„ფინალი ძალიან აზარტული იქნება, აუცილებლად უნდა ნახოთ!“ – 28 ნოემბერს „მასტერშეფის“ VI სეზონის გადამწყვეტი ბრძოლა შედგება
მსოფლიოს ყველაზე პოპულარული კულინარიული შოუს ქართული ანალოგის „მასტერშეფის“ VI სეზონის გრანდიოზულ ფინალამდე მხოლოდ რამდენიმე დღე რჩება. ფინალში ერთმანეთს რუსო დაუშვილი, მარიკა კოპალიანი და დიმიტრი რჩეულიშვილი შეხვდებიან. სამივე მათგანმა მაყურებელს განსაკუთრებულად დაამახსოვრა თავი და, როგორც ამბობენ, წინ დაუვიწყარი შოუ გველოდება.
დიმიტრი რჩეულიშვილი „მასტერშეფის“ ჟიურიმ კასტინგზევე გამოარჩია და მას ოქროს წინსაფარი გადასცა. როგორც იგი „გემრიელიასთან“ საუბარში აღნიშნავს, გზა, რომელიც ფინალამდე გაიარა, რთული, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა:
„რაც უფრო უახლოვდები ფინალს, მით უფრო ხვდები, რომ საქმე სერიოზულად არის და უბრალოდ თამაშში არ ხარ. თავიდან, როდესაც შესარჩევ ტურში მოვდიოდი, არც კი მეგონა, თუ თორმეტეულში მოვხვდებოდი, რადგან ზედმეტად თვითკრიტიკული ვარ. მაგრამ, ოქროს წინსაფარი რომ ავიღე, მივხვდი, რაღაც კარგს ვაკეთებდი. პროექტმა 11 უკარგესი ადამიანი გამაცნო და, ამას გარდა, მომცა ძალიან დიდი საშუალება თვითგანვითარების, პროფესიული კუთხით, მასწავლა დროის მენეჯმენტი. სულ სწავლა, თვითგანვითარება და ვარჯიში – ასეთი იყო მთელი ეს პერიოდი. მაყურებელს ძალიან მაგარი შოუ ელოდება, პირადად ჩემგან კი – სხვადასხვა, უცნაური გემოების ერთმანეთთან შეთამაშება. მერწმუნეთ, ფინალი ძალიან აზარტული იქნება და აუცილებლად უნდა ნახოთ,“ - აღნიშნავს დიმიტრი.
მარიკა კოპალიანი იმ კონკურსანტებს შორის არის, რომლებმაც პირველი ტურიდან ფინალამდე დიდი პროგრესი განიცადეს და ჟიურის წევრებიც კი გააოცეს. როგორც თავად ამბობს, „მასტერშეფში“ მონაწილეობის მიღება მის ცხოვრებაში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო:
„პირველად როდესაც მივედი ქასთინგზე, ფიქრადაც არ მქონდა, რომ თორმეტეულში მოვხვდებოდი. ძალიან ვნერვიულობდი საფეხურიდან საფეხურზე გადასვლისას, მაგრამ შეფების შეფასებებიდან გამომდინარე, ვხვდებოდი რომ კმაყოფილები იყვნენ. არც იმას ველოდი, რომ ფინალისტებს შორის დამასახელებდნენ. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი, ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო იყო. „მასტერშეფში“ გატარებული პერიოდის განმავლობაში გავიზარდე, ვისწავლე უამრავი რამ, ყველაფერთან ერთად, შევიძინე ძალიან კარგი მეგობრები. ვთვლი, რომ ყველა ჩვენგანს განუვითარდა სტრესულ გარემოში მუშაობის, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების, დეტალებზე დაკვირვების უნარი და ა.შ. მაყურებელს საინტერესო ფინალი ელოდება. გპირდებით, რომ ჩემი სეტი არ იქნება მონოტონური და მოსაწყენი, არამედ გაჯერებული იქნება ძალიან ბევრი შოუს ელემენტებით,“ - ამბობს მარიკა.
რუსო დაუშვილი ერთ-ერთია იმ მონაწილეთაგან, რომლებსაც კულინარიის მიმართულებით პროფესიული განათლება არ მიუღია, თუმცა ამას ხელი არ შეუძლია მისთვის, რომ ჟიურისა და მაყურებლის სიყვარული დაემსახურებინა. ამიტომ რუსო „გემრიელიასთან“ აღნიშნავს, რომ ეს პროექტი მისთვის დიდი გამოწვევა იყო:
„არასდროს მიფიქრია მონაწილეობის მიღებაზე, მაგრამ ჩემი მეგობრების დაჟინებული თხოვნით გავედი. წინსაფრის აღების მოლოდინიც კი არ მქონდა, შემდეგ ამ ყველაფერს მივუდექი პროფესიონალური კუთხით, ყოველი დავალების შესრულებისას ვცდილობდი მაქსიმალური სიამოვნება მიმეღო, მზად ვიყავი ყველაფრისთვის, თუნდაც იმისთვის, რომ რამე არ გამომივიდოდა. იმდენი რამე ვისწავლე შეფების შენიშვნებისა და მითითებებისგან, რომ ვარაუდის დონეზეც არ მქონდა ფინალში მოხვედრა. მაყურებელს ძალიან საინტერესო სეტი ელოდება ჩემგან. ვიცი, რომ ბეწვის ხიდზე გავლას ჰგავს და ვნახოთ, როგორ ჩაივლის ჩემი მცდელობა. გპირდებით, რომ ძალიან საინტერესო ფინალი იქნება,“ - აღნიშნავს რუსო.
შეგახსენებთ, „მასტერშეფის“ მეექვსე სეზონის გრანდიოზული ფინალი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კვირას, 22:00 საათზე დაიწყება.
თქვენ ვის გულშემატკივრობთ?
ავტორი: მონიკა ბიგვავა