, ცედრა, ქიშმიში, ცოტა ზეთი და წამოადუღე. ეს იმდენი უნდა იყოს, რომ ბევრი წვენი არ უნდა შეუდგეს ბრინჯს. გადმოდგი ცეცხლიდან, დაუმატე ვანილი და მოასხი ბრინჯს ზღაპარია!

როზა ტყემალაძე

ქელეხის ფლა ვი (ძველებურად): 0,5 ლ.ქილით ბრინჯი. ზუსტად ორჯერ მეტი წყალი აადუღეთ. უყავით გემოვნებით შაქარი (გაუსიჯე გემო). 1ჩ/კ მარილი, 100 გრამი კარაქი, 100 გრამი ზეთი. ადუღებულში ბრინჯი ჩაყარე. დატოვე ნელ ცეცხლზე თავდახურული. ბრინჯი რომ ჩარბილდება, კარაქში მოშუშული ქიშმიში დაუმატე შეგიძლია ვანილი და ფორთოხლის ცედრაც დაუმატო.

იზა გორდულაძე

უწინ ბრინჯი იხარშებოდა, ცივი წყალი ევლებოდა, დიდ გოდრებში იწურებოდა, ცალკე: ზეთი, შაქარი, წყალი... ვისაც საშუალება ჰქონდა, კარაქიც, ერთად დუღდებოდა, იყრებოდა ქვაბში წინასწარ მოწალული ბრინჯი, ქიშმიში, ფორთოხლის კანი და შუშდებოდა დაბალ ცეცხლზე. ბოლოს მოურევდენ შეფუთავდნენ და ფლავიც მზად იყო.

მედეა კირთაძე

მოხარშეთ ბრინჯი, რომ არ ჩაიშალოს, ისე. გაწურეთ. სქელძირიან ქვაბში ჩაასხით ცოტა ზეთი და კარაქი 50 გრ. დააყარეთ ბრინჯი, შემდეგ - ქიშმიში, შაქარი, მწიკვი მარილი. თუ გინდათ, ფორთოხლის ცედრაც. ფენა-ფენა ჩაყარეთ. ბრინჯი გაანაწილეთ დამატებით ინგრედიენტებთან ერთად. 2 ჭიქა გეყოფათ ბრინჯი. დაახურეთ მჭიდროდ ქვაბს, დაამატეთ ზეთიც და კარაქიც ფენებში. დადგით ნელ ცეცხლზე ნახევარი საათით და გემრიელად მიირთვით!

ნელი მაღლაკელიძე

100 გრ გარეცხილი ქიშმიში ჩაყარე ქვაბში და ყავის ჭიქით ზეთი დაასხი. შუშე. რომ დაიბერება ქიშმიშები, დაასხი 6 ჭიქა წყალი, ორი ჭიქა შაქარი. როცა ადუღდება, ჩაყარე 2 ჭიქა კარგი ხარისხის ბრინჯი. დაუმატე ერთი პატარა ფორთოხალი დაჭრილი კანგაცლილი, მერე ნახევარი ფორთოხლის კანი გახეხე და დაუმატე, იხარშოს დაბალ ცეცხლზე. რომ ჩაიშრობს წყალს, ბოლოს დაუმატე ნახევარი ჩაის კოვზი მარილი და ერთი შეკვრა ვანილი. მზადაა!

ციცინო ნადირაძე

ორი ჭიქა გარეცხილი ბრინჯი ჩაყარე ქვაბში, დაუმატე 4 ან 5 ჭ წყალი (ბრინჯს გააჩნია). დაუმატე 1 ჭ ქიშმიში, 1ჭ შაქარი (ან გემოვნებით), ნახევარი ჭიქა ზეთი და დადგი ცეცხლზე ადუღებამდე, მოურიე. რომ ადუღდება, დაუწიე ცეცხლს დაბალზე, ადუღე. ნასვრეტები რომ გაუჩნდება, გამორთე, ვანილი დაუმატე, ცოტა ხანს აცადე, გაბუჟბუჟდეს და მიირთვი გემრიელად (ცუკატები და ფორთოხალი შენს გემოვნებაზეა).

მაია კუპრეიშვილი

დაგიწერთ 1ჭ ბრინჯის პროპორციებს, რაოდენობა თქვენ განსაზღვრეთ. ზუსტად ქელეხის მზარეულისგან ვიცი, თუ მენდობით. 1ჭ ბრინჯს 2 ჭ და 1/4 წყალი. ჩაასხით ქვაბში წყალი, მწიკვი მარილი, 75 გრ მარგარინი. რომ წამოდუღდება, დაუმატეთ დაჭრილი ფორთოხალი (კანიანი), გარეცხილი ქიშმიში, გარგრის ჩირი, ცუკატი, რომელიც გინდათ და რამდენიც ეს - უკვე თქვენი გემოვნებით. ადუღეთ 5 წთ, შემდეგ ყრით გარეცხილ ბრინჯს და ვურევთ, სანამ მასა არ შესქელდება. შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და შუშეთ, სანამ წყალი არ დაუშრება. აი, უკვე ძალიან რომ შესქელდება, იქამდე. დროდადრო ამოურიეთ. დაამატეთ 4 სკ შაქარი (თუ ტკბილი გიყვართ, სავსე კოვზი), ვანილი და გამორთეთ. რომ გაცივდება, უფრო ფანტია გახდება. თუ ცხიმიანი გიყვართ, შეგიძლიათ დამატებაც. გემრიელად მიირთვით!

თქვენ რომელი რეცეპტი მოგეწონათ ყველაზე მეტად?